ავტობიზნესი შეიძლება საექსპორტო მიმართულების ლიდერთა ჯგუფიდან ამოვარდეს. ამ ეტაპზე საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები გადის, ხოლო ავტომობილები მესამე ადგილზეა. განსაკუთრებული პრობლემა ავტობიზნესს აზერბაიჯანში და სომხეთში დაწესებულმა შეზღუდვამ შეუქმნა.
აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, ავტომობილების იმპორტი ამ ქვეყანაში 9,4-ჯერ შემცირდა. ასეთი ვარდნა ბოლო 16 წლის განმავლობაში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ავტომობილების იმპორტი 2,36-ჯერ შემცირდა, 2014 წელს კი თითქმის 40%-ით.
იანვარში აზერბაიჯანში სულ 437 ავტომობილი იქნა ქვეყანაში შეყვანილი. მათგან 401 მსუბუქი ავტომობილი იყო. ავტომობილების იმპორტის ღირებულება საჯარო არ არის, თუმცა ცნობილია, რომ სატრანსპორტო საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტმა 11,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,5-ჯერ ნაკლებია 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
მეზობელ ქვეყნებში არსებული ამგვარი ტენდენცია დიდ პრობლემას უქმნის საქართველოში ავტობიზნესით დაკავებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან კანონმდებლობაც იცვლება, რეგულაციები მკაცრდება და განბაჟებაც ძვირდება (გარკვეული კატეგორიის მანქანებზე). ყველა ამ ნიუანსს თუ გავითვალისწინებთ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამ ბიზნესში ვეღარ იქნებიან.
„თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია საერთოდ აიკრძალება, ხოლო მარცხენასაჭიანი მანქანების ღირებულება 100 პროცენტით გაიზრდება, ეს ყველაზე მეტად მცირე ბიზნესს დააზარალებს. მსხვილი კომპანიები კი, რომლებსაც კაპიტალიც უფრო მეტი აქვთ და ბრუნვაც, თავიანთ მოგებას გაზრდიან. ავტოდილერების მდგომარეობა დღეს შეიძლება შევადაროთ გარემოვაჭრეების მდგომარეობას: ისინი კონკურენციას უწევენ ბაზრებს და დიდ კომერციულ ობიექტებს, რომლებსაც მათი არსებობა სულაც არ მოსწონთ.
რაც შეეხება ხელისუფლების სურვილს, რომ ავტოპარკი უნდა განახლდეს, ეს ადამიანის კეთილდღეობის და მისი შემოსავლის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. როცა ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია და მოქალაქის შემოსავალი ყოველდღიურად იკლებს, მას აღარა აქვს საშუალება, რომ პირადი ნივთები განაახლოს, მათ შორის, ავტომობილიც. ის ცდილობს დანაზოგი გააკეთოს და თავისი მანქანა დიდხანს შეინარჩუნოს. საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა შედარებით იაფფასიან ავტომანქანებზეა. შესაბამისად, ავტოპარკის განახლება ამ რეგულაციებით შეუძლებელი იქნება. გამოდის, რომ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, ავტომობილი მათთვის ხელსაყრელ და მისაწვდომ ფასად შეიძინონ“, - აცხადებს ეკო ტრასპორტ ცენტრის ხელძღვანელი ვასო ურუშაძე.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე „ბიპიენთან“ საუბრისას აღნიშნავს, ავტობიზნესის დაკნინება საქართველოში ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.
„ამ ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო: დასავლეთიდან აქ შემოსული მანქანები მეზობელ ქვეყნებში ნაწილდებოდა - მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი, სომხეთი და შუა აზიის რესპუბლიკები. რეექსპორტის შეჩერება საქართველოსგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა განაპირობა. ეს არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია და არც - ამჟამინდელი ხელისუფლების. რეექსპორტის შეჩერება იმ შეზღუდვებმა გამოიწვია, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გატარდა. პირველ რიგში, ეს დაიწყო ყაზახეთიდან, სადაც 2011 წლამდე საქართველოდან დაახლოებით 25 ათასი სატრანსპორტო ერთეული შედიოდა.
მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ამ ქვეყნის ბაზარი დაიკარგა. ამას დაერთო 2014 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იქ ევრო-4-ის სტანდარტი დამკვიდრდა და ათ წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა აიკრძალა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ჩვენგან დღესაც გადის მანქანები, მაგრამ ეს ათ წელზე უფრო ახალგაზრდა ავტომობილებია. შარშან, 1 იანვრიდან სომხეთიც შეუერთდა ევრაზიულ კავშირს და ეს ბაზარიც დავკარგეთ. რაც შეეხება რუსეთს, ის თვითონ გახლავთ ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა, რომელიც პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებს. ისინი საკუთარ ქვეყანაში დამზადებულ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას და ამის გამო რუსეთში მესამე ქვეყნიდან შესული ავტომობილები ძალიან იბეგრება. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზე, რომელიც თვითონ არის მწარმოებელი ქვეყანა“, - ამბობს შალვა ოგბაიძე.
საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გადის, შემდეგ მას მოჰყვება ფეროშენადნობები, მესამე ადგილზეა ავტომობილები, რომლის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული და შეიძლება ის სამეულიდან საერთოდ ამოვარდეს.