მცირე ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს. მთავრობაში შესაბამის კანონპროექტზე მუშაობენ, თუმცა ამის შესახებ ბიზნესმენებს სათანადო ინფორმაცია არ გააჩნიათ. გამოდის, რომ ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.
„მცირე მწარმოებელთა და მცირე ბიზნესის კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ქუთათელაძე ამბობს, რომ აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს და საჭიროა ბიზნეს სტიმულების შექმნა. სამი წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები არ ყოფილა, არადა აუცილებელია, რომ მცირე მეწარმის სტატუსი, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირზე ვრცელდება და დღგ–სგან განთავისუფლებას ითვალისწინებს, იურიდიულ კომპანიებზეც გავრცელდეს და დღგ-ს ბრუნვის ზღვარი 100 ათასიდან 300-400 ათასამდე გაიზარდოს.
ქუთათელაძე დასძენს, რომ დღეს მცირე ბიზნესთან შეხვედრის დეფიციტია. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები მცირე მეწარმეებთან კონსულტაციის შემდეგ გატარდეს.
დღგ-ს ბრუნვის ზღვარის გაზრდის მომხრეა „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარეც. გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ კავშირი მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში პრემიერის ეკონომიკურ საბჭოს ინიციატივით მიმართავს. მისი აზრით, ამით სახელმწიფო ბიუჯეტს იმდენი არ დააკლდება, რომ კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს.
„ეს მცირე ბიზნესის გარკვეული ნაწილისთვის დიდი შეღავათი იქნება. მათ გაფართოების საშუალება მიეცემათ. აღარ შეეშინდებათ ზღვარს გადასცდნენ. ხშირად არის ხოლმე, რომ კომპანიები იმის გამო, რომ 100 000 ბრუნვას არ გადასცდნენ, სხვა კომპანიებს აფუძნებენ და რეალურად ერთდროულად 2-3 კომპანიას მართავენ. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისივე განცხადებით, საგადასახადო კანონმდებლობაში განსასაზღვრია ბიზნესის სტატუსიც. ანუ დღეს არის მიკრო და მცირე მეწარმის ცნება, თუმცა, არ არის ცალკე განმარტებული საშუალო და მსხვილი ბიზნესის დეფინიცია. პარალელურად კარგი იქნება თუკი საშუალო და მსხვილი ბიზნესის სტატუსებიც ჩაიდება კოდექსში და ამას რაიმე ხელშესახები შეღავათები მოჰყვება.
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ბიზნესის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობაც მუშაობს. მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში ბიზნესმენთა მონაწილეობით მზადდება კანონპროექტი - „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის“ შესახებ, სადაც დეტალურად გაიწერება ცნებები - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით. ასევე გამარტივდება ასეთი ზომის ბიზნესების ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო შემოწმება.
ამ კანონპროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიკრობიზნესმენის სტატუსის მისაღებად ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 30 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე იზრდება, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ზღვარი - 10 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო საშუალო ბიზნესისთვის - 50 მილიონ ლარამდე. თუკი კანონპროექტი ამ ფორმით შემუშავდა და მერე დამტკიცდა, გამოდის, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესმენები ითხოვენ.
„თუ ეს გაკეთდა, ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ფინანსთა სამინისტრო ამ კანონპროექტზე აქტიურად მუშაობს და ჩართულია ბიზნესიც. თქვენ წარმოიდგინეთ, 1 მილიონ ლარამდე ბრუნვის ზღვარი განისაზღვრება მიკრობიზნესისთვის და მას გამარტივებული ბუღალტერია ექნება“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე და აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში გადასახადების კუთხით პრობლემა აღარ იკვეთება. თუკი ეს კანონპროექტიც მალე დამუშავდა, მათ აღარც კანონმდებლობასთან ექნებათ პრეტენზია.