ბიზნესის ნაწილი მთის კანონით ვერ ისარგებლებს

ბიზნესის ნაწილი მთის კანონით ვერ ისარგებლებს

მთის კანონი უკვე ამოქმედდა, მაგრამ საწარმოების საკმაო ნაწილი იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებს, რაც კანონით არის განსაზღვრული. არადა, ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, მთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა და წარმოების წახალისება გახლდათ.

ის მეწარმე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდება და ამ საწარმოს საქმიანობით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო არ დაუბეგრავს. ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმო თავისუფლდება მოგების გადასახადისგან ასევე 10 წლის განმავლობაში.

სტატუსის მინიჭების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების საწარმო 10 წლის განმავლობაში არ გადაიხდის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადს. საყურადღებოა, რომ ქონების გადასახადისგან ასევე თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულმა კომპანიებმა მთის საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რის შემდეგაც დამუშავებულ პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ.

ახლადამოქმედებული კანონი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, მთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა და წარმოების წახალისება გახლდათ. თუმცა საგადასახადო შეღავათებით ვერ ისარგებლებენ ის მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს: საქონლით ვაჭრობა, მომსახურების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება) და ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.

ეს ნიშნავს, რომ შეღავათებით ვერ ისარგებლებენ სასტუმროები, მათ შორის, „გესტ ჰაუსები“, რესტორნები, მაღაზიები, ბანკები, აფთიაქები და ა.შ. შესაძლებელია, რომ გარკვეული გამონაკლისები იყოს დაშვებული ვაჭრობისა და მომსახურების მიმართულებით, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძირთადად სწორედ ზემოთჩამოთვლილი სეგმენტი არის მეტ-ნაკლებად წარმატებული.

მაინც რატომ არ ითვალისწინებს კანონი შეღავათებს ქსელური კომპანიებისთვის, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც ახორციელებენ საქმიანობას? ასევე, რატომ არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები მომსახურების გამწევ და სავაჭრო საქმიანობით დაკავებულ კომპანიებზე?

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქსელურ კომპანიებს გაუჭირდებათ დამოუკიდებლად ბუღალტერიის წარმოება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში განლაგებული ობიექტებისთვის და ძნელი იქნება ხარჯების გამიჯვნა. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი მალძიგაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანიებისთვის რთული იქნება გამიჯნოს გათავისუფლებული საქმიანობით მიღებული მოგება და ისეთი ტიპის მოგება, რომელიც არ არის გათავისუფლებული გადასახადებიდან.

„პირდაპირი ხარჯების გარდა, არსებობს საერთო ადმინისტრაციული ხარჯები, საკმაოდ რთულია ასეთი ტიპის ხარჯების გამიჯვნა, მაგალითად, შეიძლება თბილისში იყოს ცენტრალური ოფისი, ამ ოფისთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე მმართველი პირების ხელფასები - ასეთი ტიპის ხარჯები ემსახურება ყველა ობიექტის საქმიანობას“,- აცხადებს გიორგი მალძიგაშვილი.

მთის კანონი სულ ცოტა ხნია რაც ამოქმედდა, თუმცა დაინტერესება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არსებობს. შემოსავლების სამსახური რამდენიმე განაცხადს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ უკვე ამუშავებს.

2015 წლის 14 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. ეს სტატუსი დასახლებებს 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, 10 წლის შემდეგ კი, კანონის მოქმედების შედეგებიდან გამომდინარე, გადაისინჯება დასახლებული პუნქტების სია.

კანონის მთავარ მისიას წარმოადგენს მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფლის მოსახლეობა თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული.