აზიელებს ქართული საქონელი თვალში არ მოსდით

აზიელებს ქართული საქონელი თვალში არ მოსდით

აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის შეყვანა ქუვეთიმაც აკრძალა. აზიელების პოზიცია ცოტა უცნაური, რადგან ქუვეთიში საქართველოდან ცოცხალი საქონელი რამდენიმე წელია აღარ შედის.

ცოცხალი პირუტყვის იმპორტის აკრძალვაზე გადაწყვეტილება ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების სახელმწიფო უწყებამ მიიღო. ამის მიზეზი საქართველოში კატარული ცხელების ეპიდემიის გავრცელებაა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაავადებული პირუტყვი უკან, საქართველოში გაიგზავნება. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში კატარალური ცხელების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

სწორედ პირუტყვის დაავადება გახდა საბაბი, რის საფუძველზეც დაახლოებით თვენახევრის წინ აზერბაიჯანმა ცოცხალი პირუტყვის იმპორტზე ქართულ მხარეს უარი განუცხადა. დაავადება არც იმ შემთხვევაში დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა, მეზობელ ქვეყანას ჯერჯერობით აკრძალვა არ გაუუქმებია. შესაბამისად, ქართველი ფერმერები გასაღების ბაზრის ჩაკეტვის გამო კვლავაც ზარალობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქუვეითის მიერ საქართველოდან ზოგიერთი პირუტყვის იმპორტის აკრძალვას სწრაფად გამოეხმაურა. უწყების მიერ გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დადასტურდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.

„საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ყველა წევრ ქვეყანას. ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხვრის კატარალური ცხელების გამო ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყებამ საქართველოდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ბოლო ოთხი წელია არ განხორციელებულა.

საქართველოში აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში. გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ექსპორტიორ ქვეყანებს და ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრებს დამატებით აცნობებს.

ამასთან, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით მიმდინარეობს ვეტერინარული ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი. ბოლო ათი დღის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 800 ათასამდე სული ცხოველის ვაქცინაცია განხორციელდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილიც ადასტურებს, რომ საქართველოში არავითარი დაავადება არ ფიქსირდება. ამიტომ საჭიროა ასეთი არასწორი ინფორმაციის სასწრაფოდ გაქარწყლება.

„ფაქტია, რომ დაავადება რეალურად არ აღმოჩენილა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა. იგივე შემიძლია მეც განვაცხადო. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ცხვრის კატარული ცხელების დაავადება საქართველოში არ არსებობს. ეს დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო ბრალდებაა“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.