რატომ უჯდება ქართველ მომხმარებელს 16 თეთრი ელექტროენერგია, რომლის თვითღირებულება 4,5 თეთრია

რატომ უჯდება ქართველ მომხმარებელს 16 თეთრი ელექტროენერგია, რომლის თვითღირებულება 4,5 თეთრია

ელექტროენერგიის ტარიფი ლამის დღიდან დამოუკიდებლობისა მუდმივად იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ის ჩვენს ქვეყანაში, რეალურად, 13-სა 17-თეთრს შორის მერყეობს და, მოარული ხმებით, მატების პერსპექტივაც გააჩნია. რაკი ყველაფერი შედარებითია, გადავხედოთ ჩვენი მეზობლებისა და მეგობრების ტარიფებს: მეზობელ სომხეთში 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგია 3 ცენტი ღირს, აზერბაიჯანში – 5 ცენტი, ჩრდილოეთით, ანუ რუსეთში – 7 ცენტი, თუმცა არანაკლებ მეზობელ-მოყვარე თურქეთში, დაახლოებით, 15-17 ცენტი. მეორე მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოსთან შედარებით მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ, საბერძნეთში მოსახლეობისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 11,57 ცენტი ღირს, იგივე ფასია ლატვიასა და ესტონეთში, ლიტვაში ოდნავ მაღალი – 12,29 ცენტი. ჩეხეთში – 16,55 ცენტი, ფინეთში – 17,9 ცენტი, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში – თითქმის 20 ცენტამდე, ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში, ყველაზე მაღალი ტარიფია დანიაში – 38,71 ცენტი, მას ოდნავ ჩამორჩება იტალიური ტარიფი. საშუალოდ კი, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ტარიფი 14,8 ცენტია.

ბოლო წლებში ქართული ენერგოსისტემა, ძირითადად, საკუთარი ჰესების სიმძლავრეებს იყენებს. ვნახოთ, რა უჯდება ქართულ ენერგეტიკას ქართული მდინარეების ელენერგიად ქცევა: სემეკის 2008 წლის დადგენილებით, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური არ უნდა აღემატებოდეს: „ენგურჰესისთვის“ – 1,187 თეთრს; „ვარდნილჰესების კასკადისთვის” – 1,17 თეთრს; „ვარციხჰესისთვის” – 1,25 თეთრს, „ხრამჰესისთვის” – 1,76 თეთრს. თუმცა არის უფრო ძვირი ჰესებიც: მაგალითად, „ძევრულჰესისა“ და „აწჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი 3,85 თეთრია, „შაორჰესის“ – 3,82 თეთრი. „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის“ კი, საერთოდაც, 7,16 თეთრი. შედარებით ძვირია თბოელექტროსადგურებისთვის დაწესებული ტარიფები: თბილსრესის მეცხრე ლეგენდარული ბლოკის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მაქსიმალურ ფასად სემეკს 9,11 თეთრი აქვს დაწესებული; თბილსრესის მესამე, მეოთხე და მერვე ენერგობლოკებისთვის კი – 9,8 თეთრი.

მართალია, ელექტროენერგიას ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულება აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულებაში ელექტროენერგიის კომპონენტს საკმაო წილი უჭირავს, რაც მის გაძვირებას იწვევს და არაკონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო ბაზარზე. აქვს თუ არა ქართულ შუქს გაიაფების შესაძლებლობა და, რეალურად, რამდენი უნდა ღირდეს საქართველოში ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, საკითხს ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი გენადი მესხია განგვიმარტავს.

რა ჯდება საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია და რა წილი უჭირავს შეწონილ ტარიფში ძვირ, ანუ თბოელექტროენერგიას?

– ნებისმიერი სისტემა ეფუძნება პრინციპს: დანახარჯები, გადასახადები და მოგება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცავს შემდეგ მდგენელებს: წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა, განაწილების, დანაკარგებისა და სხვა სამსახურების ტარიფებს. სწორედ ამ კომპონენტების შეკრებით მიიღება სამომხმარებლო ტარიფი. წარმოების ტარიფი ჩვენთან, საქართველოში ჰიდრო და თბოელექტროენერგიიდან მიიღება. მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ჰიდროენერგია ბევრად უფრო იაფია.

რამდენჯერ?

– დაახლოებით, 3-4-ჯერ, ვიდრე თბოენერგია. შესაბამისად, როდესაც ტარიფი დგინდება, იღებენ შეწონილ ტარიფს. დღეს საქართველოში წარმოების შეწონილი ტარიფი არის 4,3 თეთრი დამატებითი ღირებულების გარეშე. თბოელექტროენერგიის ტარიფი 9,8 თეთრამდე ადის, ჰიდროენერგიის – 2-3 თეთრია, შესაძლოა მცირე სიმძლავრის ჰესებზე 7-9 თეთრიც იყოს, მაგრამ მათი გავლენა შეწონილი ტარიფის სიდიდეზე იმდენად მცირეა, რომ არ იგრძნობა. როდესაც 2006 წელს დადგინდა ტარიფი, რომლითაც, ფაქტობრივად, დღეს ვსარგებლობთ, მაშინ ჰიდროსა და თბოს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობა დღევანდელისგან განსხვავებული იყო. კერძოდ, შეწონილ ტარიფში ჰიდროს წილი იყო 78 პროცენტი, დანარჩენი 22 პროცენტი მოდიოდა თბოზე. მაშინ ბუნებრივი აირის ფასიც დიდი იყო. ამდენად, ტარიფის ზრდის მოტივაცია იყო: გაზი გაძვირდა, დიდია თბოელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის წლიურ ბალანსში და ამიტომ იძულებული ვართ, გავზარდოთ ტარიფი. დღეს ეს თანაფარდობა შეიცვალა, ამასთან შემცირდა ბუნებრივი აირის ფასიც. შეწონილ ტარიფში 85 პროცენტია ჰიდრო და მხოლოდ 15 პროცენტია თბოელექტროენერგია.

რის ხარჯზე შეიცვალა? ჰიდროელექტროსადგურები რომ ამოქმედდა?

– დიახ, შეკეთდა ბევრი ჰიდროელექტროსადგური, ამოქმედდნენ სრულ სიმძლავრემდე და, ამის გარდა, გამრიცხველიანებამ შეამცირა კომერციული დანაკარგების ოდენობა. ტარიფის ზრდამ, ასევე შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში. რადგან მოხმარება შემცირდა ძვირად ღირებული თბოელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის წლიურ ბალანსში, ბუნებრივია, პროპორცია შეიცვალა. სემეკი ვალდებული იყო, გადაეხედა ტარიფისთვის შემცირების მიმართულებით. ესე იგი, რეზერვი ტარიფში დღეს არის. გარდა ამისა, თუ ტარიფის შეცვლამდე გაზს ვყიდულობდით რუსეთისგან, ამჟამად – აზერბაიჯანისგან და ბევრად უფრო იაფად. თუ არ ვცდები, რუსეთს, დაახლოებით, 210-230 ამერიკულ დოლარს ვუხდიდით 1 000 მეტრ კუბ ბუნებრივ აირში, უკვე მერამდენე წელია, აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ გაზს 110-130 ამერიკულ დოლარად. ფასთა ეს სხვაობაც მიგვითითებს, რომ უნდა შემცირებულიყო ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი.

რადგან ზაფხულში მხოლოდ ჰესები გვყოფნის, ზამთრისა და ზაფხულის ტარიფების შემოღება ხომ არ შეუმსუბუქებდა მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯს?

– თბოელექტროენერგიას ნებისმიერ შემთხვევაში ვიყენებთ. საქმე ის არის, რომ თბოსადგურს თავისი პრინციპულად განსხვავებული თვისებები აქვს. პიკის საათებში, როდესაც დიდია დატვირთვა, ჰიდრორესურსი ამას ვერ იტანს და თბორესურსი ასწორებს. მართალია, თბოელექტროენერგია ზაფხულში ცოტა უფრო ნაკლები გვჭირდება, მაგრამ მისი საჭიროება აუცილებელია.

რაც შეეხება ტარიფის ზრდას: ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ გაიზარდა ტარიფი. იმიტომ რომ სახელმწიფომ დასახა ინვესტორის მოზიდვის ხელშეწყობის პოლიტიკა. ყველაფერზე მივდიოდით, რომ ინვესტორები ჩამოგვეყვანა საქართველოში, გაგვევითარებინა ენერგეტიკა და ეს ხდებოდა მომხმარებლის ხარჯზე. საქართველოს ენერგობაზარზე ჩეხური კომპანია „ენერგოპრო“ რომ შემოსულიყო, მხოლოდ ამიტომ გაიზარდა ხელოვნურად 2006 წელს ტარიფი. ფაქტობრივად, „ენერგოპროს“ შემოსვლამ გამოიწვია ტარიფის გაზრდა.

იმიტომ რომენერგოპროსთვისმომხიბვლელი ყოფილიყო ქართული ენერგეტიკის ინვესტირება?

– მე ამას ვუწოდებ „ბენდუქიძის რეფორმას“. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეწყო ამ ფირმისთვის. მე არ მაინტერესებს, ვინ დგას ამ ჩეხური კომპანიის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ მას ხელი შეუწყო მთავრობამ და ისიც ფაქტია, რომ ამან გამოიწვია ტარიფის ზრდა. სემეკს თითოეული კომპანია, მწარმოებელი თუ გადამცემი, წარუდგენს ტარიფის თავის ანგარიშს, რასაც შემდეგ სემეკი უმტკიცებს ისე, რომ რევიზიას არ აკეთებს. ასეთ პირობებში მე, როდესაც მწარმოებელი ან გადამცემი კომპანია ვარ, გამოვიყვან იმ ციფრს, რაც მე მაინტერესებს. საქმე ისიც არის, რომ სემეკი რეალურად არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია: ის ერთ პროცენტს იღებს თითოეული ლიცენზიანტისგან. როგორ უნდა ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში სამართლიან ტარიფზე?! ამით იმის თქმა მინდა, რომ, ფაქტობრივად, დღეს ტარიფშივე არის რეზერვი: ჯერ ერთი, ის ხელოვნურადაა გაზრდილი; მეორე, შეწონილ ტარიფში შეიცვალა ბალანსი ჰიდრო და თბოელექტროენერგიას შორის და, ამას გარდა, შემცირდა ბუნებრივი აირის ფასი.

თქვით, რომ ტარიფი გაიზარდა ინვესტორის მოზიდვის მიზნით. გაამართლა მოსახლეობის ხარჯზე გაღებულმა მსხვერპლმა?

– რა თქმა უნდა. ენერგეტიკას შეუიარაღებელი თვალით რომ შეხედოთ, პრობლემა არ არსებობს: ელექტროენერგია გვაქვს, არ გვეთიშება, ტრასებიც განათებულია, მაგრამ, უფრო ღრმად რომ შევხედოთ პრობლემას, სხვა სურათს ვნახავთ. თუ ქვეყანას ხელს არ აძლევს ენერგოდაზოგვა და ენერგოეფექტიანობა, ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგეტიკა: მზის, ქარის, გეო და ასე შემდეგ ენერგია და ამ მიმართულებით არ იყურება, ესე იგი, ის ქვეყანა დროში ჩამორჩენილია. ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ თავის ერთ-ერთ მოხსენებაში თქვა, რომ, „ვინც ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯს, ის იპყრობს მსოფლიოს”.

თუ ასეა, რატომ არ უნდა უნდოდეს მთავრობას ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა?

– ჯერჯერობით ალტერნატიული წყაროების გამოყენება ძვირი ჯდება. მაგალითად, მზის ენერგია ოთხჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჰიდროელექტროენერგია. უცხოეთში, იცით, როგორ ხდება წახალისება? თქვენ ოღონდ შექმენით ენერგიის ალტერნატიული წყარო და სახელმწიფო შეისყიდის ამ პროდუქტს თქვენგან ძვირ ტარიფად. არატრადიციული ელექტროენერგიის წილი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ყველაზე მეტია დანიაში – 18-20-პროცენტამდე, ამერიკაში 4 პროცენტამდე. დანიაში ძალიან ძვირია ელექტროენერგია, ამიტომ ისინი მაქსიმალურად ეკონომიურად იყენებენ მას. სამაგიეროდ, იქ მოსახლეობის შემოსავლებიც დიდია. მაგალითად, საფრანგეთში ენერგიის ხარჯი მთელი შემოსავლის 4 პროცენტს შეადგენს. დავითვალოთ ჩვენთან. ავიღოთ პენსია 100 ლარი.

ყველა პენსიონერი არ იღებს 100 ლარს.

– მაინც 100 ლარი ავიღოთ. 100 კილოვატს ხომ დახარჯავს ერთი ადამიანი? ესე იგი, ელექტროენერგიის გადასახადი 16 პროცენტი გამოდის.

პენსიონერები მგონია, რომ 100 კილოვატზე ნაკლებს ხარჯავენ.

– არ მგონია. არ დახარჯავენ, თუ არ იბანავებენ. ენერგიის ხარჯს ვგულისხმობ ბუნებრივი აირიანად. მეორე მხრივ, თუკი გვაქვს ელექტროენერგია, ხომ შეიძლება, ის გავყიდოთ და ამით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები გავზარდოთ. სამწუხაროა, რომ მთავრობამ თავის დროზე არ იზრუნა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაზე. 2002 წლიდან მუდმივად აღვნიშნავდი ჩემს სტატიებში იმაზე, რომ უპირველესად, უნდა მიგვეხედა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებისთვის. შესაბამისად, ახლა მივიღეთ ვითარება, როდესაც გვაქვს ელექტროენერგია და არ გვაქვს მაღალი ძაბვის მძლავრი გადამცემი ხაზები, რომ ჭარბი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთისა და ევროპის ბაზარზე. უდავოა, რომ ეს ყველაფერი ცუდი მენეჯმენტის შედეგია. ახლა სახელმწიფომ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს: გაფორმდა მემორანდუმი თურქეთთან და ახალი გადამცემი ხაზი აშენდება დღეს საქართველოში სულ ცოტა ერთი მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის დაზოგვა არის შესაძლებელი. თუ შენ ვერ იყენებ, ხომ შეიძლება ევროპაში, მათ შორის თურქეთში გაგვეყიდა ელექტროენერგია, იქ ხომ ძალიან დიდია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, რადგან ამ ქვეყანაში მრეწველობა ძალიან სწრაფად და დიდი მასშტაბებით ვითარდება. ამით, ხომ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები, ამასთან ერთად შემცირდებოდა ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლისთვის. ეს, ხომ დიდი შვებაა მეწარმეებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ, ღარიბ მოსახლეობაზე, რომელთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 60 პროცენტს სცილდება. რაც შეეხება ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაში ენეგროტევადობას.

იქ ხომ ძვირია ელექტროენერგია და ამ ფონზე, როგორ ხდება, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია მაინც არ არის იაფი?

– ჩვენი ტექნოლოგიები და დანადგარები ფიზიკურად და მორალურად მოძველებულია და ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავენ. საქართველოს ეკონომიკის ენერგოტევადობა 3-4-ჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ენერგოტევადობას. მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა და ელექტროენერგიის წარმოება-ხარჯვის სიდიდე ერთ სულ მოსახლეზე წარმოადგენს ცხოვრების დონის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ინდიკატორებს. ამ ბოლო მაჩვენებლით საქართველო 5-8-ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. დღეს საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი საყოფაცხოვრებო სექტორია. ის მოიხმარს მთელი წარმოებული ენერგიის დაახლოებით 60 პროცენტს, უცხოეთში პირიქით, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ელექტროენერგია 25-30 პროცენტს არ აღემატება. ამასთან დასავლეთის ქვეყნებში ოჯახი მაქსიმალურად ელექტრიფიცირებულია. იქ საყოფაცხოვრებო დანიშნულების აპარატების და მოწყობილობების რაოდენობა ოჯახზე ძალიან დიდია – თითო სულზე თხუთმეტამდე ერთეული მოდის. ჩვენთან კი, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს აქვთ ნათურები განათებისთვის, უთო, ტელევიზორი და შეიძლება, ჰქონდეთ მაცივარი. არადა მხოლოდ ჰიდრორესურსებით ოთხჯერ შეგვიძლია, გავზარდოთ ელექტროენერგიის წარმოება: დამატებით გამოვიმუშავოთ 30 მილიარდი კილოვატ-საათი ენერგია.

მოგეხსენებათ, საქართველოში სამსაფეხურიანი ტარიფი მოქმედებს. (რამდენად სამართლიანია ასეთი ტარიფის არსებობა ცალკე თემაა). „იუესაიდის“ კავკასიის ოფისის მონაცემებით, საქართველოში 100 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს 145 000 აბონენტი; 100-დან 300-კილოვატამდე – 160 000 აბონენტი, ხოლო 300 კილოვატ-საათზე მეტს კი მხოლოდ 10 პროცენტი, ანუ 40 000 აბონენტი. საინტერესოა, სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის ელექტრომოხმარების სტრუქტურა: 300-ზე მეტი კილოვატ-საათის მხარჯველი აბონენტები იყენებენ ელექტროგამათბობლებს, წყლის გამათბობლებს, კონდიციონერებს, მაცივრებს, სარეცხ მანქანებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ტელევიზორებს, ელექტროუთოებს და სხვა ტექნიკას; 100-დან 300 კილოვატ-საათის მხარჯველების შემთხვევაშიც თითქმის იგივე სურათია, თუმცა ოდნავ ნაკლები ინტენსივობით მოიხმარენ კონდიციონერსა და ელგამათბობელს. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელიც თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს: კონდიციონერები მათი საოჯახო ტექნიკის არსენალში არ შედის, არც პერსონალური კომპიუტერი, მხოლოდ ტელევიზორს, მაცივარს, უთოსა და სარეცხ მანქანას სჯერდებიან (ისიც ყოველთვის ოთხივეს არა).