საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რადგან „ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას“, ჩვენში დღეს არსებული უმაღლესი განათლების სისტემა კი შესაცვლელია.
გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ გერმანული მოდელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეფექტურად მუშაობს და აღნიშნული რეფორმა ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. სახელმწიფოს მესვეურნი ფიქრობენ, რომ ეს იქნება პროფესიული განათლებისა და ბიზნესის საუკეთესო შერწყმა.
განათლების გერმანული მოდელი ე.წ. დუალურ სისტემას გულისხმობს, რაც დასაქმებამდე მისასვლელი მოკლე გზაა. კოლეჯის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სამუშაო ადგილზევე გაეცნონ თავიანთ მომავალ პროფესიას და ჩაერთონ ყველა საწარმოო პროცესში. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, მეღვინე-მევენახის პროფესიის დასაუფლებლად ახალგაზრდას საშუალება ექნება, გაეცნოს მთელ საწარმოო ციკლს - ის უნდა მუშაობდეს ვენახში, იცოდეს ვაზის კულტივაცია, ტრაქტორის მართვა, უნდა ფლობდეს სასუქთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. სამი წლის შემდეგ კი სტუდენტის დასაქმების პერსპექტივა მაღალი იქნება.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანული უმაღლესი განათლების მოდელი არც ისე წარმატებულია, რასაც თავად გერმანელებიც არ უარყოფენ. ამ მხრივ ბევრად უფრო მოქნილია კანადური, შვეიცარიული, ამერიკული, ბრიტანული და იაპონური მოდელები.
ექსპერტი განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გერმანული მოდელის დანერგვა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და რეალობასთან მას კავშირი არ აქვს.
მარიამ რამინაშვილის თქმით, აღნიშნული მოდელი, პირველ რიგში, პროფესიულ სასწავლებლებს ეხებათ, რაზეც პრემიერმაც მიანიშნა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა სწორედ პროფესიული სწავლების სეგმენტი. რეალურად, გერმანული მოდელი გულისხმობს სწავლების ისეთ ფორმას, როდესაც მსურველი პარალელურ რეჟიმში იღებს თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, ის დასაქმებულია ამა თუ იმ საწარმოში და იღრმავებს თეორიულ ცოდნას. თუმცა აღნიშნული მოდელის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს საწარმოთა მრავალფეროვანი სპექტრი, რომელსაც ექნება დაკვეთა, ჰყავდეს მეტი მუშახელი.
„ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის გამო საეჭვოა, გერმანული მოდელის დანერგვა საქართველოში წარმატებით განხორციელდეს. თუ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ასი ქარხანა უკვე გუგუნებს და ეს ქარხნები მუშახელსაც ითხოვენ, ამ რეალობაში შეიძლება გვქონდეს ილუზია, რომ განათლების დუალური მოდელი წარმატებით განხორციელდება. თანაც, ეს არ არის სიახლე. ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო განათლების სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, იმ პერიოდში ჩვენი წარმომადგენლებიც ესტუმრნენ გერმანიას, 2014 წელს პარლამენტის წევრიც კი ჩავიდა გერმანიაში დუალური მოდელის გასაცნობად, თუმცა ეს არ განხორციელებულა, რადგან განათლების სისტემამდე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა მოწესრიგებულიყო“, - აცხადებს მარიამ რამინაშვილი და მოითხოვს, ვიდრე გამოცხადდება კონკურსი ამა თუ იმ სპეციალობაზე, სახელმწიფომ აწარმოოს კვლევა და გაარკვიოს, სად, რამდენი სპეციალისტია საჭირო, რათა პროფესიული განათლებამიღებული ახალგაზრდობა მერე არ იყოს ხელმოცარული და დასაქმების გარეშე დარჩენილი.
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ განათლების გერმანულ მოდელზე გადასვლა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ხელისუფლების მცდელობა არჩევნების წინ დასაქმების პოპულარული თემა გააცოცხლოს. გარდა ამისა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს თბილისის მოსახლეობასაც, სადაც ხშირია ასეთი რიტორიკა, რომ ყველა თბილისში ჩამოდის სასწავლებლად. ხელისუფლება ამით თბილისელების გულს მოიგებს და აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ ყველა კი არ უნდა სწავლობდეს უმაღლეს სასწავლებელში, არამედ უნდა სწავლობდეს პროფესიულში, რაც დასაქმებისათვის კარგია. რაც შეეხება გერმანიას, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ გერმანიაში პრობლემა სწორედ ისაა, რომ სტუდენტების 50% უარს ამბობს უმაღლეს განათლებაზე და მიდის პროფესიულ სასწავლებელში. ამდენად, გერმანიაში უმაღლესი განათლების მსურველთა რიცხვი დაბალია.