მაშინ, როდესაც ტრამვაის ლიანდაგების აყრას მიჰყვეს ხელი, ჩვენს დედაქალაქს ბ-ნი ჭიაბერაშვილი თავკაცობდა.
თუ სწორად მახსოვს, მოტივი ასეთი იყო: დრომოჭმული სატრანსპორტო საშუალებები ახალი გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას არ შეშვენისო. ტრამვაის პარალელურად, იმხანად რეპრესიები ტროლეიბუსებსაც შეეხო, არადა, ამ ორივე სატრანსპორტო საშუალებას მეტად აქტიურად იყენებდნენ ჩვენი შეჭირვებული თანამოქალაქეები (სიიაფის გამო). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იყენებდნენ, ტრამვაი-ტროლეიბუსები სრულიად საქართველოში დიდმა, გაუმართავმა და მეორადმა ყვითელმა ავტობუსებმა ჩაანაცვლა (რომლებიც დღემდე ფაშისტების დროინდელი გაზის საკნების ასოციაციას იწვევენ).
თუმცა, გასულ კვირას გაირკვა, რომ იქ, ზემოთ, უკვე მუშაობენ პროექტზე, რომელმაც ჯანმრთელობისთვის მავნე გამონაბოლქვი 20 პროცენტით უნდა შეამციროს. ამ შემცირებას დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების დანერგვით აპირებენ: ასეთი საშუალება კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტრამვაია. მეტიც: აგვიხსნეს, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი დიზელზე მომუშავე ექვს ავტობუსს ჩაანაცვლებს (აქამდე ეს არ იცოდნენ, თუ, უბრალოდ, არ ანაღვლებდათ?!).
მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ, ამ პროექტის ეგიდით, ნაწილობრივ მაინც უნდა აღდგეს ტრამვაის ყოფილი მარშრუტები (თუნდაც, იმ ლოგიკით, რომ საავტობუსე ხაზებიც კომუნისტების დროინდელ მარშრუტებზე დააბრუნეს), საიდანაც ლიანდაგებიც საგულდაგულოდ აყარეს და ზედ ასფალტიც გადააგეს (ესე იგი, უკვე დაგებული გზებიც უნდა აიყაროს). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედაქალაქში ფეხით მოსიარულეებისთვის უკვე კუნძულებიცაა გაშენებული (სხვათა შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ადრე ტრამვაი მოძრაობდა), სავარაუდოა, რომ პროექტის განხორციელება იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე ტრამვაის ხაზების გაუქმებამდე დაჯდებოდა, რაც, თავისთავად, აჩენს ეჭვს, რომ იქ, ზემოთ, ბიუჯეტს მტრის „მეწველ ძროხასავით“ ეპყრობიან.