მაღაროელთა გაფიცვამ მთელი ქალაქი აიყოლია

მაღაროელთა გაფიცვამ მთელი ქალაქი აიყოლია

მეშახტეთა ქალაქში ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს სავაჭრო ცენტრსა და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებიც შეუერთდნენ. ქალაქის ზოგიერთ სასურსათო მაღაზიაზე გამოკრულია პლაკატები, წარწერით - „სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებს“. ისინი საკვებითაც ამარაგებენ მაღაროელებს. მთლიანობაში გაფიცულია 1300-მდე თანამშრომელი, ხოლო მაღაროში საწარმოო პროცესი გაჩერებულია. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ანაზღაურების 30-40%-ით გაზრდა, სამუშაო უსაფრთხოების და პირობების გაუმჯობესებაა; ასევე გარანტია, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ ყველა დასაქმებული დაუბრუნდება სამუშაოს და გაუქმებული სახელმწიფო შეღავათები აღდგება.

მაღაროლებს 12 დღე დასჭირდათ, რომ მთავრობის წევრთა ყურადღება მიეპყროთ. მთავრობის სხდომაზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდა იმით, თუ რა მდგომარეობაა ტყიბულში. პრემიერის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სააგადასახო კოდექსში შევა ცვლილება და მაღაროელებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც 2016 წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, კვლავ შეუნარჩუნდეთ. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალაში გადაეცემა.

„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი. იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები (უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს), იგი შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი იქ უახლოეს მომავალში შევა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტყიბულის მაღაროსთან განვითარებულ მოვლენებს შრომით დავად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციისთვის პოლიტიკური სარჩულის მორგება არასწორი იქნება. სერგეენკოს განცხადებთ, მისი უწყება ამ დავაში პირველივე დღიდან არის ჩართული.

„ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. იგი არ უკავშირდება რამე სხვა პროცესს. ვფიქრობ, უახლოესი დღეებში გვექნება პროგრესი, როდესაც მოლაპარაკებით და ჩვენი მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება“, - განაცხადა სერგეენკომ და კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულ მაღაროელებს მოუწოდა მისცენ საშუალება პროცესები გადავიდეს დიალოგის რეჟიმში.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ საკვანძო საკითხს, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი და მოლაპარაკება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მთავრობასთან გაფიცულთა კომუნიკაცია, როგორც იქნა, შედგა, მაგრამ მაღაროელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჯერ ისევ მოუგვარებელია. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნები შრომის ანაზღაურების გაზრდა და ძალიან მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. მაღაროს მფლობელი კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ კი უარს აცხადებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. სანამდე გაგრძელდება ადმინისტრაციის სიჯიუტე, გაურკვეველია.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის და მათი ექსპლოატაციის შედეგია, ამიტომ სახელმწიფომ არსებულ პოლიტიკას უნდა გადახედოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტყიბულის მაღაროში დასაქმებული ადამიანები მათი მძიმე და სახიფათო შრომის მიუხედავად, მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ. მაღაროელების მიერ 2012 წელს ორგანიზებული გაფიცვის შედეგად დადებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ხელფასების ინდექსაციას გულისხმობდა, რაზეც საწარმომ ამ შეთანხმებით აიღო ვალდებულება, თუმცა არ შეასრულა.

„უფრო მეტიც, ხელფასები უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული ლარით შემცირდა. საშუალო თვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალი კანონმდებლობის შემოტანით, ტყიბულში დასაქმებულთათვის არსებული საგადასახადო შეღავათიც გაუქმდა, რაც ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის პარალელურად, მძიმე ტვირთად დააწვა მუშებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ სამუშაო გარემო, ტექნიკა-დანადგარები და იარაღები, რომელსაც მაღაროელები იყენებენ მოძველებული და საფრთხის შემცველია. ამის გამო ხშირია მუშების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები.