აქვს თუ არა 12,5%-იანი წილი „მაესტროში“, რატომ ეძახდა ლევან გაჩეჩილაძეს „გამყიდველსა“ და მოღალატეს და რა კავშირი აქვს პატარკაციშვილების ოჯახთან სააკაშვილის ხელისუფლების ექსმინისტრს
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დღეს ,,მაესტროს'' დაუსრულებელი კონფლიქტის გარშემო არავინ ახსენებს. ერთი შეხედვით, მას ,,მაესტროსთან'' კავშირი არც აქვს: არც ოფიციალური მეწილეა, არც დამფინანსებელი და არც ამ დავაში ჩარეულა, სხვათა შორის, არც ერთ ეტაპზე. თუმცა არხისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების კონტროლი რეესტრში დარეგისტრირების გარეშეც რომ შეიძლება, ამას ირაკლი რუხაძის მაგალითზეც ვხედავთ. ,,მაესტროზე'' ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორი ყურით მოთრეული არაა და ამაზე ,,მაესტროდან'' ჩაჩოჩებული ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ 2011 წელს საუბრობდა. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ სხვათა შორის, ,,მაესტროს'' გამო ლამის სისხლისმღვრელმა ბრძოლამ ისიც აჩვენა, რომ კიწმარიშვილის მკვლელობის ვერსიებიდან, გამოძიებამ დროზე ადრე გამორიცხა მეწილეებისა და კიწმარიშვილის გართულებული, მათ შორის, ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისული ურთიერთობებიც. სრულიად შესაძლებელია, კიწმარიშვილი ამ ,,მილიონებიანი თამაშიდან'' სწორედ ამიტომაც ჩახსნეს.
აი, რას ამბობდა ეროსი კიწმარიშვილი 2011 წელს ირაკლი ოქრუაშვილის როლზე ,,მაესტროში'': „კოტე გოგელიას წილი ცალკე არ არსებობს. მის წილში 12,5% ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. ძალიან განვიცდი, რომ კოტე გოგელია მაკა ასათიანის გამოყენებას ცდილობს, რადგან ასათიანი ამ საქმესთან არაფერ შუაშია. მაკა ასათიანი იყო ფასადი იმ პროცესისა, რომლის უკანაც, წილობრივად, იდგა კოტე გოგელია და მეორე მხრივ, ასევე, იდგა ირაკლი ოქრუაშვილი. ირაკლისაც ლეგალური და დასაბუთებული პრეტენზიები ექნება გოგელიასთან მიმართებაში და ამ თემას დიდი გაგრძელება მოჰყვება''. მოჰყვა კიდეც და ეს ,,დიდი გაგრძელება'' დღემდე არ დასრულებულა, მაგრამ რატომ ირაკლი ოქრუაშვილის გარეშე? იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ ოქრუაშვილმა ,,ქართული პარტიის'' პირობებში, ,,ზილების რევოლუციის'', საქართველოში დაანონსებული ჩამოსვლის თუ აღლუმების ჩაბარების დროს, ,,მაესტრო'' დააფინანსა ან არხის არაოფიციალური მეწილე გახდა. ფაქტია, გაჩეჩილაძეებთან კონფლიქტის და პარტიის დაშლის დროს, არხმა სწორედ გოგელია-ოქრუაშვილის მხარე დაიჭირა, როცა ექსმინისტრს ექსკლუზიურ ინტერვიუზე საფრანგეთში ჩააკითხა, ,,უცნობისა'' და უფროსი გაჩეჩილაძის პოზიციის გასაგებად კი საგურამოში ჩასვლაც არ ისურვა. იქნებ, სწორედ ოქრუაშვილია ახლო ნათესავებს შორის არსებული გაუგებრობის, ვერშერიგების მიზეზი, გაჩეჩილაძეებთან დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტის გამო, იქნებ მთელი ამ აჟიოტაჟის უკან, რაღაც ფორმით, ექსმინისტრიც დგას? კიწმარიშვილის ფრაზის გაშიფვრა არხთან დაკავშირებულ რამდენიმე ადამიანთან ვცადეთ. რას ნიშნავს განცხადება, რომ გოგელიას 25%-იანი წილის ზუსტად ნახევარს ოქრუაშვილი ფლობს, ამის შესახებ ,,ვერსიამ'' არხის ექსდირექტორს ბაია გადაბაძეს ჰკითხა: ,,ამაზე ეჭვიც კი არავის გამოუთქვამს აქამდე. გულწრფელად გეუბნებით, 3 წელია აქ ვარ და ოქრუაშვილის ხსენებაც არ ყოფილა. კიწმარიშვილმა ეს ფრაზა ალბათ იმ პერიოდში თქვა, როცა არსებობდა ,,ქართული პარტია'' და მას კოტე გოგელია აფინანსებდა. ვერც კი წარმომიდგენია, რას გულისხმობდა კიწმარიშვილი. ეს თემა მამუკა ღლონტს უფრო ემახსოვრება. არა მგონია, ოქრუაშვილი იდგეს ამ ამბების უკან. შეიძლება, რომელიმე მხარეს გულშემატკივრობს, მაგრამ ესეც არ ვიცი, არცერთი მხარის სასარგებლოდ, თუნდაც არასაჯაროდ, იგი არ გამოჩენილა. ალბათ, მაშინ ეროსის ამის თქმა დასჭირდა და იმიტომაც თქვა. როგორც ვიცი, დღეს გოგელია და ოქრუაშვილი საერთოდ არ კონტაქტობენ ერთმანეთთან. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიაზე არასდროს მიფიქრია''. ჩვენ, რა თქმა უნდა, მამუკა ღლონტსაც დავუკავშირდით, რომელიც ამ ვერსიამ აღაშფოთა. მისი თქმით, სწორედ ოქრუაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც 2011-ში, ეროსი კიწმარიშვილის ,,მაესტროს'' ღობეზე გადაძრომასა და არხის საგანგებო რეჟიმში ამუშავებას დაუჭირა მხარი. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ კიწმარიშვილიცა და ოქრუაშვილის ,,გრეჩიხებთან'' იყვნენ დაპირისპირებულნი და ,,მაესტროს'' ალტერნატიული ფართი ,,უცნობმა'', რადიო ,,უცნობის'' შენობაში დაუთმო. მამუკა ღლონტი: ,,არ ვიცი, ირაკლი ოქრუაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი ერთმანეთში რას საუბრობდნენ, ან მაგათ თავში რა იხარშებოდა, მაგრამ იურიდიულად, ოქრუაშვილის წილი არსად ფიქსირდება. ნამდვილად გამიჭირდება ახლა იმის თქმა, ეს ორი ადამიანი ერთმანეთში რას იყოფდა და რა გეგმებს ალაგებდა ,,მაესტროსთან'' დაკავშირებით. გოგელია და ოქრუაშვილი ერთად ვერ იქნებიან, რა სისულელეს ამბობთ. ოქრუაშვილმა გამოაგზავნა სინამდვილეში ეროსი ,,მაესტროში'', ეს ხელმძღვანელობდა მისი ღობეზე გადმოძრომის ოპერაციას. ოქრუაშვილის თემა, ახლა რატომ წამოწიეთ, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემთვის ეს კაცი არის ძალიან დიდი წარსული. არ ვიცი, ვინ დგას იმის უკან, რაც ახლა ,,მაესტროზე'' ხდება, მაგრამ ვინც უნდა იდგეს, მარცხისთვის ყველა განწირულია''.
საპირისპიროს გვიჩვენებს მოვლენების განვითარების ლოგიკა ,,მაესტროზე'', რასაც, პარალელურად, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გააქტიურება სდევს. ასევე, სრულიადაც არ აფასებს სისულელედ ოქრუაშვილის თემის წამოწევას ვალერი გელბახიანი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი სწორედ მაშინ იყო, როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და პოლიტიკური პრეტენზიები გაუჩნდა. იგი ,,მაესტროს'' მოვლენებში მაშინ აღმოჩნდა ჩართული, როცა კონფლიქტის გართულებამდე ორიოდე დღით ადრე განაცხადა, მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში მოდის ბადრი პატარკაციშვილის გუნდი და მას ორი ტელევიზია, ,,იმედი'' და ,,მაესტრო'' ექნება ხელთო. მაშინ მის ამ განცხადებაში ყველამ მხოლოდ ლევან და გია გაჩეჩილაძეებისა და ,,იმედის'' არაოფიციალური მმართველის, ირაკლი რუხაძის ვინაობა ამოიკითხა, ხოლო ოქრუაშვილის ფაქტორი დაივიწყა.
ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში 2007 წელს გადავიდა და ამავე წლის დეკემბერში პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ დააარსა. ამ დროს, ოქრუაშვილი სწორედაც ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით, დაფინანსებით მოქმედებდა. ვალერი გელბახიანი ,,ვერსიისთვის'' ოქრუაშვილ-პატარკაციშვილის ურთიერთობის დეტალებს იხსენებს: ,,ბადრის და ირაკლის ძალიან კარგი, მეგობრული, პარტნიორული და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ და ის იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილი პოსტიდან გადადგებოდა. ამ გადადგომის დროს მას უკვე ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერა. წლების განმავლობაში, ოქრუაშვილს ბადრისთან მუდმივი კონსულტაციები ჰქონდა. ოქრუაშვილის 2007 წლის სექტემბრის საჯარო გამოსვლაც ბადრის ორგანიზებით მოხდა, ირაკლის უცხოეთშიც ბადრი ეხმარებოდა ფინანსურად. 2007 წლის ოქტომბრის მოვლენების დროს, როცა სახალხო მღელვარება დაიწყო და ბადრი პატარკაციშვილის მიტინგზე გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადებები გადატრიალების მცდელობად შეფასდა, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამის მერე პატარკაციშვილი აღარ ჩამოსულა საქართველოში, ისე გარდაიცვალა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, მას და ირაკლის ჰქონდათ ძალიან მჭიდრო, პოლიტიკური და პარტნიორული ურთიერთობა. მეტიც,
ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, 2007 წლის აგვისტოში, ვიდრე შემოდგომის მოვლენები დაიწყებოდა, მარიამობას, ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ განცხადება გაგვეკეთებინა. უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო და უნდა დაგვეწყო მომზადება 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ეს პრეზენტაცია გადაიდო. სწორედ ბადრიმ მთხოვა პირადად მე ამ პრეზენტაციის გადადება, რადგან ირაკლისგან წინასწარ იცოდა, რომ ის განცხადების გაკეთებას და გადადგომას აპირებდა და არ სურდა, მისთვის ხელი შეეშალა. დიახ, ბადრიმ წინასწარ იცოდა ოქრუაშვილის გეგმების შესახებ''.
გელბახიანის ამ ფრაზების შემდეგ, ალბათ, ბევრი მტკიცებაც არაა საჭირო, რომ პატარკაციშვილის გუნდში, რომელიც გააქტიურებას აპირებს, ,,გრეჩიხებსა'' და რუხაძეზე მეტად, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი მოიაზრება. მეტიც, ისიც საკითხავია, საერთოდ აპირებს თუ არა გაპოლიტიკოსებას რუხაძე და არის თუ არა იგი დღესაც პატარკაცაშვილების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. ვალერი გელბახიანი ამ ეჭვს ,,ვერსიასთან'' ღიად გამოთქვამს: ,,იმ პერიოდში, რუხაძე ,,სელფორდ ჯორჯიას'' ფინანსური მენეჯერი გახლდათ. პრაქტიკულად, მე ის პოლიტიკაში ჩართული არ მინახავს, არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, ის არ იყო ნახსენები ბადრის პოლიტიკურ გეგმებში.
როცა ბადრის ქონების დაყადაღება დაიწყეს, ,,სელფორდ ჯორჯია'' დასაყადაღებელთა ნუსხაში არ მოხვდა და ეს მე და ბადრის გაგვიკვირდა. მაშინ რაღაც ეჭვები გაჩნდა, ხომ არ თანამშრომლობდა რუხაძე ნაციონალებთან ბადრის წინააღმდეგ. ამის მერე გაირკვა, რომ რუხაძე იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ახლო ნათესავი და თითქოს, ამის წყალობით გადარჩა რუხაძის ორგანიზაცია დაყადაღებას, მაგრამ ბადრიმ ეს არგუმენტად არ მიიღო. პატარკაციშვილი ისე გარდაიცვალა, რამის გადამოწმება და ამ ეჭვების გაქარწყლება ვერ მოასწრო''.
სავარაუდოდ, რუხაძე პოლიტიკაში არც ახლა მოდის და სხვათა შორის, არც ძმები გაჩეჩილაძეები ბრუნდებიან ,,ხალხის გულებში'', საუბარია ოქრუაშვილის გეგმებზე. ყველას ახსოვს, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი. 2010 წლის ნოემბერში, როცა ლევან გაჩეჩილაძე უკვე ორგზის დამარცხებული იყო, ოქრუაშვილმა ,,ქართული პარტია'' შექმნა, თავის ძველ პარტიას გაუერთიანა და ლევანი კვლავ ოპოზიციის ერთ-ერთ სახედ აქცია. ამ პარტიის წევრები დღეს ხელისუფლებაში მყოფი ირაკლი დოლაბერიძე, კოკა გუნცაძე, ლევან ჩიკვაიძე და სოზარ სუბარიც იყვნენ. პარტიას ბიზნესმენი კოტე გოგელია აფინანსებდა და ამას არაერთი წყარო ადასტურებს, მათ შორის, ბაია გადაბაძეც. გარდა ამისა, გოგელია და ოქრუაშვილი ერთად აპირებდნენ პოლიტიკაში გააქტიურებას. 2011 წლის მაისში, ნინო ბურჯანაძის სახალხო კრების აქციების დროს, ოქრუაშვილმა და გოგელიამ ერთად დააანონსეს საქართველოში ჩამოსვლა და აღლუმის ჩაბარება. მაშინ ,,გრეჩიხები'' ბურჯანაძეს ,,მაესტროს'' ყიდვაზე ევაჭრებოდნენ, რასაც ბადრი ბიწაძის ინტერვიუ ადასტურებს და კრების აქციაზე ბურჯანაძის მხარდასაჭერად გავიდნენ. აი, აქ დასრულდა ურთიერთობა ,,გრეჩიხებსა'' და ოქრუაშვილს შორის და გუნცაძემ და გაჩეჩილაძემ ,,ქართული პარტია'' დატოვეს. ექსმინისტრმა და გოგელიამ ბილეთები დაასკანერეს და იმის დასტურად გვიჩვენეს, რომ საქართველოში 25 მაისს ჩამოსვლას მართლა აპირებდნენ, მოგვიანებით კი საფრანგეთში მყოფმა ოქრუაშვილმა სკანდალური ექსკლუზივი მისცა ,,მაესტროს'' და განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ საქართველოში მისი ჩამოსვლისა და ხელისუფლების გადაყენების გეგმა 5 მილიონად გაყიდა:
,,არსებობდა საქართველოში ჩამოსვლის გეგმა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძემ 5 მილიონად გაყიდა. ამოიღეთ ყველაფერი, ,,გრეჩიხას'' ფინანსური მდგომარეობა, რა ვალები ჰქონდა 25 მაისამდე და რა ვალები გაისტუმრა 25 მაისის შემდეგ. მშვენივრად მესმის, 5 მლნ არ არის პატარა თანხა, როცა ამდენი მევალე დაგდევს, მაგრამ როცა მდგომარეობას იუმჯობესებ ხალხისა და საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, ნაძირალა ხარ და მეტი არაფერი.
ის გამყიდველი იყო, პარტიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიჰქონდა ხელისუფლებასთან... აი, მისი ხელმოწერილი დოკუმენტები, რას ითხოვდა, ყოველი კვირა რა ჯდებოდა ლევან გაჩეჩილაძის შენახვა. ვიდეოფაილებიც მაქვს, რა დროს რამდენი ფული აქვს აღებული. ეს არის ადამიანი, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გაყიდა საკუთარი ხალხი''
- ეს ფრაზები სიტყვასიტყვითაა ამოღებული ოქრუაშვილის იმ ინტერვიუდან, რომელზე პასუხიც ,,მაესტრომ'' ლევან გაჩეჩილაძისგან არ მოისმინა. ამის მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და წინა პლანზე კიწმარიშვილ-ღლონტის კონფლიქტმა წამოიწია. ჩრდილში კი მაშინაც ირაკლი ოქრუაშვილი იდგა. ოქრუაშვილს დღესაც პოლიტიკური ამბიცია აქვს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს თავად ღიადაც დააფიქსირა. თუ ამას დავამატებთ დიმიტრი ქიტოშვილის განცხადებებს ოქრუაშვილის ,,უცოდველობისა'' და ლამის ,,პოლიტიკური უბიწობის'' შესახებ, დაუჯერებელი აღარ იქნება ვერსია, რომ ,,მაესტროს'' სკანდალის მიღმა სწორედაც ის ოქრუაშვილი იდგეს, რომელმაც თავის დროზე, ხელში ჩაიგდო ,,რუსთავი 2''. მას ,,მაესტრო'' სჭირდება, როგორც პოლიტიკური იარაღი ხელისუფლებაში მოსასვლელად. თუ აქვე გავიხსენებთ გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს და იმასაც, რომ ოქრუაშვილის პარტიამ ,,ქართული ოცნება'' გადააყენა და, ფაქტობრივად, შიდა ქართლში, ვითარებას აკონტროლებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოქრუაშვილის ,,მეორედ მოსვლის'' პროცესი უკვე დაწყებულია.
ოქრუაშვილი-გოგელიას კულუარული მოლაპარაკების დეტალები ამ ორის გარდა, ან არავინ იცის, ან, უბრალოდ, ამაზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ტყუოდა. არც ისაა საჭირო, ოქრუაშვილი ამ ბრძოლაში ,,მაესტროსთვის'' ღიად გამოჩნდეს და თბილისი-პარიზის ბილეთები ასკანეროს. ის ამ დავაში არ გამოჩნდება, მხარედ არ დაფიქსირდება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ეჭვებს ,,მაესტროსთან'' ოქრუაშვილის კავშირისა და მისი პოლიტიკური გააქტიურების შესახებ ვალერი გელბახიანიც ადასტურებს:,,იმდენად გახმაურდა ეს თემა, ბადრის ჯგუფის მიერ ტელევიზიების ფლობის შესახებ, რომ ჩემთვის უკვე ცნობილი ხდება სხვა ინფორმაცია. ჯერჯერობით, მათ უკან დაიხიეს და ალბათ სწორედაც მოიქცნენ, რადგან მათ გააქტიურებას ,,მაესტროს'' თემის გამო ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. ეს კი სკანდალურად კი არა, ჩუმად უნდა გაკეთებულიყო. ოქრუაშვილს ამ წუთას ვისთან რა კავშირი და მოლაპარაკება აქვს, არ ვიცი. თუმცა მისი მიზანი არის ცხადი და ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საარჩევნო წელს, ,,მაესტროზე'' პოლიტიკურ ბრძოლასთან. მე ვადასტურებ, რომ ხმები ოქრუაშვილს წილის თაობაზე ,,მაესტროში'' დადიოდა და ეს ჩემამდეც მოსულა. მეც მსმენია ამის შესახებ, მაგრამ რაკი იურიდიულად წილი არსად ჩანდა, თემა მიწყნარდა.
ბუნებრივია, ოქრუაშვილს პოლიტიკაში ჰქონდა, აქვს და ექნება პრეტენზიები. ეს ადგილობრივ არჩევნებშიც გამოჩნდა და საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდება, მაგრამ მარტო ვერაფერს იზამს. ვინ შეიძლება იყოს მოქმედი სპექტრიდან მისი პარტნიორი, არ ვიცი, რადგან ჩემი ინფორმაციით, მას დღეს არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან გართულებული აქვს ურთიერთობა. ის ან მარტო გამოვა, რაც მარცხის ტოლფასია, ან ახალ სახეებთან დაწყვილდება და სწორედ ეს ახალი სახეები შეიძლება იყვნენ პატარკაციშვილის გარემოცვის წიაღიდან გამოსული პარტნიორები.
ალბათ, კვანძის გასახსნელად თავად ,,მაესტროში'' მიმდინარე მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ. გოგელიას გუნდი ამბობს, შენობა და ინვენტარი ჩემიაო, ამიტომ გაჩეჩილაძეებს იჯარას არ უფორმებენ. გაჩეჩილაძეები ამბობენ, ალტერნატიული ფართი არ გვაქვს და მაუწყებლობა ამავე შენობაში უნდა გაგრძელდესო. ანუ თუ ოქრუაშვილს წილი აქვს ,,მაესტროში'', მისი ინტერესი, წინასაარჩევნოდ, მაუწყებლობის არშეჩერება იქნება. ვფიქრობ, ამ ვერსიას საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და არხის ფუნქციონირების გაგრძელება დაადასტურებს. ხოლო თუ ეს შეთანხმება მალევე არ შედგა, მაშინ ბადრი პატარკაციშვილის სიტყვებით გიპასუხებთ: რაც არ იყიდება, ის კიდევ უფრო ძვირად იყიდება, ამიტომ თუკი ეს შეთანხმება დღეს არ არსებობს, გამოდის, ხვალ ამ თემაზე ვაჭრობას უფრო დიდი ფასი დაედება''.