ვახტანგ ძაბირაძე: „კოალიციის დაშლა დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს“
ხსნის, რას ნიშნავს ქვეყნისთვის მკითხაობის საგნადქცეული ,,ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობა'', აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება'' არ უნდა დაიშალოს და კოალიცია ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს შეურიგდეს, ხოლო სხვა პარტიებსა თუ პერსონებთან მოლაპარაკებები დაიწყოს - ეს რესპუბლიკელების ყოფილი წევრისა და მრეწველების ერთ-ერთი დამფუძნებლის, 2003 წელს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასული კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებებია, რომლებიც ექსპერტების დიდი უმრავლესობის აზრს არ ემთხვევა.
- ალალად რომ გითხრათ, რესპუბლიკელები და მრეწველები ერთმანეთს ვერასოდეს გაუგებენ: რესპუბლიკელებმა ბიზნესი არ იციან, მრეწველებმა - პოლიტიკა. ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროდასავლურადაა განწყობილი, ამიტომ რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ერთი პარტია ან თუნდაც პარტიების ჯგუფი ვერც ამ განწყობას შეცვლის და ვერც მისი განმაპირობებელი იქნება. ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი ჩამოსაყალიბებელია, რადგან კლასიკური გაგებით, საქართველოში არც მემარცხენე სოციალისტური იდეოლოგიის პარტიები გვყავს, არც მემარჯვენე და მხოლოდ ერთჯერად განცხადებებს ვეკიდებით. ვიღაც იტყვის, რუსეთი კარგიაო და ვამბობთ, რომ ის პრორუსია. ასეთ მარტივ საკითხებში რომ ვხედავთ დასავლურობასა და პრორურულობას, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. ახლა გოგისთვის მისი ფრაზები სტალინზე საერთაშორისო სკანდალი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. თინა ხიდაშელი კი უფრო ,,ენჯეოშნიკობს'', ვიდრე პოლიტიკოსობს. როცა პოლიტიკაში ხარ, ენას კბილი უნდა დააჭირო და იმაზე მეტი არ თქვა, ვიდრე საჭიროა, რაც ბევრმა დღემდე ვერ გაითავისა. ფაქტობრივად, ჩამცხრალი კონფლიქტი ხიდაშელის ვრცელმა სატელევიზიო ინტერვიუმ განაახლა, ამიტომ სრულად ვეთანხმები პრემიერის განცხადების პათოსს - მან მინისტრს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა.
- ეს განცხადება ზოგმა თოფაძის მხარდაჭერად შეაფასა, ზოგმა პრემიერისა და რესპუბლიკელების პრივატული შეხვედრა მიიჩნია ამ პარტიის მხარდაჭერად. რა რას ნიშნავდა სინამდვილეში, როგორ ფიქრობთ?
- ამ ორ პარტიას შორის კონფლიქტი საკმაოდ გაჭიანურდა. ფაქტია, მათ ურთიერთობაში ჩარევაც არავის სურდა, ალბათ, არც ბიძინა ივანიშვილს, ამიტომაც გადაიდო პოლიტსაბჭოს სხდომები არაერთხელ და რადგან ეს დავა აღარ დასრულდა, გიორგი კვირიკაშვილმა აგრესიის გარეშე, მოზომილად და არამიკერძოებულად დასვა აქცენტები თავის განცხადებაში. რაც შეეხება პარტიისა და პრემიერის შეხვედრას, ალბათ, რესპუბლიკელებს კითხვები გაუჩნდათ, თუმცა არა მგონია, კოალიციიდან და პოსტებიდან გაშვებას ელოდნენ. პრემიერს ეს რომ ნდომებოდა, საჯარო განცხადებას საერთოდ არ გააკეთებდა. ფაქტია, დავისთვის წერტილი ვიღაცას უნდა დაესვა და ეს ან პრემიერს უნდა გაეკეთებინა, ან ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, სჯობდა, პრემიერი ყოფილიყო.
- მთავარი კითხვა ახლა ისაა, რატომ შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები კოალიციაში?
- არჩევნები მოდის და ძალიან ბევრმა არ იცის, იქნება თუ არა სიაში, ამიტომ თუ კოალიციიდან ვიღაცები გავლენ, ადგილები გათავისუფლდება.
ანუ ახლა მიდის კოალიციიდან ვიღაცის, ასე ვთქვათ, განაპირება - კონკრეტული ძალის კონკრეტული თემით გვერდზე გაყვანა. რესპუბლიკელების რეიტინგის შესახებ ყველამ იცის, მათ ე.წ. ლგბტ თემის საკითხებს აბამენ და ერთი სიტყვით, კოალიციიდან რესპუბლიკელების გაყვანა დღეს ყველაზე ადვილია. ამას ცდილობს ყველა, როგორც კოალიციის შიგნით, ისე მის გარეთ. ზოგიერთი ადამიანისთვის კი, თუ თვითონ არ იქნება სიაში, ,,ოცნება'' მოვა ხელისუფლებაში თუ ნაციონალები დაბრუნდებიან, სულ ერთია. ხედავენ რა ადგილების უკმარისობას, ყველა მეთოდით ცდილობენ, სიაში ადგილები გამოთავისუფლდეს.
კითხვაზე, რატომ შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მოიყვანა ხელისუფლებაში, სხვა ძალებთან ერთად და ინარჩუნებს მთელ კოალიციას. შესაბამისად, დღეს პარლამენტში იდეურ დაპირისპირებას ვერ ვხედავ.
- აბა, ხედავთ ბრძოლას სიაში ადგილისთვის?
- რეალურად, მაინც აქამდე მოვდივართ - ეს დაპირისპირება არის ბრძოლა სიაში ადგილისთვის, თორემ 3 წელი ისე გავიდა, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს ახლა გაახსენდათ, რომ ერთმანეთისთვის მიუღებლები არიან?
- პრემიერთან შეხვედრამ უფრო დიდი კითხვა დატოვა - მაინც რას ნიშნავს ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობა ,,ოცნებასა'' და რესპუბლიკელებს შორის, რაც უკვე რამდენიმე დღეა გარჩევის საგანია?
- საერთოდ, რესპუბლიკელების ადგილას პრემიერთან შეხვედრას არ მოვითხოვდი, რადგან ვერანაირ გადაწყვეტილებასა და შედეგს ვერ მიიღებდნენ... თან, თუ კვირიკაშვილის განცხადებასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს შეთანხმება მაშინ იქნება ძალაში, თუ კოალიციის დანარჩენი პარტიებიც დაეთანხმებიან, ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ ეს ორპარტიული სტრატეგიული შეთანხმება მომავალ პერსპექტივებს გულისხმობს. ითვლება, რომ ეს ორი ძალა, როგორც ჩანს, წამყვანი და გადამწყვეტია კოალიციაში. ვფიქრობ, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა მთელი კოალიციის სამოქმედო გეგმის შექმნაზე არჩევნების შემდეგ. მერე, თუ ამ გეგმას ალიანსმაც დაუჭირა მხარი, კარგი იქნება, თუ არადა ალტერნატიული პროგრამა უნდა დაწერონ. ამის გამკეთებელი ვინ არის? ალბათ, ამას დაარქმევენ ,,ოცნება'' და რესპუბლიკელები სტრატეგიულ თანამშრომლობას. თანაც რესპუბლიკელები 1-2 წლის წინაც ამბობდნენ, კოალიციური ურთიერთობების წესები უნდა დაზუსტდესო. შესაძლოა, ამ ორ პარტიას შორის ახლა სწორედ ამ დოკუმენტზეა მსჯელობა, სადაც გაიწერება კოალიციური ურთიერთობების წესდება ან რაღაც ამგვარი, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც კოალიციაში იყო და არის. ახლა შეიძლება, ჩვენ რაღაც მესიჯებს ვუგზავნით ამ ძალებს, მაგრამ მთავარია, ამ მესიჯებიდან სწორი დასკვნებიც გამოიტანონ.
- როგორც ვხვდები, ბევრი სხვა ექსპერტისა და პოლიტიკოსისგან განსხვავებით, თქვენ არ ფიქრობთ, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს...
- ჯერ ერთი, ამ ეტაპზე ეს უკვე ძალიან გვიანაა. თუ კოალიციის დაშლას აპირებდნენ, ეს შარშან შემოდგომაზე მაინც უნდა გაეკეთებინათ. ,,ოცნების'' დაშლა, პირველ რიგში, ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს. ამას ყველა ოპოზიციური პარტია გამოიყენებს, ელექტორატი კი მთლიანად გაიშლება და ხალხის ის მცირე ნაწილიც კი, ვინც შესაძლოა, არჩევნებზე მოსულიყო, საერთოდ აღარ მოვა. ამას დიდი მიხვედრა მართლა არ სჭირდება.
- ამ დროს, ძალიან ბევრი პირდაპირ მოუწოდებს ივანიშვილს, დაშალოს კოალიცია და ყველას მისცეს საკუთარი რეიტინგის ჩვენების საშუალება.
- სრულიად გულწრფელად გეუბნებით, პირადად ჩემთვის, რესპუბლიკელები იქნებიან თუ არა მომავალ პარლამენტში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როცა ერთიანობაზე ვლაპარაკობ, იმ საფრთხიდან ამოვდივარ, რასაც კოალიციის დაშლით ვხედავ. იცით, რა, საგარეჯოს არჩევნები იმით კი არ იყო ცუდი, რომ შესაძლოა, ვიღაცამ გააყალბა, არამედ იმით, რომ მის მაგალითზე ისე ინტენსიურად ინერგება აზრი საზოგადოებაში, რომ ,,ოცნება'' არჩევნებს გააყალბებს, უკვე საგარეჯო კი არა, 2016 წლის არჩევნები აინტერესებთ და ხალხს ამისთვის წინასწარ ამზადებენ. სწორედ ამის მეშინია,
კოალიციის დაშლა კი ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციის საფრთხეს, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ რეალურია. შესაძლოა, ამ კოალიციაში ვიღაცები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთობა უნდა შენარჩუნდეს. საზოგადოებაში არის იმედგაცრუება ,,ოცნებისადმი'', მაგრამ ჯერჯერობით, არ არის მიუღებლობა. კოალიციის დაშლით კი ხელისუფლება, გარდა ამ იმედგაცრუების გაძლიერებისა, სხვას რას მიიღებს?
- ალბათ, მეტი ადგილი რჩება პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან ,,ოცნება'' და რესპუბლიკელები კოალიციურ მთავრობას მართლა შექმნიან. ისიც შესაძლებელია, გამოთავისუფლებული ადგილები მართლა ე.წ. პრორუსმა ძალებმა დაიკავონ.
- ეს ძალიან ცუდი სცენარია. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დასავლეთისკენ იხრება და არა რუსეთისკენ, ამ განწყობის წინააღმდეგ წასვლას კი ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს. ყველაზე ცუდ ვარიანტში, თუ ეს ვინმემ გაბედა, აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც მოხდა მაიდანზე და ეს პროცესი ბრიუსელიდან და ნატო-დან არ იქნება ნაკარნახევი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ძალიან მაწუხებს 2016-2020 წლები, შიდა და გარეფაქტორებიდან გამომდინარე. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთმა ასე მშვიდად გადაატარა. საქმე ასე მარტივად არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რომ საქართველო პატარაა და უკრაინა დიდია. რა შეიძლება მოხდეს, წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ზოგადად, ეს საფრთხე სულ არსებობს და ამიტომაც ვამბობ, ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური პოლიტიკური ვითარება.
,,ოცნების'' ადგილას რომ ვიყო, არათუ დაშლაზე ვიფიქრებდი, ირაკლი ალასანიასთანაც და სხვებთანაც ისევ დავიწყებდი მოლაპარაკებას. ხოლო თუ ამ ყველაფერს მართლა დაედება საფუძვლად წესდება, სადაც კოალიციურ ურთიერთობებს წესიერად და დეტალურად გაწერენ, მაშინ ერთობა უფრო მყარიც იქნება და უკეთაც იმუშავებს. ,,ოცნებამ'' ახლა დაშლაზე კი არა, გაძლიერებაზე უნდა იფიქროს.
- ალასანიას გარდა, კიდევ ვისთან შეიძლება საუბარი?
- არ ვიცი, ამას ასე მარტივად ვერავინ იტყვის, თუმცა მგონია, არათუ პარტიები, პერსონებიც უნდა ეძებონ, ვინც მეტ-ნაკლებად მისაღებია, ,,ოცნების'' კოალიციამ ყველასთან უნდა დაიწყობს საუბარი.
- ნებისმიერ შემთხვევაში, ,,ოცნების'' რეიტინგი მკვეთრად დაეცა, თუმცა დაკარგული პროცენტები ნაციონალებს არ შემატებიათ და ეს მათმა ბოლო ,,ჯაჭვმაც'' აჩვენა.
- დიახ, ამბობენ, საკმაოდ წყვეტილი ჯაჭვი იყოო... ნაციონალური მოძრაობა ყოველ წელს აკეთებს ასეთ აქციებს, რათა ნახოს, რა ხდება, რა განწყობაა მისდამი, საზოგადოებაში დამოკიდებულება შეიცვალა თუ არა... როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაც აქვთ და თან პარტიის რიგებს ვიღაცები ტოვებენ. ყველაზე უკეთ ეს პროცესი საარჩევნო სიის ფორმირების დროს გამოჩნდება. ვფიქრობ, დღეს პარტიიდან გადინების თუ არა, გვერდზე გადგომის პროცესი მაინცაა დაწყებული, ამიტომ მგონია, მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი 10-15 კაცზე მეტი არ იქნება.
- მაშინ დავაკონკრეტოთ, ვის რა შანსი აქვს მომავალ პარლამენტში? ბევრი ფიქრობს, რომ ,,ოცნება'' უმრავლესობით ვეღარ მოვა.
- ამ ვითარებაში ძალიან ცუდი ისაა, რომ ,,ოცნების'' დაკლებული რეიტინგი მარტო ნაციონალებს კი არა, სხვა არც ერთ პარტიას არ მიმატებია. პოტენციური ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, სახლში წავიდა და არჩევნებზე არ გამოვა. მთავარ ხიფათად, მომავალში, სწორედ არჩევნებზე პასიურობაა და მისი შედეგების დაბალი ლეგიტიმაცია მიმაჩნია... ამიტომ მომდევნო 4 წელი ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ამას ხელს უწყობს კამპანია, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა და მიდის წინასწარი განწყობის მომზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არჩევნები არ გაყალბებულა, რადგან კითხვები პერსონებისა და არჩევნების კანონიერების კი არა, თავად საარჩევნო კანონის მიმართ მიჩნდება. ეს ყველაფერი იმისთვის მუშაობს, რომ ხალხი არჩევნებზე არ მოვიდეს.
პირდაპირ ვიტყვი, მთელი ოპოზიცია ეცდება, ხალხი არჩევნებზე არ მოვიდეს და რაც შეიძლება დაბალი აქტივობა იყოს, რადგან აქტიური ელექტორატიდან, როგორც წესი, ოპოზიციას ხმას ნაკლებად აძლევენ. ჯამში, ალბათ, ,,ოცნება'' მაინც აიღებს საკონტროლო პაკეტს, თუმცა იმდენს ვეღარ გაიყვანს, რამდენი კაციც ახლა ჰყავს პარლამენტში. აქ დიდი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, რამდენი ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე. გარდა ამისა, თავის როლს შეასრულებს მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერის 50%-მდე აწევა. ეს თითქოს კარგი ცვლილებაა, მაგრამ ცუდიცაა, რადგან ხელისუფლებას მეტი შანსი აქვს, ასეთი მაღალი ბარიერი გადალახოს... ამიტომ ვფიქრობ, პარლამენტში დიდი რაოდენობით სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე შევა, ისიც, თუ ურთიერთობას არჩევნებამდე ნორმალურად გააგრძელებენ, ხოლო თუ დაიშალნენ, ქვეყანაში ცუდი ვითარება შეიქმნება