სიტყვიერი განცხადების თანახმად (აქედან – ჩვენი ენერგეტიკის მინისტრისა, იქიდან – მისი თურქი კოლეგისა), მტკვარს ერთი გრამი არ მოაკლდება (ესე იგი, თურქეთის მთავრობა მას თავის ტერიტორიაზე კალაპოტს არ შეუცვლის), თუმცა, ბუნებრივია, ზემოხსენებულ სიტყვებს დამაჯერებლობას მხოლოდ დრო თუ შეჰმატებს (ანუ, თუკი, მართლაც, გრამი არ მოაკლდება).
მეორე მხრივ, გასულ კვირას დედაქალაქის მერიამ გაგვაფრთხილა, რომ ორთაჭალაში, გორგასლის ხიდთან, მტკვრის დონე, არც მეტი, არც ნაკლები, 11 მეტრით დაიკლებს.
ამის მიზეზი, როგორც ზემოთ განმარტავენ, ის არის, რომ რუსთავის მიმართულებით წყალი დიდი ოდენობით გადინდება. დენას კი იმიტომ დაიწყებს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება (სულ ავტობანებით უნდა დავიფაროთ, რომ ჩვენც ცოტათი ზემოთ ვიყოთ).
ამის პარალელურად, მერიამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით მათ, ვინც გორგასლის ხიდთან რაღაც-რუღაც საქმიანობებს ეწევა (თავი ფსკერს არ ხეთქოთო?!). ეჭვგარეშეა, რომ მტკვრის ნაპირას მოფუსფუსენი მერიის კეთილ რჩევას გაითვალისწინებენ, თუმცა, აი, პოეტურებს კი ვერაფრით ვანუგეშებთ, რადგან, ყოველ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებამდე, მტკვარში თავის დახრჩობის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, იმისდა მიუხედავად, გაუთხოვდებათ თუ არა ნინა.