ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროების მუშებმა 17-დღიანი გაფიცვა უკვე შეწყვიტეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომლითაც ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროების მფლობელი კომპანია ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი'' 1 025 მუშას ხელფასს 5-დან 10 %-მდე გაუზრდის. გახარია ტყიბულში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩავიდა. ტყიბულის მაღაროში საწარმოო პროცესი სრულად 1 მარტს, 12.00 საათზე აღდგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს, ასევე გაფიცვის პერიოდში, 2016 წლის 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით, გაცდენილი სამუშაო დღეებიდან, კომპანია ნახევარ ხელფასს აანაზღაურებს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულებს გამოუყენებელი ან გამოსაყენებელი შვებულების ხარჯზე ანაზღაურდება. შექმნილი მდგომარეობის გამო, დასაქმებულთა მიმართ ადმინისტრაციულ-დისციპლინური სანქციები არ გატარდება. ტყიბულის გამგეობის შენობაში მოლაპარაკება 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის'' ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე და მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტის წევრები.
ბეჟუაშვილების ორმაგი თამაში
ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ, ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებდა. კომიტეტმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც მითითებული იყო, რომ ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი'' გარკვეული უბნების კონსერვაციით იმუქრებოდა, პარალელურად კი გაფიცულებსა და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა გაძლიერდა: ,,თუ მთავრობას არ უნდა, სოციალური აფეთქება მიიღოს, რეალური ნაბიჯი გადადგას, რაც ორიენტირებული იქნება მშრომელი ხალხის სამართლიან მოთხოვნებზე და არა ბიზნესინტერესებზე. ბრძოლა ტყიბულისთვის, ესაა ბრძოლა დანარჩენი საქართველოსა და ჩვენი მომავლისათვის. ამ ბრძოლით იმ ქალაქების ბედი წყდება, რომლებიც მშრომელი ხალხის ზურგზე დგანან. ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი ღირსებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ისტორიული ფრონტის წინა ხაზზე ვდგავართ. ნორმადქცეული ჩაგვრის წინააღმდეგ ვიბრძვით''.
მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროები ოფიციალურად, ძმების - დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის'' საკუთრებაა. შესაბამისად, მაღაროელთა პრობლემები სწორედ პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს უნდა მოეგვარებინა, თუმცა წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მილიარდერი დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იშვიათად, უფრო ზუსტად, თითქმის არ ჩნდება და დიდად არც პრესას სწყალობს. სამთავრობო კულუარებში ბევრს საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა (პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, ის ამ პარტიის სახელით, თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ახლაცაა), ხელისუფლებაში ყველა პრობლემა ,,მოაგვარა''.
როგორც ჩანს, ეს მოარული ხმები არც ისე უსაფუძვლოა, რადგან ორიოდე წლის წინ, ,,ვერსიამ'' ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც საქართველოდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანზიტს, სწორედ ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია ახორციელებს. ,,ინტერ რაოს'' ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველო-თურქეთს შორის ,,ბორჩხა-ახალციხის'' ურთიერთდამაკავშირებელი, 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა. ,,ვერსიის'' კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოდან ამ ტრანზიტში დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია მონაწილეობს. იმის გამო, რომ ფაქტობრივად, ეს ელექტროენერგიის რეექსპორტია, ტენდერი ვერ ჩატარდებოდა. სამაგიეროდ, 2014 წლის 3 ნოემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იმპორტიორად დაარეგისტრირა. წყარო გვიამბობს, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის'' მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად სწორედ ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია'' - სსეკ (,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილი კომპანია) გამოცხადდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გოზალიშვილია.
უცნობია, რა ფასად ყიდულობს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია'' ელექტროენერგიას რუსეთიდან, მაგრამ ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარების საფასურად, ამ კომპანიას 1 ცენტიც რომ დარჩეს, 1 წლის განმავლობაში ეს, დაახლოებით, 25 000 000 აშშ დოლარი გამოდის, რაც ბეჟუაშვილის კუთვნილ კომპანიას მოგების სახით რჩება. წყარო გვიამბობს, რომ წელიწადში საშუალოდ, 2 მილიარდი კილოვატსაათია, ამიტომ გამორიცხული არ არის, ამ კომპანიის მოგება 25 000 000 დოლარს აჭარბებდეს კიდეც.
ორი წლის წინ, ხელისუფლებამ უპრობლემოდ დახუჭა თვალი იმ ფაქტზე, რომ მილიარდერი დეპუტატის ქონება ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით გაზრდილიყო, ამიტომ რა გასაკვირია, რომ 17 დღის მანძილზე, გაფიცულ მაღაროელებთან მიმართებაში, თავში აზრად არავის მოსვლია, პასუხი ბეჟუაშვილებისთვის მოეთხოვა. ყოველ შემთხვევაში, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის'' ზუსტად ორი წლის წინ დადებული პირობის შესრულება ხომ მაინც უნდა შეეხსენებინათ ოფიციალურად? ამ პირობის მიხედვით, ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფს'' სწორედ იმ მაღაროების რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა, რომელთა კონსერვაციითაც მაღაროელებს ემუქრებოდნენ და რის გამოც ტყიბულელები შველას ხელისუფლებისგან ითხოვდნენ!
ქსნის ,,მინის ქარხნის'' მუშებიც ორ კვირაზე მეტია გაიფიცნენ. მათაც იგივე მოთხოვნები აქვთ - ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაფიცვას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშებიც აპირებენ. მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მაგრამ ფაქტია, საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზეა და ეს სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება. როგორც ჩანს, დავით ბეჟუაშვილმა მართლაც ისე ,,დაალაგა'' ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომ ,,კეთილი ინება'' და კრიტიკულ მომენტში, ტყიბულის მაღაროში სამუშაო პროცესი სწორედ მაღაროელთა პროტესტის კულმინაციის პიკზე განაახლა. რაც მთავარია, მილიარდერი დეპუტატი მაღაროელთა მოთხოვნების მინიმუმს შეასრულებს, ანუ დასაქმებულებს 40%-ის ნაცვლად, ხელფასს მხოლოდ 5-10%-ით გაუზრდის!
რას წარმოადგენს ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი''
ძიძიგურისა და მინდელის მაღაროების მფლობელი კომპანიის შესახებ საჭირო ცნობებს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' ოფიციალურ ვებ-გვერდზე წავაწყდით. სწორედ კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მიაგნო ,,ვერსიამ'' იმ პრობლემის გასაღებს, რომლის გადაჭრასაც ტყიბულელი მაღაროელები უკვე 17 დღეა ითხოვენ.
20-წლიანი გამოცდილების მქონე ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი'' ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირსა და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 20-წლიანი ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანია ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. ,,ჯი აი ჯი ჯგუფი'' კი საქართველოში ნახშირის მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა და ამასთან, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ნახშირის ისეთ აქტივებს ფლობს, როგორებიცაა ტყიბული-შაორისა და ვალეს საბადოები. ნახშირის მოპოვების ბიზნესში, ეს კომპანია შპს „საქნახშირის“ სახითაა წარმოდგენილი. შპს ,,საქნახშირი'' აწარმოებს ნახშირის მოპოვება- გამდიდრება-გაყიდვას. მოპოვების ლიცენზიებით, კომპანიის მფლობელობაშია 407 მილიონი ტონა ნახშირის დეპოზიტები. კომპანიამ წარმატებით განახორციელა ორი მნიშვნელოვანი, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროების რეკონსტრუქცია და 2009 წელს, ნახშირის-გამამდიდრებელი ახალი ქარხანაც გახსნა. მოპოვების მოცულობამ 2014 წელს 350 000 ტონა შეადგინა. მოპოვებული ნახშირის დიდი წილი გრძელვადიანი კონტრაქტებით (1 წელი ან მეტი) ადგილობრივ მომხმარებლებზე იყიდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია წლიური მოპოვების მოცულობის 1.5 მილიონ ტონამდე ზრდას გეგმავს, რათა მზარდი ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ექსპორტი დაიწყოს. 2014 წლის მონაცემებით, კომპანიას ტყიბული-შაორის ლიცენზიით, 331 მილიონი ტონა ქვანახშირის მარაგი ჰქონდა; ქვანახშირის წლიური წარმოება 350 000 ტონა იყო; მთლიანი შემოსავალი კი 34 300 000 ლარი. 2014 წელს, დასაქმებულთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა 1 450 კაცს მიაღწია.
ტყიბულის მაღაროში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო 2006 წლიდან. მას შემდეგ განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების შედეგად, ,,საქნახშირი'' სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია გახდა საქართველოს ინდუსტრიულ სივრცეში. ტყიბულში არსებული ნახშირის ლიცენზიის ფარგლებში, კომპანია ნახშირის მაღაროს რეკონსტრუქციასა და განვითარებას გეგმავს. ამ პროექტით, ქვანახშირის წლიური მოპოვება 2 მილიონ ტონამდე გაიზრდება. განვითარებისათვის კომპანიას დაახლოებით 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.
ბეჟუაშვილების ქონება და წილები
,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ 1999 წელს, მაშინდელი მმართველი პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ სახელით დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ხოლო 2004, 2008 და 2012 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსს ატარებდა. ჯერ კიდევ 2000 წელს, საქართველოს პროკურატურამ, დიდძალი თანხების მითვისების გამო, დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა რამდენჯერმე მოითხოვა კიდეც, თუმცა უშედეგოდ. დავით ბეჟუაშვილი გელა ბეჟუაშვილის უმცროსი ძმაა, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, გელა ბეჟუაშვილი პირველი სამოქალაქო პირი იყო, რომელიც თავდაცვის მინისტრად დანიშნეს; მოგვიანებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო; 2008 წლის თებერვლიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნეს.
არაოფიციალური მონაცემებით, ძმები ბეჟუაშვილების ქონების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღწევს. ბეჟუაშვილების აღზევების ხანა 1998 წლიდან იწყება, როცა ძალიან იაფად და იოლად დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას. მათ შორის, გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოსა და სომხეთში ხორციელდებოდა. ეს სახელმწიფო კომპანია ძმებმა ხელში მიხეილ სააკაშვილის მფარველობის შედეგად ჩაიგდეს, რომელიც 1998 წელს, ფრაქცია ,,მოქალაქეთა კავშირის'' თავმჯდომარე იყო. სააკაშვილისა და ბეჟუაშვილების კავშირს უფრო ღრმა ისტორია აქვს - გელა ბეჟუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი კიევის უნივერსიტეტში თანაკურსელები იყვნენ.
,,საქტრანსგაზმრეწვის'' საშუალებით, რომელსაც მოგვიანებით „საქგაზი“ უწოდეს, ბეჟუაშვილებმა უზარმაზარი კაპიტალი დააგროვეს. რუსეთიდან საქართველოში გაზის ტრანსპორტირების სქემაში ,,საქგაზი'' შუამავალი კომპანიის ფუნქციას ასრულებდა. ბეჟუაშვილების კუთვნილი კომპანია ამ სქემიდან ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ამოაგდეს, შედეგად კი 65-თეთრიანი გაზის ტარიფი, 45 თეთრამდე შემცირდა. არადა, წლების მანძილზე, ძვირი, გაორმაგებული გაზის საფასური, თბილისელების ჯიბეებსაც აცარიელებდა და ძალიან მალე, კომპანია „თბილგაზიც“ გააკოტრა, სხვა მსხვილ ქართულ საწარმოებს კი ვალები აჰკიდა.
,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, ბეჟუაშვილების ქონება უფრო გაიზარდა. მათი კუთვნილი ჰოლდინგი - ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი'' ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 345 მეგავატია. ამავე ჯგუფში შედის, „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის ნახშირის მაღაროებს ამუშავებს. ბეჟუაშვილების კუთვნილი ჰოლდინგი, კომპანია „ინტერტრანსის“ საშუალებით, საქართველოს რკინიგზით შემოსული კონტეინერების განბაჟების პროცესსაც აკონტროლებს. ,,ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა'', სს ,,ქართული ლუდის კომპანია'' და უძრავი ქონების კომპანია ,,ტიფლის სითიც'', ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილი კომპანიებია.
ბეჟუაშვილები სერიოზულ წილს ფლობენ საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრებზე. ბოლო წლებში, ძმების კომპანია „გლობალტრანსმა“, ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი მოიგო.