საქართველოს თოვლიანი კურორტებიდან ჯერ ადგილობრივები გაიკრიფნენ, წელს კი უცხოელების ნაკლებობაც თვალშისაცემი იყო. ამის მთავარი მიზეზი რეგიონში არსებული სავალუტო კრიზისი და მაღალი ფასებია. სეზონის ბოლოს სასტუმროს მფლობელები უკმაყოფილებას არ მალავენ.
სასტუმრო „ედელვეისის“ მეპატრონე ნანა ხუციშვილი პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და არ მალავს, რომ წელს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდათ:
„ვერ ვიტყვი, რომ წელს ხალხი მაღალი ფასის გამო არ გვყოლია: 45 ლარს ვაფასებთ ერთ ნომერს დღეში სამჯერადი კვებით, ეს საკმაოდ კარგი ფასია, მაგრამ დამსვენებლები მაინც პასიურობენ. მთავარი მიზეზი ის არის, რომ თბილი ზამთარი გვქონდა და თოვლი არ იყო. ხელოვნური გათოვლიანება მხოლოდ დიდველზე, სასრიალო ტრასებზეა და ტურისტებიც იქვე, ახლო-მახლო დაბინავებას ამჯობინებენ.
წელს უცხოელი სტუმრები საერთოდ არ მყოლია. ქართველები კი, შობა-ახალი წლის დღეებში იყვნენ მხოლოდ 10-12 დღით. თუმცა ყველაფერს მარტო უთოვლო ზამთარს ვერ დავაბრალებ. ძალიან ბევრმა, ვინც აქ ადრე დასასვენებლად ჩამოდიოდა, საკუთარი ბინა შეიძინა ახალაშენებულ კორპუსებში. ახლა ჩამოდიან და საკუთარ ბინაში ჩერდებიან, როდესაც აქ არ არიან - აქირავებენ.
გადასახადებს ვიხდით, რამდენიმე სტუმარიც რომ გვყავდეს, გათბობა მთელ შენობაში ჩართული გვაქვს და ჩვენი მწირი შემოსავალი ამხელა ხარჯს ვერ ფარავს. ერთი სიტყვით, თამამად ვიტყოდი, რომ წელს ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა“, - აღნიშნა ნანა ხუციშვილმა.
მარიკა ჯიქია სასტუმრო „ვერე პალასი ბაკურიანის“ მენეჯერია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, წლევანდელი სეზონი მათთვის სასურველი ნამდვილად არ ყოფილა:
„15 იანვრიდან ხალხის ნაკადი ძალიან შემცირდა და ძირითადად, შაბათ-კვირას ვმუშაობდით. ჩემი აზრით, თბილი ზამთარი და დოლარის გაძვირება იყო მიზეზი, რომ წელს ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდანაც არ ჩამოვიდნენ. ძირითადად ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლების იმედზე დავრჩით. ადრე ახალი წლის დღეებში სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტების სიმრავლე იყო, წელს კი ისინიც არ ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას მარიკა ჯიქიამ და დასძინა, რომ შარშანდელი სეზონი გაცილებით უკეთესი გამოდგა, რადგან უფრო ხანგრძლივი ზამთარი იყო.
როგორც ჩანს ტურისტებისათვის თანდათან მნიშვნელოვანი გახდა კურორტების სიიაფე და დასვენების ღირებულება. საინტერესოა რა ღირს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება?
ბაკურიანსა და გუდაურს შორის რადიკალური სხვაობა ფასებში არ არის. ერთდღიანი დასვენება, საშუალოდ, 30-დან 350 ლარამდე ღირს, თუმცა ბაკურიანში უფრო მეტი საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ნომრის დაქირავება დღეში, სერვისის შესაბამისად, 20-დან 250 ლარამდე მერყეობს. ბაკურიანის კოტეჯებში ფასი ახალი წლის დღეებში მატულობს და ერთი ღამე 280 დოლარია, სხვა დღეები კი 220 დოლარი. არასადღესასწაულო დღეებში კოტეჯების 1 დღის ღირებულება კვების გარეშე 40 ლარიდან იწყება. ორჯერადი კვებით კი - 70-80 ლარი.
რაც შეეხება გუდაურს, ფასი 30 ლარიდან იწყება და 120 ლარს აღწევს. მსურველებს მთლიანი კოტეჯის დაქირავებაც შეუძლიათ, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი და 10-დღიანი მომსახურება 500-დან 750 ლარამდეა. ჰოსტელში ოთახის დაქირავება მხოლოდ 15-20 ლარი ჯდება.
ვისაც ზამთრის კურორტებზე დასვენება სამ ან ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში ურჩევნია, ერთი ღამე 350 ლარი ღირს.
რაც შეეხება სათხილამურო ინვენტარს - თხილამურის ქირაობა 18-დან 40 ლარამდე ღირს. საბაგირო მომსახურებისთვის გუდაურში ერთჯერადი ბილეთის ფასი 4 ლარია, ხოლო ერთი დღის სააბონომენტო ბარათი 28 ლარი ღირს. ბაკურიანში კი ფასი 50 თეთრიდან 3 ლარამდე მერყეობს. დღიური აბონიმენტი კი - 30 ლარი ღირს.
როგორც ჩანს, თეთრი ტურიზმის მოყვარულებს დასასვენებლად საკმაო თანხის მობოლიზება უწევთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბოლოდროინდელი სავალუტო კრიზისის პირობებში ყველანი ხარჯების შეზღუდვაზე არიან გადასულნი.
„უნდა ვაღიაროთ, რომ წლევანდელ სეზონზე სერიოზული პრობლემები გვქონდა. გუდაურში გაიზარდა საცხოვრებელი კორპუსების და გამქირავებლების რაოდენობა, სასტუმროები მათ კონკურენციას ვეღარ ვუწევთ. ტურისტების ძირითადი მასა ამ კორპუსებში მიდის. ჩვენთან სტუმრები უფრო რუსეთიდან ჩამოდიოდნენ, ახლა იქ კრიზისია, თანაც რუსებმა და უკრაინელებმა კურორტზე ბინები შეიძინეს და იაფად აქირავებენ, დასასვენებლად კი მაშინ ჩამოდიან, როცა სურთ და საკუთარ ბინაში ისვენებენ. ასე იქცევა ბევრი ქართველიც. მათ უფრო დაბალი ფასები აქვთ, რადგან გადასახადებს არ იხდიან, ამიტომ ჩამოსული სტუმრების უმეტესობა ამ კორპუსებს ეტანება“, - აღნიშნა გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მფლობელმა ლევან კარიჭაშვილმა.