რატომ ვერ ხერხდება ექსპორტის ვარდნის შეჩერება?

რატომ ვერ ხერხდება ექსპორტის ვარდნის შეჩერება?

თითქმის წელიწადნახევარია ექსპორტის მაჩვენებელი უკან-უკან მიდის. პირველი დიდი შეფერხება 2015 წლის დასაწყისში აღინიშნა. შარშან წლის დასაწყისშივე ამ მიმართულებით 26%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მთლიანად 2015 წელს, უცხო ქვეყნის ბაზრებზე 2,204 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, რაც 23%-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით. ასეთი დაბალი მაჩვენებლი ბოლო წლების განვალობაში პირველად აღინიშნა. ტენდენცია გაგრძელდა 2016 წლის იანვარშიც.

სპეციალისტები გაუარესებულ მაჩვენებლებს რეგიონში და სამეზობლოში არსებულ ვითარებას აბრალებენ. „გასათვალისწინებელია, ის შოკები რაც მთელმა რეგიონმა და ჩვენმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიარეს. რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ექსპორტის მოცულობაზე“, - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტოკოსი პაატა ბაირახტარი, რომელიც ერთ დადებით მომეტზეც ამახვილებს ყურადღებას. შარშან ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი ცოტათი გაიზრდა.

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლებადი ტენდენციის მიუხედავად, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან შარშან ექსპორტი 3,45%–ით (22,341 მლნ) არის მომატებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს მეტწილად დაკავშირებულია ევროკავშირთან ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებასთან. ამ მიმართულებით შეინიშნება ქართველი მეწარმეების გააქტიურება, გაიტანონ ქართული პოდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე, რაც ექსპორტის საბოლოო მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მთლიან ჭრილში, უდიდესი ხვედრითი წილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ე.წ. ევრო 4–ის სტანდარტის მიღებამ, პრაქტიკულად, ამ ბაზრების ჩაკეტვა გამოიწვია. ექსპორტის მაჩვენებლებში ზრდა ფიქსირდება იმ დარგებში, რასაც ქვეყანა თავად აწარმოებს, ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ის რითაც ეკონომიკა ძლიერდება, იზრდება.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონში არსებული ქვეყნების ეროვნული ვალუტები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, მაგალითად, 50%-ით გაუფასურდა აზერბაეჯნაული მანათი, თითქმის 66%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი და 20%-ზე მეტით თურქული ლირა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ამან უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოდან ექსპორტის მოცულობაზე“, - აცხადებს ბაირახტარი.

აფბა-ში მიაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იმპორტის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს როგორც ექსპორტის ზრდის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზების ხარჯზე.

„საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, ის 2016 წლის იანვრის თვეში 283 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99,2 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული, რაც უმნიშვნელო, თუმცა დადებითი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სტაბილურობის კუთხით“, - აღნიშნავენ აფბა-ში.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე შენიშნავს, რომ წელს ექსპორტის მიმართულებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია იკვეთება. ერთია ის, რომ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, გაუფასურებული ვალუტების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

არის მეორე ოპტიმისტური მაჩვენებელი - რუსეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებული იყო თურქეთი. ორ ქვეყანას შორის დაძაბულმა ვითარებამ, რასაც თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება მოჰყვა, ფაქტობრივად, ქართველ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარი გამოუთავისუფლა.

„თუკი ხელისუფლება, ბიზნესთან ერთად, ჭკვიანურად დაგეგმავს ნაბიჯებს, შედეგი იქნება პოზიტიური. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და შემოსავლების ზრდას“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.