რამდენიმე საათიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ „საქნახშირსა“ და ტყიბულელ მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, კომპანია სახელფასო ფონდს 5 პროცენტით გაზრდის, რაც უშუალოდ მაღაროში მომუშავე მუშათა ხელფასის 5-10 პროცენტით ზრდას გამოიწვევს.
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს; გაფიცვის პერიოდში, 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე. ამასან, დასაქმებულთა მიმართ არ გატარდება ადმინისტრაციულ-დისციპლინური სანქციები.
შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ტყიბულში მიმდინარე აქცია დაიშალა და მაღარომ 1-ელ მარტს მუშაობა განაახლა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით მიაღწიეს. გიორგი გახარია ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩავიდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტყიბულის მაღაროებში საწარმოო პროცესი სრულად უნდა აღდგეს არა უგვიანეს, პირველი მარტის, 12:00 საათისა.
ტყიბულის გამგეობის შენობაში მოლაპარაკება 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდენ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე და მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტის წევრები.
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა 16 დღე გრძელდებოდა. გაფიცულები მოითხოვდნენ ხელფასების 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. სხვათა შორის, მუშები ყველაზე მეტად სწორედ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებდნენ.
„ქვანახშირით დატვირთულ ვაგონს მუშები ხელით აწვებიან, რადგანაც ლოკომოტივი ხშირად ფუჭდება, სპეცტანსაცმელი დროულად არ გაიცემა, არ მოწმდება დროულად მაღაროელების ჯანმრთელობა, ფეხით უწევთ კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ სამუშაო უბნამდე მივიდნენ“ - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, ეს არის ის პირობები, რომელში მუშაობაც ტყიბულელებს ყოველდღე უწევთ. მისი თქმით, წლებია მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე უწევთ. ამ ფონზე სახელმწიფო და შრომის ინსპექცია ძალიან პასიურია და სათანდოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია კი აცხადებს, რომ ტყიბულში შრომითი პირობების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღეს, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო შემოწმება გადაიდო.
„ჩვენ დღესაც ვაპირებდით ჩასვლას, მაგრამ სამუშაო პროცესი არ არის და ვინ უნდა დაიკითხოს? როგორც კი სამუშაო პროცესი აღდგება, მზად ვართ, რომ შევამოწმოთ“, - განუცხადა ელზა ჯგერენაიამ „კომერსანტს.“
მისივე თქმით, 7 თვის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 115 საწარმო შეამოწმა, საიდანაც 25 სახელმწიფო უწყება იყო, დანარჩენი კი კერძო სტრუქტურა. 115 საწარმოდან 55-ის რემონიტორინგი მოხდა და აღმოჩნდა, რომ მათმა უმრავლესობამ შრომის ინსპექციის რეკომენდაციები გაითვალისწინა, ზოგმა - ნაწილობრივ, ზოგმა - სრულად.
„საწარმო შემოწმდა ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში ფერო. მძიმე და მავნე სამუშაო პირობები და იყო შესაბამისად რეკომენდაციები იყო გაცემული. დადგინდა დარღვევები, მაგრამ ვერ დაგისახელებთ, რადგანაც ეს კონფიდენციალურია“, - აცხადებს ჯგერენაია.