მიწების რეგისტრაციის კანონპროექტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესების გაჭიანურებაში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს, ოპოზიცია თვლის, რომ დრო არ ითმენს.
23 თებერვალს ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავების შესახებ საზოგადოებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამცნო, ხოლო პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ასევე მიწის დარეგისტრირების რეფორმის დაჩქარებას ისახავს მიზნად. „გირჩის“ თანადამფუძნებლის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არცკი განუხილავს, მან უკვე გამოიღო უარყოფითი შედეგი.
უცნაურია, რომ გლეხებისა და ფერმერების დამცველად ნაცმოძრაობის დეპუტატები გვევლინებიან. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში გასხვისდა (ან დაუსრულებელი იჯარით გადეცა) უამრავი მიწა და ტყე რეგიონებში უცხოელებზე. იმ მიწების სამართლებრივი სტატუსი სწორედ ისეთი იყო, რომლის დამცველებადაც ახლა გვევლინებიან ნაცმოძრაობის ლიდერები, ყველას ახსოვს თუ რამდენად ხშირად აპროტესტებდნენ სოფლად მცხოვრები ადამიანები წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ცინიკურ დამოკიდებულებას.
ეკონომიკის მინისტრმა ოპონენტების მისამართით განაცხადა, რომ ისინი „ღია კარს ტყუილად ამტვრევენ“.
„პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს, რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციის პროცესში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის მთავრობაში შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში დაეხმარება.
„შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ეს ჩვენს გლეხებს მისცემთ შესაძლებლობას, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ მთავრობის მიერ 2015 წლის დეკემბერში ინიცირებულ კანონპროექტს, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია, რადგანაც დაურეგისტრირებელი მიწების დასაკუთრებაზე სახელმწიფოს მანამდეც მიუწვდებოდა ხელი. ორგანიზაციის მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი პოლიტიკურ ნებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ამ კანონპროექტის შეტანით პარლამენტში დაფიქსირდა სახელმწიფოს უალტერნატივო ნება, რომ მას სურს თავად დაირეგისტრიროს მიწების დაურეგისტრირებელი 80 პროცენტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ახლა პარლამენტშია და განხილვა უნდა დაიწყოს, სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ერთი ოპერაციით ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოაქციოს მიწების დაურეგისტრირებელი 80 პროცენტი“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ზაქარაშვილმა.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, შესაძლოა, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდეს. მართალია, ამ დროის მონაკვეთში მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსგან გამოთხოვის უფლება მიეცემათ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ არასრული დოკუმენტაციის, თანხის უქონლობისა თუ სხვა პრობლემების გამო, შესაძლოა, ფაქტიური მფლობელი ერთწლიან ვადაში ვერ ჩაეტიოს და სამუდამოდ დაკარგოს შანსი კანონიერად დაისაკუთროს მიწა, რომლითაც ის წლების განმავლობაში სარგებლობდა.
თუმცა როგორც ჩანს, კანონპროექტის ამ სახით მიღება უკვე აღარ მოხდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც ფაქტობრივად ადასტურებს ამ მოსაზრებას.
„იმ კანონპროექტის განხილვა არ დაგვიწყია – მივიჩნიეთ, რომ არის იქ სერიოზული ხარვეზები. ამიტომ მიმდინარეობს გადამუშავება იმ კანონპროექტისა... ასე არ არის ის, რომ საერთოდ უარია ნათქვამი კანონპროექტზე. იგი იქნება წარმოდგენილი სხვა სახით“, - აცხადებს ხმალაძე.