მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 2-3 თვეში დადგინდება

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 2-3 თვეში დადგინდება

წლები გადის და საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემა ვერაფრით გვარდება. მატერიალურ მხარესაც რომ თავი დავანებოთ, მათ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მორალური მხარდაჭერაც კი არ აქვთ. ყველაზე მეტად კი მრავალშვილიანებს საცხოვრისის საკითხი აწუხებთ.

დედის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ასევე ქვეყანაში დემოგრაფიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა:

„სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განსაზღვრული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში მრვალშვილიანად 7-შვილიანი ოჯახი ითვლებოდა და მალე ესეც გააუქმეს. დღეს არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. მაგალითად, სხვადასხვა სამინისტროს 3-შვილიანი ოჯახები ჰყავთ მიჩნეული მრავალშვილიან ოჯახებად და შესაბამისი პროგრამებიც მათთვის მოქმედებს, მაგრამ თვითმმართველობები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ და მრავალშვილიანებად 3, 4, 5 ან მეტშვილიან ოჯახებს მიიჩნევენ.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, თუ რომელი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად. რამდენიმე თვეა ჩემი კომიტეტი მუშაობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე, გვაფერხებს მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, რითაც გვეცოდინება დღევანდელი მონაცემები, თუ რამდენი გვყავს 3, 4 და მეტშვილიანი ოჯახები.

ფაქტია, მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ქვეყანაში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია, ასეთი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა, სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

„გენი ქართულის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ანთიას განცხადებით, უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანობა სოციალურად დაუცველის სტატუსთან ასოცირდება. მრავალშვილიანები მისაბაძი უნდა გახდნენ ახალგაზრდებისთვის.

„საერთაშორისო კვლევებით ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული მდგომარეობით კატასტროფის პირასაა. ჩვენ გვინდა ასეთი ოჯახების წახალისება და მხარდაჭერა, რათა მათაც და მათმა შემხედვარეებმაც მეტი შვილი იყოლიონ. მრავალშვილიანები მისაბაძი უნდა გახდნენ ახალგაზრდებისთვის. ამისთვის უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. უპირველესად უნდა დაიმსხვრეს ამჟამინდელი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანობა პირდაპირ ასოცირდება სოციალურად დაუცველის სტატუსთან. მრავალშვილიანობა არის ქვეყნის სიძლიერე და ერის მომავალი. ქვეყანა, სადაც დემოგრაფიული საკითხები მოგვარებულია, უფრო სწრაფად და მეტადაც ვითარდება“, - განაცხადა ნათია ანთიამ.

მისი თქმით, განხორციელებულმა სოციალურმა პროექტებმა აჩვენა, რომ მრავალშვილიანებს მრავალმხრივი დახმარება სჭირდებათ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა და ის უნდა იყოს ასეთი ოჯახების გამრავლებით დაინტერესებული.

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა კი ჩაატარა მცირე კვლევა პრობლემების შესასწავლად და დაადგინა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების მთავარი დამაბრკოლებელი არის საცხოვრისის პრობლემა. დიდ ქალაქებში და ნაწილობრივ სოფლებშიც ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

„ეს მასშტაბური პრობლემაა და სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. მართალია, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით შობადობა გაზრდილია, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ მძიმე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და აუცილებელია ქვეყნის ძლიერი და მრავალწლიანი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება“, - აცხადებენ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს დაბადებულთა რაოდენობა 11 548-ით აღემატებოდა გარდაცვლილთა რაოდენობას (60 635 დაბადებული და 49 087 გარდაცვლილი) 2013 წელს - 9 325-ით (57 878 დაბადებული და 48 553 გარდაცვლილი); 2012 წელს - 7 683-ით (57 031 დაბადებული და 49 348 გარდაცვლილი). არაოფიციალური მონაცემებით, 12 ათასიანი მატებაა 2015 წელსაც.