რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ყველა კომპიუტერში

რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ყველა კომპიუტერში

დადასტურებული ინფორმაციით, რუსული კომპანია „ვიმპელკომი“ აქტიურად ცდილობს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საკუთარი აქტივების გაზრდას და გავლენის გაფართოვებას. ეს არის უაღრესად მაღალი საფრთხის მქონე საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებისთვის, რადგან ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის აბონენტთა დაახლოებით 25%-იანი წილის ფლობის პარალელურად, საქართველოსთან მტრულად განწყობილი ქვეყნის ხელში აღმოჩნდება ინტერნეტ–მომხმარებლების 32,4% და ინტერნეტ-მაუწყებლობის აბონენტთა 14%. შესაბამისად, გეგმის რეალიზების შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურები მოიპოვებენ პირდაპირ წვდომას არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის, არამედ სახელმწიფო უწყებების, მსხვილი კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერნეტ-ტრაფიკზე. ფაქტობრივად, რუსეთი მიიღებს საქართველოში საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ლეგიტიმურ საშუალებას, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება იარაღად/ბერკეტად საქართველოს წინააღმდეგ.

ამჟამად რუსული გეგმის რეალიზება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, რადგან საქართველოს მთავრობის და თავად კომპანიების ძალისხმევით, აღნიშნულის საინფორმაციო შეფუთვა ხდება წმინდა ბიზნეს-გარიგების კონტექსტში. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებულ შპს „მობიტელს“, რომელიც საქართველოში ფლობს ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელ „ბილაინს“ (ჰყავს 1 205 201 აბონენტი!) და ეკუთვნის რუსულ „ვიმპელკომს“, სურს შეიძინოს ქართული ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის „კავკასუს ონლაინის“ საცალო გაყიდვების სეგმენტი (ჰყავს 158 146 ინტერნეტ-მომხმარებელი და 53 361 აბონენტი სარგებლობს ინტერნეტ-ტელევიზიით!).

ერთი შეხედვით, მკაფიოა ქართული კომპანიის მოტივაციაც - აქვს 86 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვალი, რომელიც პრობლემებს უქმნის კომპანიის ფუნქციონირებას და იძულებულია გაასხვისოს კომპანიის აქტივები (ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მობიტელი“ იღებს ვალის 2032 წლამდე დაფარვის ვალდებულებას). თუმცა, იკვეთება კომპანიების გარიგების რამდენიმე საეჭვო გარემოება. მათ შორის:

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 2015 წლის ოქტომბერში „სილქნეტის“ მიერ „კავკასუსის“ საცალო სეგმენტის შესაძლო შესყიდვის წინადადების დაბლოკვის შემდეგ, კომპანიის წილით დაინტერესება გამოთქვა „მაგთიკომმა“. მხარეებს შორის ფაქტობრივად შედგა შეთანხმებაც (კომისიამაც მისცა ნებართვა), თუმცა „კავკასუსი“, რომელიც წესით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საკუთარი აქტივების გასხვისებაში, „მაგთიკომისგან“ საკუთარი აქტივების სანაცვლოდ ითხოვს არასაბაზრო ფასს და სპეციალურად შლის შეთანხმებას, ხოლო პარალელურად ჩნდება „ასტრონომიული ფასის“ გადამხდელი შპს „მობიტელი“, იგივე „ვიმპელკომი“. გარდა ამისა, ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ როგორც „მობიტელის“, ასევე „კავკასუსის“ სამეთვალყურეო საბჭოების წევრები არიან ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია, რომელთაც ხელი შეუწყვეს არჩევანის „მობიტელის“ სასარგებლოდ გაკეთებას.

გარდა ამისა, არასაბაზრო ფასის გადახდის მიმართ „ვიმპელკომის“ მზადყოფნას სავარაუდოდ, განაპირობებს ის ფაქტიც, რომ „კავკასუსი“ ფლობს საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელ ფოთი-ვარნას (ბულგარეთი) შავი ზღვის ფსკერზე გამავალ 1200 კმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ ხაზს და სავარაუდოდ, „კავკასუსთან“ გარიგებაში შესვლით რუსული კომპანია ამზადებს ნიადაგს აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს არტერიაზე კონტროლის დასამყარებლად, რითაც მოიპოვებს წვდომას სამხრეთ კავკასიის ინტერნეტ-ტრაფიკის მნიშვნელოვან ნაწილზე. კერძოდ, მაგისტრალური ხაზი საქართველოს ინტერნეტის მიწოდების 55%-ს, აზერბაიჯანის 50%-ს, ხოლო სომხეთის 85%-ს უზრუნველყოფს. მხარეთა განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „მობიტელი“ „კავკასუსის“ საცალო სეგმენტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიამ მაგისტრალური ხაზის შესყიდვის თაობაზე მიიღო შეთავაზება.

ბიზნეს-გარიგება უხმაუროდ ჩაივლიდა რომ არა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი, რის გამოც კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია იძულებული გახდა მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გაემართა საჯარო მოსმენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (კომპანიების მიმართვის საფუძველზე კომისიამ საკითხის შესწავლა დაიწყო იანვარში). განხილვაზე კომპანიებმა დაადასტურეს, რომ საუბარი მიმდინარეობდა მხოლოდ საცალო სეგმენტთან დაკავშირებით და მოითხოვეს „ბიზნეს-გარიგების“ პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლება. კომისიამ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი მასალა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის შემდეგი სხდომა 2016 წლის 10 მარტისთვის დაიგეგმა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, თუმცა საყურადღებოა, რომ „ვიმპელკომმა“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებაზე ზრუნვა, როცა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა „ვიმპელკომის“ წარმომადგენლებს.

როგორც საქართველოს მთავრობისგან, ასევე კომისიის მხრიდან ნებართვის მისაღებად „ვიმპელკომი“ სავარაუდოდ იყენებს საქართველოს ზოგიერთი მაღალჩინოსნის ფინანსურ დაინტერესებას, რაც კომპანიის საქმიანობის პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელიც კი არის. კერძოდ, უზბეკეთში აქტივების შესაძენად ქრთამის გაცემისთვის 2016 წლის იანვარში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ „ვიმპელკომს“ დაუწესა 795 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა. ბრალდების თანახმად, უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილისთვის, გულნარა კარიმოვას კომპანიისთვის დიდი ოდენობით თანხის მიცემის სანაცვლოდ „ვიმპელკომმა“ შეძლო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლა და სიხშირეების ლიცენზირებისას პრეფერენციების მიღება. „ვიმპელკომმა“ წარდგენილი ბრალდება აღიარა და დათანხმდა ჯარიმის გადახდას, მაგრამ აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ კომპანია შეცვლის საქმიანობის პრაქტიკას. თუმცა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია საქართველოს რომელი მაღალჩინოსანი და დაინტერესებული ჯგუფი იღებს ფინანსურ სარგებელს კომპანიისგან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ექსპერტი „ვიმპელკომის“ საქართველოში გააქტიურების დადებითად აფასებს და აღნიშნულს ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობით ხსნით, ასევე აცხადებენ, რომ იგი დამოუკიდებელი კომპანიაა და მასზე გავლენა არ აქვს რუსეთის სახელმწიფოს. ერთი შეხედვით (იურიდიულად), აღნიშნული სრული სიმართლეა, თუმცა რუსეთში ბიზნეს-საქმიანობის ელემენტარული პრინციპების ცოდნაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ რუსული სახელმწიფო და მისი სპეცსამსახურები კერძო კომპანიებსაც აქტიურად იყენებს საკუთარ ინტერესებში. მეტიც, „ვიმპელკომის“ უმთავრესი აქციონერი „ალტიმო“ ეკუთვნის „ალფა-გრუპს“ (საქართველოში ფლობს კომპანიას „IDS Borjomi“), ხოლო მისი უმთავრესი მეწილეა მილიარდერი მიხეილ ფრიდმანი, რომლის მატერიალურ მდგომარეობაც პირდაპირ კავშირშია მის მიმართ კრემლის კეთილგანწყობაზე. შესაბამისად, გულუბრყვილო იქნება საუბარი კომპანიის დამოუკიდებლობაზე და რუსული სპეცსამსახურების გავლენის არარსებობაზე.

აღნიშნულს ასევე ადასტურებს დავა ერთი მხრივ „ალტიმოსა“ და „ვიმპელკომის“ მეორე მსხვილ მეწილეს, ნორვეგიულ „ტელენორს“ შორის, რაც უკავშირდებოდა უკრაინის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წილების მოპოვებას. კერძოდ, 2004 წელს „ალტიმომ“ შეიძინა „ტელენორის“ მიერ კონტროლირებადი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი მფლობელი კომპანიის „კიევსტარ“ აქციები და ნორვეგიელ პარტნიორებს შესთავაზეს მისი გაერთიანება „ვიმპელკომთან“, რასაც შეეწინააღმდეგა „ტელენორი“. საპასუხოდ, „ალტიმომ“ სხვა უკრაინული სატელეკომუნიკაციო კომპანია იყიდა და პირდაპირ კონკურენციაში შევიდა „ტელენორთან“. კომპანიებს შორის დავა დასრულდა მასში რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ჩართვის შემდეგ - „ვიმპელკომი“ და „კიევსტარი“ გაერთიანდნენ და რუსულმა კომპანიამ მოახდინა უკრაინული სატელეკომუნიკაციო ბაზრის წილის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაცია.

ზემოაღნიშნული არაერთი ფაქტიდან გამომდინარე, ნათელია, რომ „ვიმპელკომის“ მიერ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის წილის შეძენა არ წარმოადგენს მხოლოდ ბიზნეს-გარიგებას და ხსენებული საფრთხეს შეიცავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კერძოდ, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ვაქცევთ პირველ ეტაპზე საქართველოს ინტერნეტ-ბაზრის დაახლოებით ნახევარს და ვუქმნით ნიადაგს კონტროლი დაამყაროს საქართველო-ევროპის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზზე, რომელსაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან გვაძლევს საშუალებას, რუსეთის გვერდის ავლით (შესაბამისად, უსაფრთხოდ!) ჩავერთოთ მონაცემთა გაცვლის გლობალურ ქსელში. სუბიექტი და ობიექტური ფაქტორების გამო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში (განსაკუთრებით ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში) არ ან ვერ ხდება საფრთხის მასშტაბების გაცნობიერება და შესაბამისი რეაგირება, რაც თავის მხრივ, იძლევა საბაბს დამატებითი ეჭვებისა და ვარაუდების გამოსათქმელად:

პირველი, სახელმწიფო რუსეთს უქმნის სასათბურე პირობებს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად ან/და მეორე, შესაბამისი სამსახურები ვერ აცნობიერებენ საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობას, რაც არანაკლებ დიდი ტრაგედიაა. აღნიშნულის დამამტკიცებელ ერთ-ერთ ფაქტად შესაძლოა, ისიც მოვიყვანოთ, რომ საქართველოს წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერი „სილქნეტი“ დიდი ხანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს რუსულ FSB-სთან კოორდინაციაში მოქმედი „კასპერსკის“ ანტი-ვირუსის უფასო ინსტალაციას (http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=241&s=antiviruses_packets&antivirus_id=6), რაზეც შესაბამისი სამსახურები არ/ვერ რეაგირებენ, რაც ბუნებრივად ჯდება მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ჩამოყალიბებულ კონტექსტში - ჩრდილოელი მეზობელი რომ გაღიზიანდეს?!