ვისი გარდაცვალების გამო ვეღარ შეძლო იპოლიტე ხვიჩიამ თეატრში თამაში

ვისი გარდაცვალების გამო ვეღარ შეძლო იპოლიტე ხვიჩიამ თეატრში თამაში

„დიდ სიამოვნებას გვრიდა თუ მოსთხოვდით ჩამოეთვალა ფილმები, რომლებშიც თამაშობდა და ჩამოთვლისას, ფილმის დასახელებას ისე იტყოდა, იმ წუთში ფილმის შინაარსი წარმოგიდგებოდა თვალწინ,” – წერს ნუნუ ხვიჩია წიგნში „მონოგრაფია მამაზე”, საიდანაც კინოკომიკოსის ცხოვრების ბევრ ისეთ საინტერესო ამბავს გაიგებთ, რაც აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. დიახ, დღეს თქვენთვის გავაცოცხლებთ იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებისა და შემოქმედების კადრებს, იმ კაცის, რომელიც  ასეთ დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ყველას.                                       

„1910 წლის 31 დეკემბერს საშინელ თოვაში, სუსხსა და ყინვაში, იმ დროს, ახალ წელს რომ უნდა შემოებიჯებინა, ხონთან, იქვე, სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, ალექსანდრე (იონა) ყვინჩიას სახლში გაჩნდა ვაჟი, მეექვსე შვილი. ახალი წლის შემობრძანებისას პატარა იმერულ ჯარგვალში გაჩნდა ქართული თეატრისა და კინოს მომავალი კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია. მართლაც უცნაურად ჟღერს მითოლოგიური სახელი – იპოლიტე. ვის მოუვიდა აზრად აქ, ამ ალაგას გაჩენილი ბიჭუნასთვის დაერქმიათ სახელი შორეული გალაქტიკის ეტლის თანავარსკვლავედის ერთ-ერთ კაშკაშა, გიგანტურ ვარსკვლავს რომ ჰქვია. თუმცა, ის არც ანტიოპესა და ათენის მეფის თეზევსის ვაჟი ყოფილა და არც მასავით სანდომიანი და მითიური აღნაგობის. სახუმაროდ არ ჰქონდათ საქმე ჩემს ბაბუას ალექსანდრესა და ბებია პისტის. ექვსი შვილის მშობლებს წუთით ჩამოჯდომის უფლება არ ჰქონდათ. ექვს შვილს ჩაცმა უნდოდა, დახურვა, ჭამა, სმა და, რაც მთავარია, აღზრდა. სახლდამწვარი, ექვსი მცირეწლოვანი შვილით ნალიასთავშეფარებული ოჯახი, ცოტას მეზობლებიც რომ ეხმარებოდნენ, იმედიანად ხვდებოდნენ ყოველი დილის გათენებას. და-ძმებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა საშა. სადაც ხელი მიუწვდებოდა და იშოვიდა, მოჰქონდა წიგნი შინ და სულმოუთქმელად კითხულობდა. წაკითხულს ხმამაღლაც იმეორებდა, რითაც ავლენდა გამომეტყველებითი კითხვისადმი მიდრეკილებას. პატარა იპოლიტეს ფაქიზი განცდისა და აღქმის უნარი ჰქონდა. როცა დროს გამონახავდა, შეიპარებოდა სათონეში და ძველისძველი კედლის შეყვითლებულ სარკეში იმეორებდა საშას ქცევებს, მოძრაობებს, მიმიკას, ჟესტს და ცდილობდა, მიმსგავსებას... ნახახულევი იქვეა კონტუათთან და სკოლაშიც იპოლიტე იქ მიაბარეს. თავიდან სკოლამ მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. უფროსმა ძმებმა – აკაკიმ და საშამ სკოლაში დრამატული წრე შექმნეს. ბიჭებს მოცლა აღარ ჰქონდათ და სცენით დაიტვირთნენ. საღამოები საინტერესო შეიქნა... აქვე იყო დრამატურგი, კომპოზიტორი, მხატვარიც – საშა ყვინჩია. წარმოდგენებში მთავარ როლებს აკაკი, საშა, ლუბა, სირიო ასრულებდნენ. ამ დროს იპოლიტეს არ აინტერესებდა და-ძმის საქმიანობა, წამოყვინჩილდა და ჯერჯერობით სცენისკენ არ იხედებოდა... 1925 წელს თოთხმეტი წლის ყმაწვილი თბილისში ჩამოვიდა და სწავლა გააგრძელა სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში. სწავლის პერიოდში ბინად პისტი თოფურიას დასთან, ოლღა დეიდასთან იყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად, შემდეგ – ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულას აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე, მერე ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამულაში, ჭუბერში და აცურებდა ენგურზე, მაგრამ აქაც დიდხანს არ გაჩერებულა. მუშაობდა სოხუმშიც – მეთულუხჩედ და პურის მცხობლად. ამ დროს ხონში ჩამოყალიბებული იყო მუშა-ახალგაზრდობის თეატრი... 23 იანვარს გაიხსნა ქუთაისი-ხონის თეატრის სეზონი ხონში. თეატრმა მაყურებელს წარუდგინა ბელორუსი მწერლის პიესა – „გუტა”. ამ სპექტაკლს დაესწრო ყვინჩიების ექვსეული... დიდი გავლენა მოახდინა იპოლიტეზე აკაკი კვანტალიანის, გრიგოლ კოსტავას, ალექსანდრე გომელაურის თამაშმა. სცენამ მაშინ მიიზიდა, მოხიბლა და დააინტერესა. ჰოდა, ხონის რაიონული თეატრის პირველი თეატრალური სეზონის აფიშებზე გაჩნდა ექვსივე ყვინჩიას სახელი. გაიხსნა ფარდა. წამით სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა დარბაზში და სცენაზე. დაიქუხა მქუხარე ტაშმა, დაინგრაო თითქოს იქაურობა… და გავიდა იპოლიტე სცენაზე... 1936 წლის 28 დეკემბრიდან იპოლიტე ტყიბულში ჩავიდა სამუშაოდ, სადაც რეჟისურაშიც მოუწია ძალთა მოსინჯვა და არცთუ ურიგოდ. ის მეშახტეთა ცენტრალური კლუბის გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ხან მსახიობად და ხან რეჟისორად იღვწის. თეატრალურმა ცხოვრებამ ნირი იცვალა დასავლეთ საქართველოს ცენტრში. ოთხი წლის განმავლობაში უთეატროდ იყო ქალაქი... სახკომსაბჭოს დადგენილებით, ქუთაისის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მოწვეული იყო იმ დროსთვის კოტე მარჯანიშვილის საუკეთესო მოწაფე დოდო ანთაძე. ანთაძემ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანა ნიჭიერი მსახიობები. ეს, ის პერიოდია, იპოლიტე მაღაროელთა ქალაქში რომ იღვწის... დოდო ანთაძე დააინტერესა იპოლიტე ხვიჩიას ნიჭმა, უშუალობამ, ბუნებრიობამ... როცა მოსალაპარაკებელი შეხვედრა შედგა, დიალოგი იუმორით წარიმართა: მობრძანდი, დაბრძანდი, წარმომიდექი... ახლა არ ვიდექი – დაჯექიო. მე იპოლიტე ვარ ყვინჩია... ააა ყვინჩია? მერე შევცვალოთ „ყ“-„ხ“-თი რა მოხდება, ამით ვითომ დაშავდება რამე? არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე!.. ამგვარად ყვინჩია გახდა ხვიჩია და ნამდვილად ამ დიდ ხელოვანს უნდა ვუმადლოდეთ იპოლიტე ხვიჩიას აღმოჩენას, რომელმაც ჩამოაყალიბა, გამოძერწა, დააოსტატა, დაავაჟკაცა მომავალი მსახიობი. თუმცა, იპოლიტე თვითონ, თავისი ნიჭით მაინც გაიკვლევდა გზას, არ დაიკარგებოდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დასაწყისი აქვს... ქუთაისში ჩვენი სახლი შუაგულ ქალაქში იდგა – „ბავშვთა სამყაროსა” და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკას შორის, აი იქ, ებრაელების „პასაჟს” რომ ეძახდნენ... იქაური მეზობლები, მამას თბილისში გადმოყვანის შემდეგაც, არ წყვეტდნენ ჩვენთან ურთიერთობას... რუსთაველის თეატრში მსახიობს საოცარი სითბო და სიყვარული დაახვედრეს  თეატრის დასმა, ტექნიკურმა პერსონალმა, რეჟისორებმა და ხელმძღვანელებმა. დაიწყო ახალი ცხოვრება. 1966 წლის 13 აპრილს რუსთაველის თეატრში, „უკანასკნელ მასკარადში” გიზო ჟორდანიას რეჟისორობით, ითამაშა სპირიდონი. ეს მამას უკანასკნელი როლია სცენაზე. რატომღაც თეატრთან დაშორებამ სულმთლად მიაჯაჭვა კინოსა და ტელევიზიას.                                                                                                                                                                          

მინდა, ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა გავიხსენო. იმ დროს თეატრის მთავარი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე ქუთაისში იყო. საქართველო გლოვობდა საყვარელ მსახიობს გიორგი შავგულიძეს. ამ დროს ქუთაისის თეატრში განაწილებული იყო „კოლმეურნეს ქორწინება”, ხარიტონზე იპოლიტე ხვიჩია დანიშნეს და რეპეტიციები უკვე დაწყებული გახლდათ. თეატრი დედაქალაქში საგასტროლოდ ემზადებოდა. ხვიჩიამ იმდენად განიცადა შავგულიძის გარდაცვალება, რომ სპექტაკლზე არ მივიდა. ამბობდა: ჟორას შემდეგ ამ როლს ვეღარ ვითამაშებო. აკაკიმ იპოლიტეს უარი ვერ მიიღო და საყვედური გამოუცხადა... შემდეგში კოლექტივი გვერდში ამოუდგა იპოლიტეს და შავგულიძის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი გადაატანინა.

ბოლო წლებში გაუსაძლისი შეიქმნა ცხოვრება. ხშირად იჯდა სახლში მამა, გარეთ გამოსვლას ერიდებოდა, ასეთი არ მინდა დავამახსოვრდე ხალხსო. ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და მთავარი – თამაშობდა ნარდს. ვაი, მისი ცოდვა, ვისაც ხელში ჩაიგდებდა. იყო ერთი კენჭების ტკაცუნი. მერე პარტნიორი განგებ წამოდგებოდა, წავედიო და შეიქმნებოდა ისევ ტკაცუნი. რას არ თმობდა, ოღონდ პარტნიორი არ დაჰკარგვოდა. ერთ-ერთი მომთმენი და დიდი მოყვარული ნარდის თამაშებისა გახლდათ ცნობილი ჟურნალისტი და პოეტესა კირა კვეიძე. სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც „მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო!..” დაიგინებდა მამა, გააგდებდა კირას, კირაც დაიგინებდა და გავარდებოდა... მეორე დღეს არჩევდნენ ტელეფონით პარტიას და საღამოს 9 საათზე ცხადდებოდა შეჯიბრებაზე. ასე იყო შვილიშვილებთანაც: მაკასთან, ავთოსთან, მარიკასთან... ქვის მოპარვა აუტანელს ხდიდა თამაშს. ერთ დღეს შეიქმნა საბუთი ანუ ხელწერილი, რომლითაც იპოლიტე უკრძალავდა თავის თავს თამაშის დროს გინებას, ქვის მოპარვასა და სხვადასხვა რამეს, რაც ნარდის თამაშს ახლავს. ხელწერილი: „მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორების მოგებას და არ მივითვისო იგი. 1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყენო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და...);  2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახი, უპატრონო, კრეტინი, დეგენერატი, კიკა... 3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში; 4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო არ ჩანს); 5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებულ პარტიებზე და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე; 6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი. ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობების ყველა მუხლს დავიცავ. რაზედაც ხელს ვაწერ იპ. ხვიჩია. (ხელწერილზე) ვაწერ ხელს, მაგრამ თუ ავდექი ფეხზე, თქვენ მ...…კარგის ტრ..! თქვენი იპო“.

...ბატონმა რეზო ჩხეიძემ თავისი სკოლის ამხანაგთან, ცნობილ ჟურნალისტთან ბატონ გივი მეფისაშვილთან საუბარში გაიხსენა კანის ფესტივალი, სადაც უჩვენეს „ბურთი და მოედანი”. ბატონი რეზოს გვერდით ჟან გაბენი მჯდარა. აღფრთოვანებულს ჩუმად გადაულაპარაკებია: „ეს რა გენიოსი გყოლიათ?!” ჩაპლინი? ბურვილი? ტოტო? ფიუნესი? ლინსკი?.. დიდებულია, კარგია, შესანიშნავია, მაგრამ იპოლიტე, ჩვენი იპოლიტე, ქართველი, სულ სხვაა... ერთ-ერთ ინტერვიუში („ახალგაზრდა კომუნისტი” 1979 წ. 11 დეკემბერი) იპოლიტე ეკითხება კორესპონდენტს – „რამდენი შეკითხვა გამოგვივიდა?” თერთმეტი. თუ შეიძლება კიდევ ორი შეკითხვა დავამატოთ. ცამეტი ჩემი ციფრია, კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით – დედა, მამა და 11 შვილი; ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი; ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზნების 13-ში გადმოვედი; რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება; ახალი ბინა სევასტოპოლზე 13 ივნისს მივიღე და ასე შემდეგ. კორესპონდენტმა კიდევ ორი კითხვა დაუმატა, რომლის პასუხებზეც იმდენი იცინა და ისე ხმამაღლა, რომ მერე ბოდიშებს იხდიდა უნებლიე ხუმრობისთვის.”