გაზაფხული მოვიდა, ბუნებრივი აირის თემა სულ უფრო კარგავს სიმწვავეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის, „გაზპრომისა“ და „სოკარის“ მანიპულაციები ისევ აქტუალურია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბოლო თვეების განმავლობაში ბევრჯერ შეხვდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრები იმართებოდა ევროპის დიდ ქალაქებში: ვენა, ბრიუსელში, მილანში, ლუქსემბურგსა თუ ციურიხში. ბოლო ასეთ შეხვედრას 19 თებერვალს ვენა მასპინძლობდა. პარალელურად მიმდინარეობდა ინტენსიური შეხვედრები აზერბაიჯანულ მხარესთანაც. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 29 თებერვალს ბაქოში გაიმართება.
„გაზპრომთან“ შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. რუსეთი საქართველოს საკუთარ პირობებს უყენებს და ფულად ანაზღაურებას ჰპირდება. რუსულ კომპანიასთან დიალოგის თემა სომხეთისთვის გაზის ტრანსპორტირების გადასახადის საკითხია.
ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ ის პირობები განმარტა, რაზეც ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი აირით სრულად და ასევე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში რა საჭიროება და მოთხოვნაც იქნება ბაზარზე, შეგვეძლოს ბუნებრივი აირის ყიდვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, „გაზპრომთან“ შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მოლაპარაკება გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება შეთანხმება.
„ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა“, - განაცხადა ვალიშვილმა.
რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება „სამხრეთის გაზის“ დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე თუ რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
„აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომელიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობას, ასევე ტექნიკურ დეტალებს. ოპტიმიზაციაზე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. 29 თებარვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი „სამხრეთის გაზის“ დერეფნის მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე“, - განაცხადა ვალიშვილმა.
ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე აღნიშნავს, რომ „გაზპრომთან“ მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებამ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეიძლება შანტაჟის გზას ადგეს. მისი აზრით, რუსეთის ულტიმატუმი უსაფუძვლოა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატული შიში:
„ჩვენ არაფერს დავკარგავთ, იმიტომ, რომ სანამ სომხეთს ირანიდან გაზს მიაწვდიან და ეს ტექნიკურად განხორციელდება ამ კრიზისის პირობებში, საკმაოდ დიდი დრო გავა... აბა, ახლა ამ ვარიანტის დანაკარგები დათვალეთ: რუსეთიდან აზერბაიჯანზე, აზერბაიჯანიდან ირანზე, ირანიდან სომხეთზე... გაცილებით მეტის მიწოდება მოუწევს რუსეთს. ბლეფია ეს... საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია. უნდა უთხრას რუსეთს: მიაწვდი (სომხეთს ირანიდან)? - მიაწოდე... და დავამთავროთ ლაპარაკი...“, - აცხადებს ღაღანიძე.
საქართველოს ხელისუფლებას პრინციპულობას ურჩევს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძეც და ის რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ირანსა და სომხეთს შორის აშენებული 700 მმ-იანი გაზსადენის გამტარუნარიანობა ამჟამად წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრს არ აღემატება მაშინ, როცა სომხეთი 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს მოიხმარს. შესაბამისად, ექსპერტის გამოთვლით, ამჟამად არსებული ტექნიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ირანიდან სომხეთს, შესაძლოა, საჭირო მოცულობის მხოლოდ ნახევარი მიეწოდოს, სრული მოცულობის უზრუნველყოფას კი წლები დასჭირდება.