მარჯვენასაჭიანებს 2017 წლამდე არაფერი ემუქრება

მარჯვენასაჭიანებს 2017 წლამდე არაფერი ემუქრება

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ვადა, სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიწევსს. ახალი კანონი ძალაში არც 2016 წლის 1-ლი მარტიდან და არც 1-ლი ივნისიდან აღარ შევა. პარლამენტარები იქვე მიუთითებენ, რომ წლევანდელი წელი იქნება ბოლო, როდესაც შესაძლებელი იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ამბობს, რომ კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი და ბოლო ვერსიით, ბიზნესს უნდა მიეცეს ვადა, რათა ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლოს. შესაბამისად, პარლამენტი კიდევ იმსჯელებს რეგულაციის ამოქმედების ვადებზე.

„ჩვენ ბიზნესის პოზიცია გავითვალისწინეთ, თორემ ეს გადაწყვეტილება საარჩევნოდ ნამდვილად არაპოპულარულია. ვადის გადაწევა მოხდა არა არჩევნების გამო. თქვენ გახსოვთ, რომ ხელისუფლების სურვილი იყო ამ რეგულაციის ახლავე ამოქმედება. ვისაც არჩევნებისთვის პიარი სურს, ის წელს ამაზე ფიქრს არც დაიწყებდა. არჩევნებისთვის ეს წამგებიანი თემაა, თუმცა აკრძალვის საჭიროება ნამდვილად დგას“, - აცხადებს მაისურაძე და დასძენს, რომ ბიზნესს მიეცემა იმის დრო, რათა პროცესებისადმი ადაპტირება მოახდინოს.

დეპუტატის ინფორმაციით, უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპლოატაციას საფრთხე არ შეექმნება. გარკვეული წლების განმავლობაში ეს მანქანებიც ამოწურავენ თავის თავს, თუმცა ახალი მარჯვენასაჭიანები ქვეყნის ავტოპარკს აღარ დაემატება.

„სამაგიეროდ, დაწესდება პრივილეგიები ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანებზე, ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზე და ა.შ. რა ტიპის შეღავათები იქნება, ამაზე პარლამენტი და მთავრობა ერთად იმსჯელებს“, - აცხადებს მაისურაძე

„კომერსანტთან“ საუბრისას.

სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს. „პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ბიზნესის გადასაწყობად ორწლიანი ვადა მიეცეთ.

როგორც ფონდის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, მესამე თვეა ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაურკვევლობაში იმყოფებიან, აღარ იციან შემოიყვანონ თუ არა ავტომობილები, ჩადონ ამ ბიზნსეში დამატებითი თანხები თუ არა. ამ დროს სექტორში მომუშავე კომპანიებს კი გააჩნიათ ფინანსური ვალდებულებები და სესხები.

„ამ კანონის მიღებით 90 მილიონ დოლარამდე შეუმცირდებათ შემოსავლები კომპანიებს და უმეტესი მათგანი საერთოდ გაკოტრდება. ბიზნესის გაურკვევლობაში ყოფნა სახელმწიფოს მხრიდან არის დანაშაული. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მორიგი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ“, - აცხადებს ყიფიანი.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ასევე მოითხოვს სახელმწიფომ დაასაბუთოს ამ აკრძალვების შედეგად რა ალტერნატივას სთავაზობს, როგორც ქალაქის, ისე რეგიონების მოსახლეობას. როგორც ფონდში განმარტავენ, კანონპროექტის დღევანდელი ვარიანტით დაბალფასიანი იაპონური ავტომობილები საერთოდ გაქრება ბაზრიდან, ასევე, ამ კანონით გაძვირდება მარცხენასაჭიანი ავტომობილები.

პარალელურად ავტოიმპორტიორების ნაწილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის დაუყოვნებლივ აკრძალვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხის განსახილველად იგეგმება ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაც, რომელსაც დაესწრებიან იაპონური მეორადი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიებიც.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ აკრძალვის საკითხი აუცილებლად არის ბოლომდე მისაყვანი და ამ თემის გადადებას აზრი არ აქვს.

„მომზადებული მაქვს საკმაოდ ცივილური კვლევა, თუ როგორ ხდება დასავლეთის ქვეყნებში ასეთი პრობლემის მოგვარება და რა შედეგებს იწვევს ქვეყანაში შერეული მოძრაობა. კვლევის დეტალურ შედეგები შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება“, - აცხადებს სურგულაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებიდან გამომდინარე, 2016 წლის მარტიდან ან 2016 წლის ივნისიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია უნდა აკრძალულიყო. როგორც ჩანს, ეს პროცესი მომავალ წლამდე გადაიწევს.