საგადასახადო შეღავათი ჰიბრიდული მანქანებისადმი ინტერესს გააორმაგებს

საგადასახადო შეღავათი ჰიბრიდული მანქანებისადმი ინტერესს გააორმაგებს

ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების იმპორტზე გადასახადი, სავარაუდოდ, განულდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, განბაჟების წესის შეცვლა ამ კატეგორიის ავტომობილების ბიზნესს მნიშვნელოვნად წაახალისებს. სხვათა შორის, ასევე ფიქრობენ ავტომფლობელები და სპეციალისტებიც. ჰიბრიდული მანქანების შეძენის მთავარი ხელისშემშლელი პირობა მისი მაღალი ფასია. საგადასახადო შეღავათი კი მის გაიაფებას მისცემს ბიძგს.

ზოგადი სტატისტიკით ელექტრომობილების წილი ავტოიმპორტში თითქმის ნულოვანია. ჰიბრიდების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2-3%-ს არ აღემატება. შეღავათის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდება.

„მსგავსი ნაბიჯებით მართლაც შეიძლება დავეხმაროთ საქართველოში ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოსვლას, თუმცა, ჯერ უნდა დადგინდეს რომელ მანქანებზეა საუბარი, მხოლოდ ჰიბრიდულზე, თუ სხვა ეკოლოგიურ ტრანსპორტზე. შეიძლება მე არ მინდა ჰიბრიდული მანქანა, მაგრამ შემომყავს სულ სხვა ტიპის ეკომანქანა, ან სულაც ელექტრომობილი. ვფიქრობ, რომ თუ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჰიბრიდული მანქანის შეძენა. იმპორტიორი კომპანიებიც უფრო დაინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, რომ მათმა მომწოდებლებმაც უფრო მეტი შეღავათი დააწესონ. ვისაც ძველი მანქანა შემოჰყავს, ალბათ, მისი განბაჟების გადასახადი უფრო მეტი იქნება, ხოლო 0% დაწესდება ბოლო თაობის, ან ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მანქანებზე“, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე.

მთავრობის ინიციატივა ბიზნესის წახალისებასთან დაკავშირებით ავტომფლობელთა დიდი ნაწილი დადებითად აფასებს. მათი განმარტებით, ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათების ამოქმედება მოთხოვნას გაზრდის, რაც ეკოლოგიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

სოსო კვიციანისთვის ჰიბრიდული ავტომობილების შეძენა, როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკური კუთხით, ძალიან მოსახერხებელია.

„ძალიან კარგია განსაკუთრებით ეკოლოგიისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით. საკმაოდ ბევრი მიზეზია თუ რატომ ვამჯობინებ ჰიბრიდს. ის ელექტროძრავს მხოლოდ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში რთავს. თითქოს ამბობენ, რომ აღმართზე ასვლისას მოსახერხებელი არ არის და ელექტროძრავა ქვრებაო, რაც ასე არ არის, პირიქით, ასვლისას ელექტროძრავა მანქანას გაწევაში ეხმარება. მართალია აქვს თავისი მინუსებიც, თუნდაც ფასი. გარდა ამისა, გასწრებისას პრობლემა წარმოიქმნება, მაგრამ მე ისე მომწონს, როცა გაიაფდება, აუცილებლად ვიყიდი“, - ამბობს სოსო კვიციანი.

მისი აზრით, ჰიბრიდზე განბაჟების წესების შეცვლა ეკოლოგიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. ჰიბრიდული ავტომობილების ბიზნესის წახალისება, მომხმარებელსაც დააინტერესებს.

საერთოდ კი, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. 2015 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანა იყო რეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლამის ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს მანქანა ჰყავს.

სპეციალისტებს ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.

„ეს არის ის კატეგორია, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. 400 000-ზე მეტია 10-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილიც. რაც შეეხება სრულიად ახალ ავტომობილებს (0-დან 3 წლამდე), მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - განმარტავს მესხიშვილი.