პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკება თეა წულუკიანს დაავალა?!

პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკება თეა წულუკიანს დაავალა?!

ინტერპარტიული ჯგუფი მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევს

შეხვედრა, რომელიც 26 თებერვალს ,,რედისონში'' გაიმართა, დატვირთული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ყველას მიავიწყდა, გიორგი კვირიკაშვილისგან სამუშაო ჯგუფის შექმნის ვადის დასახელებასა და კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარს ელოდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. სამაგიეროდ, ყოფილ ახალ მემარჯვენე კვირიკაშვილს ,,ახლებიდან'' ძველი მეგობარი მამუკა კაციტაძე კვლავ ერთი-ერთზე შეხვდა და ახალ პირობაზე დაითანხმა.

ამის შესახებ ,,ვერსიას'' თავად შიდაოპოზიციური წრეებიდან აცნობეს, თუმცა არცთუ დიდი აღფრთოვანებით, რადგან ახალი პერსონის ჩართვით, შესაძლოა, პრემიერმა არასაპარლამენტო პარტიები, უბრალოდ, თავიდან მოიშორა. მოკლედ, 
კაციტაძე-კვირიკაშვილის მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი უნდა შეიქმნას და ის მთავრობიდან ვინმემ უნდა ჩაიბაროს. თავიდან ითქვა, რომ ეს ჯგუფი უშუალოდ პრემიერის აპარატთან არსებული და მის დაქვემდებარებაში იქნებოდა, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ოპოზიციასთან ბატალიებში ახალი მოთამაშე თეა წულუკიანი შემოდის. 
გასაკვირი სულაც არაა, რომ პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან თამადობა იუსტიციის მინისტრს გადაულოცა - წულუკიანი ხომ უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს. ეს კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. მის მოვალეობაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირება, მსგავსი დარღვევების განმეორების პრევენცია, საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ რეკომენდაციების შემუშავება შედის. სხვათა შორის, უწყებათაშორისი კომისიისგან რამდენიმე განცხადებაც მოვისმინეთ... მაგალითად, გასულ არჩევნებზე კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმართვაში ხელის შეშლისგან თავი შეეკავებინათ, ასევე რეკომენდაციით მიმართა სამინისტროებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, გამოეცათ დეტალური და მკაფიო განმარტებები, რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ თანამშრომლებს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. უწყებათაშორისი კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა, ითანამშრომლოს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისიას ასევე ევალება არა მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, არამედ იმ განცხადებების შესწავლაც, რომელსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. ასე რომ, ჯერ ერთი, ისაა გაუგებარი, აქამდე რატომ არ ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა ერთმანეთთან წულუკიანის კომისიასა და ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს და მეორეც, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კახა კალაძესა და ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად, თეა წულუკიანი არჩევნების კიდევ ერთი ,,უსტაბაშია''. ისიც საინტერესოა, რომ ამ კომისიამ საგარეჯოს სადავო არჩევნების დროსაც იმუშავა. არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში კი თეა წულუკიანის გვარმაც გაიჟღერა და დიდი ალბათობით, მას პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარებენ. ის შესაძლო სამოხელეო დარღვევები, რაც საგარეჯოს არჩევნებში დაფიქსირდა და რასაც თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ედავებიან, შეუძლებელია, თეა წულუკიანის გვერდისავლით მომხდარიყო, ვინაიდან უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციონირების ერთადერთი აზრი სწორედ მსგავსი დარღვევების არდაშვებაა. ანდაც, ეს უწყება მკვდრადშობილია და ვერ მუშაობს, რაც ასევე ძალიან ცუდია. 
ერთიცაა - იუსტიციის მინისტრს ოპოზიციასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ერთი წლის წინ ოპოზიცია ადვოკატთა ასოციაციაში შეიკრიბა და ზაზა ხატიაშვილთან ერთად, იუსტიციის საბჭოს დაშლას, სასამართლოს რეალურ რეფორმირებასა და თეა წულუკიანის გადადგომასაც ითხოვდა. მათ შორის იყვნენ წულუკიანის ყოფილი თანაპარტიელი თავისუფალი დემოკრატები, რომელთაც მინისტრი ორი წლის წინ, არცთუ კარგი დამოკიდებულებით დაშორდა. ასე რომ, ინტერპარტიულ ჯგუფთან მოლაპარაკებებში წულუკიანის ჩართვა საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის პროცესის ჩიხში შეყვანას უფრო ჰგავს, ვიდრე შეთანხმების მცდელობას. სწორედ კაციტაძე-კვირიკაშვილის პრივატულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ ოპოზიცია თავისი საარჩევნო თხოვნებითა და მოთხოვნებით სწორედ თეა წულუკიანს უნდა გადაებაროს. მოკლედ, 
პრემიერმა ხელები დაიბანა, ბრძოლაში იუსტიციის მინისტრი ერთვება, ოპოზიცია კი შეხვედრის გამართვას მიმდინარე კვირის ბოლოს, 2-3 მარტს ვარაუდობს და მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის შიგნით ის ჯგუფი იმძლავრებს, რომელიც დიდი ხანია, ქუჩის აქციებისკენ იწევს. მაგალითად, ირმა ინაშვილი და როგორც ამბობენ, აპრილ-მაისში ხელისუფლებას ცხელი თუ არა, ნელ-თბილი გაზაფხული მაინც ელის, რადგან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია აქციების დაწყებას აპირებს.