აზერბაიჯანული გაზის პოლიტიკური სითბოტევადობა

აზერბაიჯანული გაზის პოლიტიკური სითბოტევადობა

ბოლო დროს საქართველოს გაზმომარაგების საკითხს მხოლოდ პოლიტიკურ ელფერი დაჰკრავდა და შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კუთხით განიხილებოდა. ენერგორესურსების გამოყენება სულ უფრო სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოებს და დღეს იგი უკვე პოლიტიკური საკითხია. საქართველოს მორიგ არჩევანსაც პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო.

„ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად გამოინახა დამატებითი საშუალება საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა გასულ კვირას.

რაც შეეხება კომპანია „გაზპრომს“, მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურით ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად, ყოველი წლის ბოლოს ხდება 2004 წლის შემდეგ და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობის შესაძლო შესყიდვაზეც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სხვა წყაროებიდან ვერ შეძლებდა ზამთრის სეზონზე არსებული დეფიციტის შევსებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მან განმარტა, კომპანია „სოკართან“ მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ დგას „გაზპრომ ექსპორტი“-დან დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვის საჭიროება.

„შესაბამისად, ტრანზიტის ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაც შედგა შეთანხმება და მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო, სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და „გაზპრომ ექსპორტისგან“ დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია. მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო“, - განაცხადა ჯანელიძემ

საქართველოს მთავრობას, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ნაცვლად აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგებას ურჩევდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ აზერბაიჯანი სანდო მიმწოდებელია.

„გაზპრომს“ უდავოდ აქვს გაზი. ის დიდი კომპანიაა და მას რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. თუ ეს უნდა საქართველოს, მაშინ ამ მიმართულებით დივერსიფიკაცია სწორი გზა ყოფილა“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებები ეწარმოებინა „გაზპრომთან“. თბილისში მოკლე ვიზიტის დროს ელჩმა განაცხადა, რომ გაცილებით უსაფრთხო და მომგებიანი საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისთვის სხვა მარშრუტები იქნებოდა. „მარაგი, რაც „სოკარს“ კასპიის ზღვაში აქვს ძალიან დიდია“, - აცხადებს რიჩარდ მაილსი.

საქართველოს მთავრობას „გაზპრომთან“ ფრთხილად მოქმედება ურჩია „Brookings Center“-ის უფროსმა მკვლევარმაც, სერგეი ალექსაშენკომ, რომელიც წარსულში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა რუსეთის ფედერაციაში:

„გაზპრომი“ არ არის ადვილი კომპანია მოლაპარაკებების საწარმოებლად და რუსეთის მთავრობა მას იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, შეხედეთ უკრაინას. გაზის კონტრაქტები წინის წინა ხელისუფლებამ გააფორმა ისე, რომ სამომავლო შედეგებზე არ უფიქრია. არ დაუთვლია რა იქნებოდა ხარჯი და რა ბენეფიტი. ასე თუ მოიქეცით, თქვენც დაზარლდებით“.

იგივე პოზიცია ჰქონდა „ბიზნეკონტაქტთან“ საუბრისას „შევრონის“ ყოფილ ხელმძღვანელს ედვარდ ჩოსაც. მისი თქმით სჯობდა საქართველოს მთავრობას აქცენტი შაჰ დენიზის პოტენციალის ათვისებაზე გაეკეთებინა და ამით დაებალანსებინა მოხმარებასთან არსებული პრობლემები.

„დღეს უფრო უსაფრთხოა, ვისაუბროთ მომავალ ურთიერთობაზე და იმ გაზზე, რომელიც შესაძლოა ამავე კორიდორმა გამოატაროს. შაჰ დენიზის შემდეგ კიდევ არსებობს მარაგი, რომელთა გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი“, - აცხადებს ედვარდ ჩო.

ამიერიდან საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას სამხრეთ კავკასიური, შაჰ დენიზის მილსადენიდან მიიღებს. მთავრობა ირწმუნება, რომ წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მიღების პრობლემა.