მიწისქვეშა პროტესტმა მიწის ზევით ამოხეთქა

მიწისქვეშა პროტესტმა მიწის ზევით ამოხეთქა

საქართველოში გაფიცვების დრო მობრუნდა. ჭიათურის, ზესტაფონის, ქსნის და ტყიბულის შემდეგ პროტესტმა დედაქალაქშიც იჩინა თავი. საკმაოდ მოულოდნელად თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა და თანამშრომლების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო.

მეტროპოლიტენ „დიდუბის“ სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე მივიდა ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის „ერთობა-2013“-ის წევრები.

როგორც მემანქანეების პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას.

მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, ასევე ანაზღაურება ჰქონდეთ წელთა ნამსახურების მიხედვით და ღამის საათებში მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.

როგორც პროფკავშირების წევრმა მემანქანე რატი კაპანაძემ „ბიპიენს“ განუცხადა, მეტროპოლიტენში დასაქმებულ მემანქანეთა საშუალო ხელფასი თვეში 1050 ლარია და ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისაა. კაპანაძე აცხადებს, რომ მემანქანეების შრომა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლოა და საჭიროა, მათი ანაზღაურების ლარის კურსის შესაბამისად დაკორექტირდეს.

მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ გამართულ აქციას შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სწრაფად გამოეხმაურა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხდება, რამდენადაც იგი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ გამართულ აქციაზეც ითქვა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში. მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში ვაცნობებთ კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვითვალისწინებთ დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას. იმედს ვიტოვებთ, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა“, - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

გაფიცულებს მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. მისი განცხადებით, მეტროს მემანქანეების ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ამ ეტაპზე რესურსი არ გააჩნია.

„გაფიცულების მხრიდან არსებითი მოთხოვნა არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ. მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის საშუალება წელს არ გვაქვს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.