„მეცნიერებმა, მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგძენით თავი დაცულად და საჭიროდ“.

„მეცნიერებმა, მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგძენით თავი დაცულად და საჭიროდ“.

2015 წლის დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული არაერთი პრობლემა გადაიჭრება. თებერვალის დასაწყისში კანონით გათვალისწინებული ცვლილებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორებს, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებს, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს გააცნო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის განმარტებით, გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მეცნიერების მხარდაჭერა და განვითარება: „წლების განმავლობაში განსაზღვრული არ იყო მეცნიერთა სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, ისინი ვერ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვასა და სასწავლო პროცესში. შეზღუდული იყო მკვლევართა მონაწილეობა თვით მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში. საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის შედეგად, მოხდება: სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო დონეზე კვლევითი დაწესებულებების სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმის მოწესრიგება, უნივერსიტეტებში მეცნიერთა სტატუსის აღდგენა, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის აღდგენა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების სისტემის ამოქმედება“.

როგორც ცნობილია, 2010 წელს სსიპ სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების დიდ ნაწილს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუერთდა. რეალურად, ამ შეერთებას, ძირითადად, მექანიკური ხასიათი ჰქონდა, რამაც პოზიტიური შედეგები ვერ მოიტანა. არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ მომხდარიყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ჩართვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში - მართვაში, სწავლებასა და დოქტორანტების მომზადების - მომავალი მეცნიერების აღზრდის საქმეში. სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები და მათი პერსონალი – მცირე გამონაკლისის გარდა – დარჩა შესაბამისი იურიდიული სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებების გარეშე.

ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება  სწორედ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება  - სამეცნიერო-კვლევით ერთეულები ხდებიან უნივერსიტეტების სრულუფლებიანი სტრუქტურული ერთეულები - შესაბამისი სტატუსით, ფუნქციებითა და უფლებებით. ახალგაზრდების მეცნიერებაში მოსაზიდად შემოდის პოსტ-დოქტორანტის სტატუსი. მკვიდრდება მეცნიერის სტატუსი და მეცნიერები უახლეს მომავალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მუშაობაში, ასევე აქტიურად ჩაერთვებიან მომავალი თაობის და განსაკუთრებით, მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში ანუ, შეიქმენება იურიდიული საფუძვლები ქვეყანაში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსებისა, რაც მთავარია, სამეცნიერო პერსონალის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია-ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ეს არის როგორც ერთიან დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, ისე სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების გათვალისწინებას და  საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ ანალოგებთან, რისი ვალდებულებაც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტულია ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ მისი პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება. აღნიშნული ტენდენციის ხელშეწყობას ემსახურება ევროკომისიის პროგრამის ერაზმუს+ ერთ–ერთი მიმართულება, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ზემოთ აღნიშნული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განხორციელებისთვის დამატებითი თანხების მოძიების რეალური წყარო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა აქამდე არ ცნობდა ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნებას (joint degree), რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სერიოზული ბარიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი დამატებითი თანხების მოსაზიდად.

ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, კანონმდებლობით განისაზღვრა უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭების შესაძლებლობა.

რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების სისტემის სრულყოფას, კანონმდებლობით განისაზღვრა სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო/საშუალო, სპეციალური საჭიროების, სახელოვნებო/სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი და მოცულობა (კრედიტები).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები, არც პირველი სასიამოვნო სიახლეა მეცნიერებისთვის და არც უკანასკნელი იქნება. 2013 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კი ისაა, რომ გაიზარდა მეცნიერების ანაზღაურება. საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაშიც, მეცნიერები აქტიურად იყვნენ ჩართულები. იმის გასარკვევად, როგორ აფასებენ ისინი გატარებულ თუ დაგეგმილ ცვლილებებს თავად მეცნიერები, „ვერსია“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

  თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა გელაშვილი, ქართულ მეცნიერებაში ბოლო 25 წელში შექმნილ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ძირითადად ახალგაზრდა მეცნიერებმა დატოვეს ინსტიტუტები. ზოგმა სხვა სფეროში დაიწყო მუშაობა, საუკეთესოებმა კი, უცხოეთში გააგრძელეს სამეცნიერო საქმიანობა. ინსტიტუტებში მხოლოდ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ენთუზიასტები დარჩნენ. თითქოს გარკვეული წინსვლა დაფიქსირდა 2006 წლიდან, როცა ინსტიტუტებს სსიპ-ების სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ყველაფერი 4 წელიწადში ისევ უარესობისკენ შეიცვალა, როცა ყველა ინსტიტუტი უნივერსიტეტების შემადგენლობაში შეიყვანეს. „ეს აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამის შედეგად ერთ დროს საამაყო და პრესტიჟული პროფესიის მქონე მეცნიერი დამხმარე პერსონალად. მას არ ქონდა უფლება არა თუ არჩეულიყო უნივერსიტეტის მმართველობის ორგანოებში, არამედ საერთოდ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა“, _ აცხადებს გელაშვილი და იმასაც დასძენს, რომ სასიკეთო სიახლეები მეცნიერებაში, 2013 წლიდან დაიწყო, როცა ჩატარდა ინსტიტუტების ატესტაცია წარმოდგენილი სამეცნიერო მუშაობის გრძელვადიანი გეგმების საფუძველზე. პირველად და თანაც საგრძნობლად გაიზარდა მეცნიერთა ანაზღაურება, რამაც ინსტიტუტში ახალგაზრდა კადრებიც მოიზიდა. 2015 წელს კი, სამინისტრომ ფიზიკის უნივერსიტეტისთვის 700 000 ლარი გამოყო და 50 წლის განმავლობაში პირველად, სასწავლებელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება 2015 წლის ბოლოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, გელა გელაშვილი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ინსტიტუტი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის შემადგენლობაში, აქტიურად ჩაერთვება აკადემიურ საქმიანობაში  და გარკვეული დოზით უნივერსიტეტის მმართველობაშიც. „მეცნიერებმა, მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგძენით თავი დაცულად და საჭიროდ. კარგი გრძნობაა, როდესაც ხვდები რომ განათლების მინისტრი და ზოგადად მთავრობა, ფიქრობს და მოქმედებს მეცნიერების განვითარებისთვის“ - აცხადებს გელა გელაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელიაც აცხადებს, რომ არსებობის 60 წლის მანძილზე, ინსტიტუტისთვის ბოლო 25 წელი განსაკუთრებით რთული იყო. ხელისუფლებისთვის სამეცნიერო ინსტიტუტები თითქოს ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა. როცა 2010 წელს ინსტიტუტები შეიყვანეს სახელმწიფო უნივერსიტეტების შემადგენლობაში გაურკვეველი „დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების“ სტატუსით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრუქტურულად გაერთიანდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში. უნივერსიტეტს დიდი გეგმები ჰქონდა ინსტიტუტთან დაკავშირებით, მაგრამ მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა - ინსტიტუტის მწირი ბიუჯეტი, ახალგაზრდა კადრების გადინება, და ბოლოს, შენობის გარეშე დარჩენა. კვარაცხელიას მტკიცებით, ვითარება 2014 წლის მიწურულს რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმშძღვანელობის ძალისხმევით, ინსტიტუტს გადაეცა ახალი ტერიტორია, შენობა და მათი რეკონსტრუქციისთვის ფინანსებიც გამოიყო. „დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ - დაფინანსების ასეთი მკვეთრი ზრდა, რაც 2015 წლის ბიუჯეტში აისახა, უპრეცედენტოა ბოლო 25 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ის საკანონმდებლო ცვლილებები კი, რომელიც დაგეგმილია, ინსტიტუტს დაეხმარება, მოიზიდოს ახალგაზრდა კადრები, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, რაც მისი გადარჩენის ტოლფასია“.

თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ ციციშვილი აცხადებს, რომ 2015 წლის დასაწყისში, განათლების სამინისტროს ინიციატივით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება დაიწყო: „მნიშვნელოვანი ცვლილება იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ბიუჯეტის გაზრდა. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისათვის, პროგრამის „ქიმია და ქიმიური ტექნილოგიები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის“ პირველი წლის განსახორციელებლად გამოიყო 1 211 200 ლარი. გაზრდილმა ბიუჯეტმა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას საშუალება მისცა დაახლოებით 2,5-ჯერ გაზრდილიყო მეცნიერთა ხელფასები. დაიწყო ინსტიტუტის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. მოხერხდა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემის გამოცვლა, ჭების ამოწმენდა და შეკეთება, სველი წერტილების მოწესრიგება. დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების სახურავების და საცდელი წარმოებისათვის განკუთვნილი შენობის ფასადის სრულ რეაბილიტაციას. ასეთი ფართომასშტაბიანი განახლებითი სამუშაოები ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. შევიძინეთ თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარები, კომპიუტერული ტექნიკა. მრავალი წლის შემდეგ პირველად მოხერხდა შეგვეძინა ქიმიური მიმართულების სამეცნიერო კვლევებისათვის აუცილებელი ქიმიური რეაქტივები, ჭურჭელი და მცირეფასიანი ტექნიკა“.

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ებრალიძეც მიიჩნევს, რომ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის შედეგად, „გადაიჭრება ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებთან შეერთებული სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ძირითადი პრობლემა: იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო დონეზე კვლევითი დაწესებულებების სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმის მოწესრიგება, უნივერსიტეტებში მეცნიერთა სტატუსის აღდგენა, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის აღდგენა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების სისტემის ამოქმედება, რაც საქართველოში 2006-2010 წლებში დარღვეული სამეცნიერო სივრცის აღდგენის აუცილებელ ნაბიჯებს წარმოადგენს. საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოების საფუძველზე, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის ამაღლება, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, არსებული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება და  მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა“.

თსუ-ს აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი გია ტატიშვილი აცხადებს, რომ მეორე წელია, ინსტიტუტი სახელმწიფოსგან იღებს წინა პერიოდთან შედარებით 3.3-ჯერ გაზრდილ ბიუჯეტს ათწლიანი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. „მისი წყალობით მეოთხედსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, დავიწყეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღდგენა-განახლება. შენობის ერთ სართულზე გამოიცვალა იატაკი და ფანჯრები, უახლოეს 2-3 წელს, მთლიან ფართობს მოვიცვავთ. მთავრდება ანალიზური ლაბორატორიის ოთახების მაღალი სტანდარტით გარემონტება, უახლესი ხელსაწყოების დამონტაჟების მიზნით. ცხადია, მხოლოდ დაფინანსების გაზრდა არ ნიშნავს მეცნიერების რეფორმირებას“.

ტატიშვილის განმარტებით, საკონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაში, მეცნიერებიც აქტიურად მონაწილეობდნენ: „ახლა იწყება გადამწყვეტი ფაზა. უნდა მოხდეს ამ კანონების სრულფასოვანი და ეფექტური იმპლიმენტაცია, რაც მეცნიერებას დააბრუნებს ლეგიტიმურ ველში. შეიქმნება პირობები განვითარებისთვის, მომავალი კადრების მომზადების პროცესში მონაწილეობისთვის და ეკონომიკის ამოცანების განხორციელებაში ჩართულობისთვის ქვეყნის საკეთილდღეოდ“.a