„ნაცმოძრაობა ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებს ჯაჭვის გაკეთებას, რადგან ევროპას „გაზპრომი“ ამარაგებს“

„ნაცმოძრაობა ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებს ჯაჭვის გაკეთებას, რადგან ევროპას „გაზპრომი“ ამარაგებს“

საქართველომ რუსულ და ირანულ გაზზე ამჯერადაც უარი თქვა და კვლავ აზერბაიჯანული აირის ერთგული დარჩა. ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ სასურველი შედეგი გამოიღო. საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარს“ შორის ხელი უკვე მოეწერა. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.

დამატებით 500 მლნ კბ/მ-ის გარდა, საქართველო აზერბაიჯანისგან სხვა სარგებელსაც მიიღებს: შემცირდება „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ დააბალანსებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

„საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კბ/მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, -აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

შესაბამისად, ირანიდან გაზის შემოტანის საჭიროება აღარ არის. „როდესაც იყო საუბარი, რომ ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემებია, ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად ირანთანაც დავიწეთ საუბარი. გვქონდა შეხვედრა და საუბარი იმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად იყო საშუალება მიგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დღეს საჭიროება არ არის. ჩვენ სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშკერულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეწყდა „გაზპრომთანაც“. ამჟამად საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სომხეთში გასატანი გაზის ტრანზიტის ანაზღაურების ფორმატზე. ქართულმა მხარემ „გაზპრომს“ ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა. რამდენდაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკება არ არის დასრულებული, შესაბამისად, ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ „გაზპრომს“ გადავუგზავნეთ ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ. საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრს აინტერესებს როგორ მოიქცევა ამიერიდან „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 6 მარტს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავდა? „ნაცმოძრაობა ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებს ჯაჭვის გაკეთებას, რადგან იცით, რომ ევროპას „გაზპრომი“ ამარაგებს“, - აღნიშნა კალაძემ, - „მგონი, შეცვალეს თავისი ჩანაფიქრი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ისინი აპირებენ ევროპულ ქვეყნებში ჯაჭვის გაკეთებას“.

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ყურადღება გამახვილდა რუსთავის აზოტის ქარხანის პრობლემებზე. გაირკვა, რომ „აზოტსა“ და „სოკარს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

„როგორც ვიცი, „აზოტთან“ „სოკარის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა და გარკვეული შეთანხმება არის მიღწეული. ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და ეს პრობლემაც მოგვარდება.

არავის დათხოვნა არ მოხდება. „აზოტი“ შეჩერებული იყო სარემონტო სამუშაოების გამო. როდესაც მიდის სარემონტო სამუშაოები, ქარხნის ამუშავება ვერ მოხდება. ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, „აზოტის“ მუშაობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ყურადღება გაამახვილა გაზსაცავის მშენებლობის საკითხზეც და ხაზის გაუსვა, რომ ეს ქვეყანას ძალიან დიდ შეღავათს მისცემს და ბუნებრივი აირით მოსახლეობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.

„2018-2019 წელში, როდესაც მოხდება შაჰდენიზის მეორე ფაზის დასრულება, საქართველოს ექნება შესაძლებლობები, მიიღოს დამატებითი მოცულობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ეს არის გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც ძალიან დიდ შეღავათს მოგვცემს“, - განაცხადა კალაძემ.

„სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სოკარი“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს.

„მადლობა საქართველოს პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს, რომლებმაც ამ საქმეში დაგვიჭირეს მხარი და მათ ამ ხელშეკრულების შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვით. „სოკარი“ განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და კომპანია მრავალ ინვესტიციას ჩადებს საქართველოში“, - განაცხადა აბდულაევმა და აღნიშნა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სტაბილურ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.