შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მართალია შემცირდა, მაგრამ სპეციალისტები ნაჩვენებ შედეგსაც წარმატებულად მიიჩნევენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერჯერობით „საქსტატმა“ მხოლოდ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა და დაზუსტების შემდეგ უცხოური კაპიტალის მასშტაბები, შესაძლოა, საკმაოდ გაიზარდოს კიდეც.
სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს შემოსული ინვესტიციები 6%-ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შარშანწინ ქვეყანაში 1 მილიარდ 758 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან მივიღეთ - 452 მილიონი, გაერთიანებული სამეფო 198 მლნ დოლარი შემოვიდა, ხოლო ნიდერლანდებიდან - 111 მლნ დოლარი.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა. მთლიანობაში 594 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 191 მილიონი დოლარით, მესამეზე - მშენებლობა, 129 მილიონი დოლარით.
ინვესტიციების მკვეთრი შემცირება აღინიშნება დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავ ქონებაში. შარშან დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები 114 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო ენერგეტიკას 2014 წელთან შედარებით კიდევ 100 მილიონი დოლარი მოაკლდა.
მიუხედავად კლებისა, საინვესტიციო ბანკის „გალტ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე უცხოური ინვესტიციების მოცულობას დადებითად აფასებს.
„შარშან რთული წელი იყო საქართველოსთვის, რეგიონიდან გამომდინარე და ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს ინვესტიციების კუთხით, საკმაოდ კარგია“, - აცხადებს ბანკირი.
მისი თქმით, თუ შევადარებთ ინვესტიციების მაჩვენებელს წინა წლებს, გარდა 2014-ისა, უდავოდ ზრდაა.
„2016 წელს ვფიქრობთ, უნდა დაიწყოს აღმასვლა, რადგან დევალვაციის შოკი, რომელმაც რეგიონის ქვეყნები და საქართველოც დააზარალა, ძირითადად, გადავლილია“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
მას უჭირს ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორების გამოყოფა, თუმცა მიიჩნევს, ჰიდრო პოტენციალის ათვისების მიმართულებით ინვესტიციები გაძლიერდება, სტაბილური იქნება კაპიტალდაბანდებები ფინანსურ სექტორში, გაიზრდება ინვესტიციები ტურიზმში.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუაც შარშანდელ საინვესტიციო მონაგარს საკმაოდ პოზიტიურად აფასებს. მისი აზრით, გლობალური შოკის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მხოლოდ 2014 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება.
„უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები წელიწადში 2 მლრდ დოლარის ნიშნულზე მაღლა ფიქსირდება. 2013 წლიდან ქვეყანა უცხოური ვალდებულებების გასტუმრების აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც უცხოელი ინვესტორებისადმი ვალდებულებების დაფარვის მაჩვენებლის გაორმაგებითაც გამოიხატა (2008-2012 წლებში აღებული საგარეო ვალის და ვალდებულებების დაფარვის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მოცულობა, ის პარამეტრია, რომლითაც მთავრობის 3-წლიანი საქმიანობა უნდა შევაფასოთ, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამ ჭრილში ვითარება ასეთია:
2013-2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 7 მილიარდ 594 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 75%-ით აღემატება 2010-2012 წლების 3-წლიან შედეგს და 40%-ით აღემატება 2009-2012 წლების 4-წლიან შედეგს“, - აღნიშნა დუნდუამ.