ვაშინგტონი მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს

ვაშინგტონი მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს

[გეგა ბერიძე]
„გადატვირთვის“ პოლიტიკის მთავარი იდეოლოგის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ვაშინგტონი ცდილობს რუსეთი საქართველოს რეგიონებიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბარაქ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ ეს განცხადება პრეზიდენტ მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა. მაკფოლის თქმით, „ჩვენ შევეცდებით რუსებს შევაგნებინოთ, თუ რას ვაპირებთ საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩოებში“.

ამ განცხადებებს თბილისში იმედიანად შეხვდნენ და გამოეხმაურნენ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, „ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსეთის ტერიტორიებად დარეგისტრირებას მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო არ აპირებს“.

სწორედ ასე გამოეხმაურა იაკობაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლის კიდევ ერთ საგულისხმო შინაარსის განცხადებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე.

“მსგავსი განცხადებები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კრემლი მიხვდეს, რომ მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ აპირებს, ცხინვალი და აფხაზეთი რუსეთს მის ტერიტორიად, ან ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაურეგისტრიროს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად განიხილებოდეს რუსეთსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის”, - აცხადებს იაკობაშვილი, რომლის შეფასებით, აშშ-ის მაღალჩინოსნის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის მხარდაჭერის შეუქცევადობაზე.

”აშშ-ის მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების კეთება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს მხარს ღიად უჭერს. ეს რუსეთს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მუდმივ დისკომფორტს შეუქმნის, რაც დეოკუპაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს რეინტეგრაციის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ მაკფოლის განცხადებით, „ვაშინგტონი საქართველოს რეგიონებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის აუცილებლობაში მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს“. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

”ვაშინგტონმა უკვე სტუმარს არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ“, – იუწყება რუსული სააგენტო „იტარ-ტასი“.

”ობამას ადმინისტრაციას განზრახული აქვს, განიხილოს მოსკოვის მოქმედებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრ სახლში რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.

მისი თქმით, აშშ-მ არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთთან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ჯარის ყოფნის საკითხზე უთანხმოება აქვს. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღნიშნულ რეგიონებში სტაბილურობით, დამკვირვებელთა მისიის გაფართოებით და გამჭვირვალობით იმისა, თუ რას აკეთებს იქ რუსეთი. ჩვენ შევეცდებით რუსეთს შევაგნებინოთ, რას ვაკეთებთ ქართულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ჩარჩოებში”, – ყოველგვარი რევერანსების გარეშე აცხადებს მაკფოლი.

აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხში ბენ როდსი კი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოებამ ვაშინგტონსა და მოსკოვს არსებითი პრობლემების გადაწყვეტაში ხელი არ უნდა შეუშალოს. „დიახ, ჩვენ გვაქვს რუსეთთან უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ყველა მეზობლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ისეთ სფეროებში, რომლებიც მხარეების ინტერესებში თანაბრად შედის“.

როდსმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ საკითხების ღია განხილვა, რომლებზეც მათ შორის უთანხომოებაა, „აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების გულწრფელ ურთიერთობებზე მიუთითებს“.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენ შევძლებთ რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ უსაფრთხოების საკითხებზე, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც რუსეთისა და აშშ-ს, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მაკფოლმა.

დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გუშინ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს, ამერიკელ პარტნიორებთან ინოვაციურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილოს.

ამ განცხადებების და აუდიენციების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რაზეც ჯერჯერობით პროტესტი მხოლოდ თბილისის მხრიდან მოჰყვება. სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ოჩამჩირედან სოხუმამდე ქართველი მოსახლეობის დამწვარი სახლების დანგრევის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ბოლო განკარგულებასაც ეხმაურება და მას „ეთნიკური წმენდისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად“ აფასებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იაკობაშვილმა განაცხადა, „აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“.

”ეთნიკური წმენდის ფორმალიზების თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა უნდა აიმაღლოს და მსგავსი ბარბაროსული ფაქტები რეაგირების გარეშე არ დატოვოს”, – აცხადებს იაკობაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, ოჩამჩირედან სოხუმამდე ქართველი მოსახლეობის დამწვარი სახლები დაინგრევა.

ამასობაში ამერიკელი პოლიტოლოგის, აშშ-ის პროგრესის ცენტრის თანამშრომლის სემუელ ჩარაპის კიდევ ერთი ნიშანდობლივი შეფასებით, „აშშ-ს საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა რუსეთის ჩარევის გარეშე არ შეუძლია“.

პოლიტოლოგის შეფასებით, „აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მეტყველებს, რომლებიც ობამას პრეზიდენტად არჩევის მომენტიდან „გადაიტვირთა“.

”ორმხრივ ურთიერთობებში ნორმალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგიც. ობამას პრაგმატულმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ რუსეთმა ავღანეთის, სტრატეგიული შეიარაღების შემცირებისა და ირანის საკითხებთან მიმართებაში ბევრი გარღვევის მიღწევა შესძლო“, - აცხადებს ამერიკელი პოლიტოლოგი.

ამავდროულად, მისივე აზრით, „არაერთი გარღვევის მიუხედავად, აზრთა სხვადასხვაობა რჩება, მათ შორის – საქართველოს საკითხთან დაკავშირებით“.

“ადამიანები, რომლებიც აშშ-ში ობამას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ არ შეიძლება მედვედევთან ან პუტინთან რაიმე სახის შეთანხმების გაფორმება, წყლის ნაყვით არიან დაკავებულები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აშშ-ს საკუთარი საერთაშორისო პრობლემების რუსეთის გარეშე არ შეუძლია, განურჩევლად იმისა, ვინ მართავს შტატებს”, – მიიჩნევს ჩარაპი.

ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, „აშშ-ის პრეზიდენტისთვის მთავარია შედეგი, რომელიც კარგი იქნება ამერიკისთვის“.

იმ პოლემიკის ფარგლებში, რომელიც სადღეისოდ აშშ-ში ობამას რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის გარშემო მიმდინარეობს, ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, კარგები არიან თუ ცუდები მედვედევი და პუტინი, არამედ ის, მოიტანა თუ არა ობამას პოლიტიკამ რუსული მიმართულებით სარგებელი თავად აშშ-სთვის. ჩვენც სწორედ აქედან გამოვდივართ, - აცხადებს ჩარაპი, რომლის შეფასებით, „გადატვირთვამ“ თავისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა შეინარჩუნა.

რუსეთი დარჩა რუსეთად, პუტინი – პუტინად, მედვედევი – მედვედევად. ობამა მათ გადატვირთვას არც აპირებდა, როგორც ამაზე ორივე ქვეყანაში საუბრობენ, – აღნიშნავს ამერიკელი პოლიტოლოგი.