ახალაშენებული კორპუსებისდმი ეჭვი უფრო გაძლიერდა. საქმე ისაა, რომ მშენებლების პროცესს არავინ აკონტროლებს და არც მასალების ხარისხის შემოწმებით იწუხებს თავს ვინმე. სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ ბეტონის მარკა დასაშვებზე უფრო დაბალია და ახალი კორპუსები დროთა განმავლობაში დაშლას დაიწყებს.
ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელის, ანზორ საკანდელიძის განცხადებით, თბილისში ათი წლის წინ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები არამყარია და დროთა განმავლობაში მათი დანგრევის საფრთხეც არსებობს. იმისათვის, რომ ბეტონის მწარმოებელ ქარხნებს მოგება ენახათ, ბეტონის სიმტკიცე დასაშვებ ნორმაზე გაცილებით დაბალი იყო, ამის მაკონტროლებელი კი არც იმ დროს და არც დღეს, არავინაა.
„2004 წელს მოგვეცა ამის შემოწმების საშუალება. როდესაც მანუჩარ მაჩაიძე საკრებულოს დეპუტატი, მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე გახდა, შევარჩიეთ სპეციალისტები, დავიყავით ჯგუფებად და ვამოწმებდით პირველ-მეორე სართულებს, რომელზეც დამოკიდებულია შენობების მდგრადობა, სიძლიერე და გამძლეობა. ერთ დღეში 40-მდე ობიექტი შემოწმდა, ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი და აღარ შეგვიშვეს. სამწუხაროდ, შედეგები ზუსტად ისე იყო, რასაც ვფიქრობდი, 40-ივე ობიექტზე ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად გამოვიდა 150 მარკა და უფრო ქვევით.
შენობა უცებ კი არ ინგრევა, დროთა განმავლობაში ბზარები უჩნდება, ნელ-ნელა იწყებს დანგრევას და დაშლას, ღმერთმა დაიფაროს, მიწისვძრა რომ მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოუვიდეს. პირველი შემოწმების მერე 10-12 წელი გავიდა და ახლა მაინც შეამოწმონ ეს შენობები, კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს, არადა მათი შემოწმება აუცილებელია. დღესაც იგივე მდგომარეობაა, უპატრონოდაა მიგდებული ყველაფერი და სანამ პატრონი არ გამოჩნდება, არაფერი ეშველება“, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო პროცესში გარკვეულ ხარვეზებს ადასტურებს, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ახლადაშენებულ კორპუსებში ასეთი საგანგაშო მდგომარეობა იყოს.
„თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ 40 ობიექტი დაინგრევა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ორგანოების დაინტერესება და შემოწმება, ეს მერიის სამსახურები იქნება თუ პროკურატურა. როცა მშენებლობის პერიოდში ამოწმებ ბეტონს, ეს სხვაა და ახლა სხვა დროში ვართ, სხვა საშუალებები არსებობს შესამოწმებლად და მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს შეამოწმოს ეს ობიექტები. ამის გამოძიება უმარტივესი რაღაცაა. ჩემ პოზიციას კი ვამყარებ იმით, რომ 2002 წელს იყო ძალიან ძლიერი მიწისძვრა და ახლადაშენებულ კორპუსებს არანაირი ბზარი არ გაჩენიათ. ბეტონის მარკების რაოდენობა დამოკიდებულია თავად მშენებლობის ტიპზე. ეს ყველაფერი სანახავია“, - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
როსტომაშვილი ყურადღებას ამახვილებს პროფესინალიზმზე და მშენბელთა კვალიფიკაციაზეც.
„აქ არის მეორე საკითხი - პრაქტიკულად, პროფესიონალები არ გვყავს. მაგალითად, დღეს ვერ მეტყვით სახელმწიფო სამსახურში რამდენ პროცენტს აქვს საინჟინრო განათლება და რამდენმა პროცენტმა იცის ნახაზის კითხვა... პრობლემას ვერ ვხედავ სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე, ასეა თუ ისე, უკვე დიდი ხანია არიან. პრობლემა არის მუშახელი, რომელიც არ არის პროფესიონალი და ეს აისახება ხარისხზე“, - აღნიშნავს როსტომაშვილი.
არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, წლების წინ მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო მასალებზე ორმხრივი კონტროლი იყო, რაც უზუსტობას და საფრთხეს გამორიცხავდა, დღეს კი სამშენებლო მასალები არ კონტროლდება. შესააბამისად, იგი ბეტონის ფალსიფიცირების და ამ მასალებით აშენებული შენობების დანგრევის საფრთხეს არ გამორიცხავს.
„რეგლამენტით ადრე იყო ასე, რომ როდესაც ბეტონი მოდიოდა ბეტონის გადამზიდი მანქანით სამშენებლო ობიექტზე, მშენებელი ვალდებული იყო ბეტონი მიეტანა ლაბორატორიაში და გამოეცადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ როგორ მიდიოდა მარკირების პროცესი, ანუ იყო თუ არა ის მარკა, რაც დაუკვეთა. დღეს სამშენებლო პროცესში ასეთი მოთხოვნა აღარ არის, კონტროლის მექანიზმი ორმხრივი არაა.
მსოფლიოშიც ასეთი პრაქტიკაა, ორმაგი კონტროლი ხდება ხარისხის: ერთი - გამომშვებ ქარხანაში, მეორე კი სამშენებლო მოედანზე. ახლა სამშენებლო ადგილზე აღარ მოწმდება ქარხნიდან მიღებული მასალა, არადა ზედამხედველობის სამსახური ამას მუდმივად უნდა ამოწმებდეს“, - განუცხაადა „ბიპიენს“ ნიკოლოზ აბაშიძემ.