დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით მდგომარეობა რთულდება. მერია ახალი ავტობუსების შემოყვანას იწყებს, მაგრამ ამით ყველა მიმართულებით გაჩენილი პრობლემა ვერ მოგვარდება.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ თბილისში სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა განცხადება, რაც მერიიდან კეთდება, რჩება მხოლოდ განცხადებად და არც ერთი ქმედითი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად არ გადადგმულა.
„დღეს თბილისს ემსახურება 500-მდე ამორტიზირებული ავტობუსი, რაც საერთოდ არ არის ადეკვატური მგზავრთა ნაკადის რაოდენობის. ერთ ავტობუსზე მოდის 1400 მგზავრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს ემსახურებოდა 500 ავტობუსი 70-80-იან წლებში, როდესაც თბილისის მოსახლეობა არ აღემატებოდა 700 000-ს. დღეს კი, თბილისის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1 400 000-ს, ანუ ორჯერ უფრო მეტს, შესაბამისად, დედაქალაქის მგზავრთა ნორმალურად გადაყვანისთვის საჭიროა ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ავტობუსი (1000 ერთეული).
პრობლემას ართულებს ისიც, რომ თბილისის მერიამ დააგვიანა სატენდერო წინადადების მომზადება და შესაბამისად ავტობუსების შეძენაც. სამწუხაროდ, ახალი ავტობუსები (170) კი არ დაემატება ძველ ავტობუსებს, არამედ ჩაანაცვლებს სრულიად ამორტიზირებულ ავტობუსებს. საერთო ჯამში კი, ავტობუსების რაოდენობა (500) დარჩება უცვლელი და მგზავრებს ისევ მოუწევთ ფეხზე დგომა, ოღონდ მგზავრთა ნაწილს უკვე ახალ ავტობუსში“, - აცხადებენ ასოციაციაში.
ავტობუსების ტენდერთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელმძღვანელობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობას სწორედ გუშინ შეხვდა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ევრობანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ავტობუსების პარკის განახლებაზე, მეტროს მოდერნიზაციას და საბაგირო გზების განვითარებაზე და ყურადღება სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს.
ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისთვის მიმდინარეობს და წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება.
„გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება. განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენისა და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კი ყურადღებას ამახვილებს „ყვითელი მარშრუტკების“ პრობლემაზეც. ამჟამად დედაქალაქს ემსახურება 2300-მდე მიკროავტობუსი, რომელთა ნაწილიც კუსტარულად გადაიყვანეს გაზზე.
„გაზზე გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების ყველანაირი სტანდარტი. ასეთი ფორმით გადაკეთებული ერთი მიკროავტობუსი აფეთქდა ქალაქ რუსთავში, საბედნიეროდ იქ არც ერთი მგზავრი არ იმყოფებოდა. ასეთი მაღალი სასიცოცხლო რისკის შემთხვევაშიც კი, მერია ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეს“, - აცხადებენ ასოციაციაში.
დავით მესხიშვილის განცხადებით, დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, არის არა მარტო არაკომფორტული, არამედ არასაკმარისი რაოდენობის და სასიცოცხლო რისკის შემცველიც კი.