ქართველი სატელეფონო ხულიგნები არ ისვენებენ

ქართველი სატელეფონო ხულიგნები არ ისვენებენ

ორ კვირაზე მეტია, რაც "სატელეფონო ხულიგნები" საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უკავშირდებიან და ამა თუ იმ ობიექტში ბომბის არსებობის თაობაზე ცრუ ინფორმაციას აწვდიან. "სატელეფონო ტერორისტებმა" ხან პარლამენტში "დადეს ბომბი", ხანაც აეროპორტში, ბანკებში, ტელევიზიებსა და სკოლებში.

რატომ გახშირდა ბოროტი ხუმრობა საქართველოში? და მათ ამ ქმედებას რა მიზანი აქვს. ამის შესახებ სერგო ძაგნიძე, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი  გვესაუბრება:

- ზედიზედ რამდენიმე დღე განმეორდა დანაშაული, რომელსაც "სატელეფონო ხულიგნობას" უფრო ვუწოდებ. მას ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. როგორც იცით, არსებობს ასეთი მუხლი "ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება", რომელსაც კარგი იქნება, კანონმდებლები სხვაგვარ ფორმულირებას თუ მისცემენ. ტერორიზმი განსაკუთრებული დანაშაულია, რომელთან სატელეფონო ხულიგნობის დაკავშირება არ შეიძლება. შესაძლოა, ეს ყველაფერი საბოტაჟისთვის ან პანიკის დათესვისთვის კეთდება.  ვფიქრობ, საქმე გვაქვს ისეთ ფსიქოლოგიურ ფენომენთან, რაც ადამიანებს სხვისი საქციელის გამეორებისკენ უბიძგებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ცრუ შეტყობინების ავტორებს ერთი ხელი მართავდეს.

თქვენ ანტიტერორისტულ ცენტრს 2002-2004 წლებში ხელმძღვანელობდით. მაშინაც იყო ასეთი დანაშაული...

- ასეთი ინტენსივობით არ ყოფილა. მეტწილად სკოლის მოსწავლეები რეკავდნენ გაკვეთილების ჩასაშლელად. კურიოზიც ბევრი იყო, მაგალითად, გაკვეთილიდან შეყვარებულის გამოსაყვანად ერთმა "რომეომ" შსს-ს აცნობა, ამა და ამ სკოლაში ბომბიაო. მაშინ ქუჩის ან სახლის ტელეფონებიდან რეკავდნენ. ამიტომ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დაგვედგინა დამნაშავეთა ვინაობა. წარმოიდგინეთ, რა ძნელია იმის გარკვევა, სკოლის 1000 მოსწავლიდან ვის შეიძლებოდა დაერეკა. დღეს კი თანამედროვე ტექნიკით უფრო იოლია დამნაშავის მიკვლევა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კომპიუტერის გამოყენებით შემოდის ზარი ან ხმის შეცვლით?!

- რაც უფრო უახლესია ტექნიკა, მით მეტია მისი გამოყენებისას კვალის დატოვების შანსი. ეს განსაკუთრებით კავშირგაბმულობის სფეროში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს ეხება. თვითონ მწარმოებელი ქვეყანა არ დაუშვებს, რომ არსებობდეს ისეთი ტექნიკური საშუალება, რომლის გამოყენებაც გაუკონტროლებელი იქნება. უფრო მეტიც, კომპიუტერიდან გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაციის გაშიფვრაც აღარ არის ძნელი, მათ შორის შეცვლილი ხმის ავტორის დადგენაც.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებისთვის სასჯელის გამკაცრებას, ვფიქრობ, უშედეგო იქნება. ჯერ ერთი, ბევრ სხვა შემთხვევაშიც სასჯელის გამკაცრებამ ნაყოფი ვერ გამოიღო, მეორე - ამას თუ პროპაგანდა არ მოჰყვა, მოზარდები "112"-ში დარეკვას არ მოიშლიან. საეჭვოა, იმ არასრულწლოვანს, რომელმაც ზუგდიდიდან დარეკა, სცოდნოდა, რა სასჯელი ემუქრებოდა. ის ამას ვერც მაშინ გაიგებს, თუ სასჯელი გამკაცრდება. ვფიქრობ,

არასრულწლოვანი სატელეფონო ხულიგნების ინფორმირების საქმეში გაცილებით დიდი როლის შესრულება განათლების სამინისტროს, საზოგადოებასა და მედიას შეუძლია.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც "112"-ში ზარი შედის, ხმა ავტომატურად იწერება. მას ხმის შეცვლა ვერ უშველის. ხმის მიხედვით ასაკის, სქესის, განათლების, კუთხურობისა და სხვა ბევრი რამის დადგენაც შეიძლება. ასე რომ, უმჯობესია ცრუ განგაშის ამტეხებს განვუმარტოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება.  

ტერორისტებისთვის დამახასიათებელია ცრუ განგაშის ატეხა და შემდეგ ტერაქტის მოწყობა. თუკი დღეს ასე იოლია მათი ვინაობისა და ადგილსამყოფლის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება დროულად ტერაქტების აღკვეთა?

- ტერორისტის შეცდომა ის არის, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ფიქრობს, ვერ დამიჭერენო. ასეთია დამნაშავის "ფილოსოფია". 2005 წელს გორის შს სამმართველოსთან მომხდარი ტერაქტის შემდეგ დეტალურად დავადგინეთ თუ სად რა იდო, რა ელემენტების შემცველი, როგორ აფეთქდა და ა.შ. მაშინ 60 კგ ტროტილის ეკვივალენტ აფეთქებაზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაშიც კი იმდენი და ისეთი სახეობის კვალი დარჩა, ვერ წარმოიდგენთ. დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ბომბს დადებ თვითმფრინავში თუ აეროპორტის მართვის კომპიუტერულ ცენტრს კიბერშეტევით გათიშავ. მართალია, დანაშაულის ჩადენის ხერხები შეუდარებლად მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ დამნაშავის ვინაობის დადგენის საშუალებაც მეტია.

ტერორიზმი უკვე მსოფლიოს სენია. ვინ არის ტერორისტი? ის, ვინც ებრძვის სახელმწიფოს. მაგრამ პრეზიდენტს თუ მოკლავს, პრემიერ-მინისტრი დარჩება, პრემიერ-მინისტრს თუ გაანადგურებს, მას ვიცე-პრემიერი ჩაანაცვლებს და სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვლება. მაგრამ ტერორიზმი მოსახლეობას აყენებს დარტყმას, პანიკას თესავს. ამას კი ხალხის გაღიზიანება მოსდევს და იწყება იერიში ხელისუფლებაზე, რასაც შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკური გეზის შეცვლა მოჰყვეს. ამას ჰქვია "თAანამედროვე ტერორიზმის სამკუთხედი".