აზერბაიჯანულმა მხარემ ამ რამდენიმე დღის წინ მზადყოფნა გამოთქვა, რომ გადახედოს საფასო პოლიტიკას და 1000 კბ/მ ბუნებრივ აირს კომერციული ფასი 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი მანქანები შედარებით იაფი გაზით გამართონ. ამჟამად სხვადასხვა გაზგასამართ სადგურზე სხვადასხვა ფასია. 1 კბ/მ ავტოგაზის ფასი 1,20-დან 1,30 ლარამდე მერყეობს. ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდება.
„სოკარი“ რომ კომერციული გაზის ფასების შემცირებას აპირებს, ეს ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მეზობელ ქვეყანასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაავრცელა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. გაზგასამართი სადგურების მფლობელებს ბუნებრივი აირის გაიაფების მოლოდინი აქვთ.
კომპანია „გამა გაზის“ ხელმძღვანელი თემურ გრიგოლია აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაზის მოწოდება დაბალ ფასში არ მომხდარა, შესაბამისად, ცვლილებს ვერ საცალო სეგმენტზე აისახა. „გამა გაზში“ ცვლილებებს უფრო მომდევნო თვიდან ელოდებიან, რადგანაც ხელშეკრულება „სოკარსა“ და საქართველოს შორის 4 მარტს გაფორმდა და ახალი ტარიფები ძალაში შუა თვიდან ვერ შევა.
„ვვარაუდობთ, რომ 8-10 თეთრით დაიწევს სარეალიზაციო ფასი. როგორც კი გაფორმდება ახალ ფასებზე კონტრაქტი, მაშინვე აისახება გაზგასამართ სადგურებზეც. ჩვენც ვართ ამით დაინტერესებული, რადგან ბენზინის ფასი დაბლა ჩამოვიდა და კლიენტები მოგვაკლდა“, - აცხადებს თემურ გრიგოლია „კომერსანტთან“ საუბრისას.
„ველო გაზის“ ხელმძღვანელი ვრანგელ ცეცხლაძე კი „სოკარის“ მხრიდან ფასების კორექტირების შემდეგ გასაყიდი ფასის 15 თეთრამდე დაწევას ვარაუდობს. მისი თქმით, კომპანია გაზს „ყაზტრანსგაზის“ გავლით „სოკარიგან“ იღებს და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია ტარიფის დაკლებაზე არ მიუღიათ.
ავტოგაზი კი გაიაფდება, მაგრამ ძალიან მალე, შესაძლოა, ბენზინი და დიზელი გაძვირდეს. უკვე რამდენიმე დღეა ნავთობის ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე 40 დოლარს მიაღწია და ბაზარზე გაძვირების ტენდენცია ნარჩუნდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „პლატცის“ მიხედვით, 1 ტონა ნავთობპორდუქტებზე ფასი 40-50 დოლარითა მომატებული. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში უახლოეს ხანებში საქართველოში საწვავის მკვეთრ გაძვირებას არ ვარაუდობენ, თუმცა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ინდივიდუალურად ასწიოს ფასი.
„1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი არის 40 დოლარიან ნიშნულზე, რაც გასული წლის 20 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთან საწვავის ფასი ორ ფაქტორზეა დამოკიდებული – ლარის კურსი და საერთაშორისო ფასები. ლართან დაკავშირებით ვითარება ოპტიმისტურია. თუკი საერთაშორისო ბაზარზე მოცემულობა არ შეიცვალა და ეს ფასები დარჩა, შეიძლება ერთი კვირის შემდეგ, გარკვეულ კომპანიებს ფასების მატება მოუწიოს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ ლარის გამყარების შემთხვევაში, საწვავზე ფასი აღარ გაიზარდოს, ან მატება მხოლოდ არაბრენდირებულ ან ისეთ კომპანიებს შეეხოს, რომლებსაც პროდუქტი ძვირად აქვს ნაყიდი.
„ზოგადად ფასების როგორც მატება ან კლება არაბრენდნირებულ ქსელებზე უფრო სწრაფად აისახება. ამიტომ, თუ საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში, პირველ ეტაპზე, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები გაზრდიან ფასს. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უახლოეს დღეებში, ბენზინზე ფასებს, მასშტაბურად, ყველა კომპანია არ გაზრდის“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.