ირანული გაზის ფასს საქართველო ვერ შეწვდება

ირანული გაზის ფასს საქართველო ვერ შეწვდება

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე ირანული გაზი ხელსაყრელი არ არის. მისი ღირებულება ჩვენი შეძლების ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის ერთობ მაღალია. ასე რომ, მთელი ყურადღება ამიერიდან აზერბაიჯანული და რუსულ ბუნებრივი აირისკენ იქნება მიმართული.

„ირანული გაზის ფასი არაკონკურენტულია, ამიტომ მის შესყიდვაზე მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ მომავალში დაიწყოს“, - განაცხადა ბაქოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. მან აღნიშნა, რომ ირანული გაზის მიღება ორი გზით - სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით არის შესაძლებელი.

რა ფასად სთავაზობს ირანი საქართველოს ბუნებრივ აირს, ეს მინისტრს არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია ზოგადად როგორ იყიდება მათი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე. ირანი მეზობელ თურქეთს 1000 კბ/მ-ს 400 დოლარდ აწვდის. შესაბამისად, დაახლოებით იგივე ფასს შესთავაზებს საქართველოსაც. შედარებისთვის, აზერბაიჯანიდან 1000 კბ/მ კომერციული გაზი 250 დოლარად მოგვეწოდება.

ის, რომ საქართველო ირანული გაზის ყიდვას გეგმავს, კალაძის ირანში ვიზიტის შემდეგ, ირანის გაზის ექსპორტის კომპანიის დირექტორმა ალირეზა ქემელმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილებოდა 200 მლნ კ/მ ბუნებრივი აირის მიღება უახლოეს თვეებში.

„თუ დადასტურდება გარიგების ეკონომიკურად მომგებიანობა, შეიძლება საუბრის დაწყება საქართველოსთან საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტების გაფორმებაზე“, - აღნიშნა ალირეზა ქამელმა.

აღსანიშნავია, რომ ირანული გაზი აზერბაიჯანულ და რუსულ გაზზე უფრო მაღალკალორიულია. თუმცა, რამდენადაც ირანული აირი პრაქტიკულად გამოირიცხა, ყურადღება ისევ აზერბაიჯანისკენაა მიპყრობილი. კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება სურს და დასძინა, რომ გაზის მოცულობის გაზრდაზე, საქართველო შაჰ-დენიზის კონსორციუმთან უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ვფიქრობ, ამ დღეებში ჩვენ საკითხს შევათანხმებთ და გაჩნდება შესაძლებლობა მივიღოთ დამატებითი გაზი აზერბაიჯანიდან“, - აღნიშნა კალაძე, რომელიც ორშაბათიდან მოყოლებული აზერბაიჯანში იმყოფება და სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

ქართველი მინისტრს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ აზერბაიჯანელებმა მყისვე განაცხადეს თანხმობა მოცულობის გაზრდის თაობაზე. „ჯიბისის“ ინფორმაციით, „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დაადასტურა, რომ საქართველოს გაზის მოწოდებას წელიწადში 500 მლნ კბ/მ-ით გაუზრდის.

ამ დრომდე შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანი საქართველოს დაახლოებით, 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ახლა კი მოწოდებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. დამატებით 1,5 მლრდ კბ/მ-ის მოწოდება შესაძლებელია მეორე გაზსადენით.

„ახლა უკვე არის შესაძლებლობა „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმიდან დამატებით 500-700 მლნ კბ/მ გაზის მიღებისა. ჩვენ შეგვიძლია ამ გაზის ნაწილი მოვიხმაროთ აზერბაიჯანში, ნაწილი მივაწოდოთ საქართველოს და თურქეთს“, - განაცხადა აბდულაევმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ იყო ტექნიკურად შესაძლებელი მოცულობის გაზრდა, შემდეგ, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსთვის გაზის მიწოდების სეზონური ქვოტები შეიცვალა და გახდა 70/30-ზე, ნაცვლად 60/40-სა.