რა საფრთხეს შეიცავს „კავკასუსისა“ და „მობიტელის“ გაერთიანება და მიყიდიან თუ არა რუსეთს ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს
უკვე გადაწყდა, რომ ,,კავკასუს ონლაინის'' აქტივებს ,,ბილაინის'' მფლობელი ,,მობიტელი'' იყიდის. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა, სადაც ,,კავკასუსის'' აქტივების ,,მობიტელისთვის'' გადაცემაზე თანხმობა უნდა გაცხადდეს, 10 მარტს, 18:00 საათზეა ჩანიშნული. ექსპერტები შიშობენ, რომ ამგვარი გარიგების შედეგად, ქვეყნის კომუნიკაციის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. მით უმეტეს, მარეგულირებელ კომისიაში სხდომა სამუშაო დღის ბოლოსაა ჩანიშნული. ,,ვერსიას'' კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუმარტეს, რომ კომპანიების წარმომადგენლებს, რომელთა დასწრება სხდომაზე სავალდებულოა, 10 მარტს 18.00 საათის გარდა არ სცალიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შესაძლოა, ორი კომპანიის ამ ფინანსურ გარიგებას მოჰყვეს, საქართველოსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი, 1 200-კილომეტრიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის სავარაუდო გასხვისებაა. მართალია, კაბელის გაყიდვა ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფოთი-ვარნას დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც რუსეთის საკუთრებაში მოექცევა.
,,კავკასუსისა'' და ,,მობიტელის'' გაერთიანება
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ,,კავკასუს ონლაინისა'' და ,,მობიტელის'' ფინანსური გარიგების შესახებ განცხადებას ავრცელებს: ,,2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოკუპანტმა წარმატებული შეტევა მიიტანა ჩვენს ინტერნეტსივრცეზე და მწყობრიდან გამოიყვანა სამთავრობო თუ მედია სისტემები. მე ეს მახსოვს. ისიც მახსოვს, რომ ჩემს ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ეს კანონით არის გამყარებული. არ დამავიწყდება, რომ ჩემი სამშობლო, მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ოკუპაციაც კანონით არის დადასტურებული. ჰოდა, დროა ეს ყველაფერი გაიხსენოს მთავრობამ და ჩაერთოს პროცესში. მას აქვს საშუალება კანონის ფარგლებში იყოს ამ პროცესის მონაწილე, სხვა ალტერნატივებს შორის მას შეუძლია ,,კავკასუსთან'' მოლაპარაკებით შეისყიდოს ეს აქტივები. უკიდურეს შემთხვევაში, მოლაპარაკებისა და თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აქვს უკიდურესი ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციური საშუალება - ,,კავკასუსის'' აქტივების ექსპროპრიაცია სამართლიანი ანაზღაურებით. ეს მცირე ნაწილია. მთავარია, მთავრობამ და საზოგადოებამ საჯაროდ გამოთქვას პოზიცია და ჩაერთოს პროცესებში. მერე შეიძლება დაგვიანდეს''.
2015 წლის 15 დეკემბერს, შპს ,,მობიტელმა'' (,,ბილაინის'' მფლობელი კომპანია) და ,,კავკასუს ონლაინმა'' გაერთიანების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს. თუმცა ,,მობიტელამდე'', ,,კავკასუს ონლაინის'' აქტივების შეძენის სურვილი ჯერ ,,სილქნეტმა'', შემდეგ კი ,,მაგთიკომმა'' გამოთქვა. მართალია, „მაგთიკომმა“ ,,კავკასუსის'' აქტივების შეძენასთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისიის ნებართვაც მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ, ,,კავკასუს ონლაინს'' მაინც რუსული ,,მობიტელი'' შეიძენს.
„კავკასუს ონლაინი“ კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ მარეგულირებელ კომისიაში წარადგინა, მითითებულია: საცალო მომსახურების სეგმენტი - მაუწყებლობის ტრანზიტი (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურება შპს „მობიტელს“ გადაეცემა, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ,,კავკასუსი'' ოპერირებას გააგრძელებს. საქართველოს ინტერნეტბაზარზე, „კავკასუს ონლაინი“ მთავარი მოთამაშეების - ,,სანეტის'', ,,ჯორჯია ონლაინის'', ,,კავკასუს ნეტვორკისა'' და ,,ტელენეტის'' შერწყმის შედეგად, 2008 წელს შეიქმნა.
რაც შეეხება რუსულ ,,მობიტელს'', ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ეს კომპანია ,,ბილაინის'' სახელით, 2007 წლიდან ოპერირებს. ,,ბილაინის'' აბონენტთა რაოდენობა 1 205 201-ია, რაც მთლიანი აბონენტების 25%-ია. ამას თუ ,,კავკასუსის'' საცალო სეგმენტსაც დავუმატებთ, რუსული ,,მობიტელი'' საქართველოს ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. 10 მარტიდან, ,,მობიტელი'' ინტერნეტის 32.4%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის - 14%-ისა და ფიქსირებული კავშირგაბმულობის - 0.4%-ის მფლობელი გახდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ,,კავკასუსის'' ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 158 146-ია, რაც მთლიანი აბონენტების 32.4%-ია. სამაუწყებლო სივრცეში ,,კავკასუს ონლაინის'' წილი დაახლოებით, 13.8%-ია, ანუ ,,კავკასუსის'' ტელევზიით 53 361 აბონენტი სარგებლობს, მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიას კი 384 268 აბონენტი ჰყავს.
,,კავკასუს ონლაინი'' საქართველოს ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია. კომპანიის ხელმძღვანელობამ აქტივების გაყიდვა დაგროვილი დავალიანების გამო გადაწყვიტა. გარდა ინტერნეტბაზრის სერიოზული წილისა, ,,კავკასუს ონლაინი'' ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი, მაღალი გამტარუნარიანობის 1 200 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს. სწორედ ამ კაბელის საშუალებით, საქართველოს გარდა, მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი ინტერნეტს პირდაპირ ევროპიდან იღებენ. ,,კავკასუს ონლაინი'' საქართველოში ინტერნეტის მიწოდების 55%-ს, სომხეთში 85%-ს, აზერბაიჯანში კი 50%-ს უზრუნველყოფს.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი არ გაიყიდება
ფოთი-ვარნას დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, განგაშის ზარი ,,თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ შემოჰკრა. ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, იგი აცხადებდა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მაგისტრალური კაბელი ოკუპანტი რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა. ირაკლი ალასანიას ეს განცხადება ,,კავკასუს ონლაინის'' წარმომადგენლებმა მაშინვე უარყვეს. კომპანიაში განმარტეს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან საცალო სეგმენტის შესყიდვაზე მიმდინარეობდა. ,,კავკასუსის'' წარმომადგენლების თქმით, ეს პროცესი გამჭვირვალე იყო, რადგან კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებასაც აპირებდნენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაგზავნეს.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვატო აბაშიძემ განაცხადა, რომ ევროპისა და საქართველოს დამაკავშირებელი, ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი, რუსეთში დაფუძნებულ ჰოლდინგ ,,ვიმპელკომზე'' (,,მობიტელი'') არ გაიყიდება. მისივე თქმით, ,,კავკასუს ონლაინის'' წარმომადგენლებს ეს საკითხი დღის წესრიგში არც კი დაუყენებიათ: ,,ამ ეტაპზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელიც ბულგარეთის გავლით, საქართველოს ევროპასთან აერთებს, არ იყიდება და ვერ გაიყიდება! ამის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მაგისტრალის გაყიდვაზე მისმა მეპატრონეებმა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობა უნდა მიიღონ. ეს არ მომხდარა და ვერც მოხდება! ამ „კაბელის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერნეტით მომარაგების ერთადერთი არხი),…მას აქვს თავისი დანიშნულება და დატვირთვა. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების, უშიშროებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტულობის შენარჩუნების თვალსაზრისით''.
,,კავკასუს ონლაინის'' დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე, რომელსაც კომპანიის აქტივები ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაათმობინეს, 2012 წლიდან კომპანიის დაბრუნებას ითხოვს. ,,ვერსიაში'' დეტალურად ვწერდით, როგორ და რა ვითარებაში წაართვეს ბიზნესმენს კომპანია. მართალია, მამია სანადირაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, მაგრამ მისი საქმე თაროზეა შემოდებული. ახლა კი ირკვევა, რომ ,,კავკასუს ონლაინის'' აქტივები უკვე რუსული ,,მობიტელის'' ხელში გადავა. ,,ვერსიას'' მამია სანადირაძე ესაუბრება.
- ბატონო მამია, პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვა თითქოს თქვენ გადაწყვიტეთ.
- არა, ასე არ არის. სურვილი მაქვს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საბაზრო ფასით გამოვისყიდო, მაგრამ ახლანდელი მფლობელების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მომყიდიან თუ არა. სავარაუდოდ, ეს საკითხი საცალო ქსელის გაყიდვის შემდეგ გადაწყდება.
- რა სტადიაშია თქვენს მიერ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი, ამ ვითარებაში ,,კავკასუსის'' ახლანდელ მფლობელს აქტივების გაყიდვა შეეძლო?
- ჩემი საჩივარი პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ამ მხრივ, არანაირი პროგრესი არ არის. ,,კავკასუსის'' აქტივების გაყიდვას კი ვერაფრით შევაჩერებ, მაგრამ თუ ინვესტორების დახმარებით სადენს გამოვისყიდი, კარგი იქნება.
- დავაზუსტებ, სადენის გამოსყიდვა იმიტომ გინდათ, რომ ახლანდელმა მფლობელებმა არ გაყიდონ?
- გამოსყიდვა იმიტომ მინდა, რომ რაც დაგეგმილი მქონდა, ის შევასრულო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ,,კაბელის'' საშუალებით, საქართველო რეგიონული კვანძი გახდება და აქ ინტერნეტი ძალიან იაფი იქნება. 2008 წელს სწორედ მე გავიყვანე 1 200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ,,კაბელი'' შავი ზღვის ფსკერზე და საქართველო ევროპის სატელეკომუნიკაციო ხერხემალს მივუერთე.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც ,,მობიტელმა'' ჩაიგდოს ხელში.
- მაშინ ბარემ რუსეთის გუბერნიად დავრეგისტრირდეთ! გაზი მაინც ექნება ხალხს იაფად!
- მზად ხართ, ეს სადენი გამოისყიდოთ, მაგრამ ახლა უკვე ,,მობიტელს'' დაითანხმებთ ამაზე?
- მე კი ვარ მზად, მაგრამ თუ ,,მობიტელს'' უნდა, რომ ეს კაბელი იყიდოს, ვერაფერს გავაწყობ. მხოლოდ მარეგულირებელი კომისია თუ შეაჩერებს მის გასხვისებას. მეტიც, ეს კაბელი იმიტომ გავიყვანე, რომ საქართველო რუსეთისა და თურქეთის კონტროლს მომეშორებინა.
,,კავკასუსის'' მფლობელი ყარამანაშვილები
,,ვერსიაში'' ყარამანაშვილების ბიზნესინტერესების შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გამოვაქვეყნეთ. ჩვენს მიერ მოკვლეულ მასალებში, ძმების - ლევან და გიორგი ყარამანაშვილების სახელი, როგორც ,,რუსთავი 2''-ის, ასევე ,,კავკასუს ონლაინის'', ,,ბილაინისა'' და რესტორნების ქსელ GMC ჯგუფის მფლობელებს შორის ფიგურირებდა. მეტიც, ლევან ყარამანაშვილის სახელი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეშიც კი ამოტივტივდა. ვიდრე უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან გაფლანგული დიდი ოდენობის თანხის გამო დააკავებდნენ, მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. იმ პერიოდში, ,,ვერსიამ'' ექსკლუზიურად მოიპოვა გამოძიების მასალები, რომლითაც რიყის რეაბილიტაციის პროექტში, რასაც ამ ტერიტორიაზე განთავსებული რესტორნები 2005 წელს ,,შეეწირა'', ლევან ყარამანაშვილის სახელი იყო მითითებული. ,,ვერსიის'' ექსკლუზიური ინფორმაციით, 2006 წელს, თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია, 7 მილიონ აშშ დოლარად, შპს ,,ახალ რიყეს'' განვადებით მიყიდა. ,,ახალი რიყის'' 100%- იანი წილის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ,,GMC ჰოლდინგია'', რომლის დირექტორი ლევან ყარამანაშვილია. სწორედ მისი ძმა, გიორგი ყარამანაშვილი და მიხეილ სააკაშვილი სწავლობდნენ კიევში ერთად, მაგრამ გარდა ამისა, ლევანი ექსპრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენის, რეზო შარანგიას დის ქმარიცაა. თავის მხრივ, რეზო შარანგია, ,,GMC ჰოლდინგის'' ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მას შემდეგ, რაც რიყე შპს ,,ახალმა რიყემ'' შეიძინა, ტერიტორიის 20%-ის გამწვანება, საფეხმავლო ხიდის აშენება და ინვესტიციების მოზიდვა დაევალა, თუმცა კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ერთი ვალდებულებაც არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მერიისგან ნაყიდი ტერიტორიის 80%, რამდენიმე თვეში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა. საფეხმავლო ხიდი რიყეზე მართლაც აშენდა, ოღონდ 2010 წელს, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა! 2006 წელს, შპს ,,ახალმა რიყემ'', თბილისის მერიისგან 7 მილიონ აშშ დოლარად ნაყიდი რიყის ტერიტორია 2008 წელს თბილისის მერიას დაუბრუნა, ოღონდ 17 მილიონ აშშ დოლარად. ამ გარიგებით, ყარამანაშვილმა და შარანგიამ 10 მილიონი აშშ დოლარით იხეირეს.
,,საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის'' საინფორმაციო ბაზაში ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა გაშიფრეს, სადაც ლევან ყარამანიშვილიცაა ნახსენები, რომელიც ორი ოფშორული კომპანიის - Delgado Resources-ისა და Watertrial
Industries-ის თანამფლობელია. ამავე კომპანიებში წილებს ფლობენ რევაზ ელიავა, თეიმურაზ არონია და ხვიჩა მაქაცარია. საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სიდიდით მესამე ფიჭური ოპერატორის - ,,ბილაინის'' (,,მობიტელი'') 51%-ის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული და ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული Watertrial Industries -ია. მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, ამავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან. ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ,,ბილაინის'' კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას - Investico Aliance-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს.
ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები იკვეთება ,,კავკასუს ონლაინშიც''. ბოლო მონაცემებით, ამ კომპანიას სამი ოფშორული კომპანია - Growth Master Holdings- i (44%), Nelgado Limited- i (19.8%) da International Online Networks (36.2%) ფლობს. თავის მხრივ, Nelgado Limited, International Online Networks-ის აქციათა 30%-ის მფლობელია, დანარჩენ წილებს კი რევაზ ელიავა, ხვიჩა მაქაცარია და Lexus Group Limitedიყოფენ. რევაზ ელიავა და ხვიჩა მაქაცარია, ყარამანიშვილთან ერთად, ,,მობიტელის'' (,,ბილაინი'') აქციონერი DelgadoResources-ის მეწილეებიც არიან.
ფაქტია, რომ ,,კავკასუსის'' მფლობელი ყარამანაშვილები, ხვიჩა მაქაცარია და რევაზ ელიავა, ,,მობიტელშიც'' ფლობენ წილებს. შესაბამისად, ,,კავკასუს ონლაინისა'' და ,,მობიტელის'' გაერთიანებით, ბევრი არაფერი იცვლება. მიტ უმეტეს, რომ რუსული ,,ბილაინი'' საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია, ოპერირებს. მთავარია, ,,მობიტელს'' ფოთი-ვარნას დამაკავშირებელი, 1 200 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი არ ჩაუვარდეს ხელთ.