მაღაროელები უკან არ იხევენ, არც საწარმოს ხელმძღვანელობა

მაღაროელები უკან არ იხევენ, არც საწარმოს ხელმძღვანელობა

ტყიბულის გამგეობასთან ორასამდე მაღაროელია შეკრებილი. მაღაროელთა გაფიცვა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. გამოსავალი არ ჩანს. სიტუაციის განმუხტვა ვერც ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა შეძლო.

მეშახტე მამუკა კეკელია ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გამუჯობესებაა. კეკელიას თქმით, საქმე, რომელსაც ტყიბულელი მაღაროელები აკეთებენ, შეუსაბამოა ანაზღაურებასთან.

ამ დროისთვის მაღაროში ძირითადი სამუშაოები შეჩერებულა. „მე-7 დღეა ვშიმშილობთ და არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ხალხს ხელფასს გვიხდიან მიზერულს და გვინდა, ის დამამცირებელი პირობები მაინც აღარ იყოს, რაც წლებია გრძელდება“, - ამბობს მამუკა კეკელია.

ტყიბულელი რუსლან ბუცხრიკიძე ძიძიგურის შახტში წმენდითი სანგრების მუშაა. ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს:

„400 მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ მიწაში. ლიფტი რომ წარმოიდგინოთ, რომელიც მიწაში ჩადის... მერე 3,5-4 კილომეტრი მივდივართ გვირაბში. მერე იმ ადგილას შევდივართ, სადაც ნახშირი მოიპოვება. ყველაზე რთული მდგომარეობა მანდ არის - მტვერია, ნახშირი გაზებს გამოყოფს, რომელსაც მუშები შეისუნთქავენ. ადამიანებს მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ - ჰაერის ჩაქუჩებით, წერაქვებით, ბურღავენ და აფეთქებენ, მერე იმ წამლის გამონაბოლქვს ვსუნთქავთ, ბოლომდე იქაურობის განიავება შეუძლებელია, მაინც ხვდება ადამიანის ორგანიზმში. რომ გამოვდივართ, მარტო კბილები გვიჩანს თეთრი. ადამიანის ფორმა აღარ გვაქვს ხოლმე და ისეთი შავები გამოვდივართ, ხანდახან ერთმანეთის ცნობა გვიჭირს“, - უთხრა რადიო „თავისულებას“ რუსლან ბუცხრიკიძემ.

ასეთი სამუშაო კვირაში ოთხი დღეა, დღეში 6 საათი. ანაზღაურება მაქსიმუმ 750-800 ლარია.

მაღაროელებთან ამ დრომდე ხელისუფლებიდან მხოლოდ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე იყო მისული, თუმცა ის მუშებს ვერაფერს დაჰპირდა. უშედეგოდ დასრულდა მისი შეხვედრა „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ჩხეიძესთანაც.

ელისო ჩაფიძემ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემაზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ილაპარაკა და თანაგუნდელებს, მათ შორის გიორგი ვოლსკისა და გიორგი ჟორჟოლიანს, მასთან ერთად ტყიბულში ჩასვლა და გაფიცულთა მოსმენა სთხოვა. ჩაფიძემ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლების მოსვლიდან 4 წლის შემდეგ ტყიბულის მაღაროში ვითარება გაუარესდა.

დეპუტატის მიერ გავრცელებული ღია წერილი გაფიცული მაღაროელების საკითხს ეხება. ჩაფიძე აღნიშნავს, რომ მზად აქვს კანონპროექტები, როგორც მეშახტეთა არა მხოლოდ 3000 ლარამდე, არამედ მთელი წლის განმავლობაში 10 პროცენტით დაბეგვრის შესახებ, ასევე ტყიბულის რაიონისთვის მაღალმთიანი ზონის მინიჭების თაობაზე და მას კოლეგების 76 ხმა სჭირდება.

„2016 წლის 1-ლი იანვრიდან ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში და მეშახტეები იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით, ანუ ხელფასის 20 პროცენტით. 1999 წლიდან დღემდე კი მაღაროელები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ 10-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, სანამ მათი შემოსავალი არ მიაღწევდა 3000 ლარს. დაახლოებით 800 მეშახტე ამიერიდან წლიურად მიიღებს 300 ლარით ნაკლებს, რაც, ვფიქრობ, არაკონსტიტუციურია, რადგან კანონმა კი არ შეცვალა მათი მდგომარეობა უკეთესობისაკენ, არამედ უარესობისაკენ.

ამ თემაზე კანონის მიღების მომენტში რამდენიმე წერილით მივმართე მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ყოფილ პრემიერს, ფრაქციას, უმრავლესობას და ა. შ. პასუხად იყო სიტყვიერი დაპირება, რომ საკითხი განიხილებოდა მთის საბჭოს მიერ 2016 წლის 1 აპრილამდე და ტყიბულის რაიონის მაღალმთიან და რთული რელიეფის სოფლებს გამონაკლისის წესით მიანიჭებდნენ ამ სტატუსს. ეს დაპირება არ შესრულდა 2015 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე. არ მაქვს არავითარი გარანტია და არც მოლოდინი, რომ იგივე არ მოხდება 2016 წლის მარტში.

გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. კანონის მუხლობრივ ფორმულირებას ძალიან მარტივად შემოგთავაზებთ და იმის თქმა, რომ თითქოს პრობლემა წერილებშია, წარმოადგენს იაფფასიან პოლიტიკურ ხრიკს საკითხის გადაწყვეტის გასაჭიანურებლად. მეჩვენება, რომ ამ ინიციატივებს იგივე ბედი ელით, რაც მეშახტეთა საპენსიო ასაკის შემცირების მოთხოვნას, რაზეც საკითხი დავაყენეთ 2013 წელს და დღემდე ველით პასუხს.

მე მზად მაქვს კანონის პროექტები, როგორც მეშახტეთა არა მხოლოდ 3000 ლარამდე, არამედ მთელი წლის განმავლობაში 10 პროცენტით დაბეგვრის შესახებ, ასევე ტყიბულის რაიონის მაღალმთიან ზონისათვის მინიჭების თაობაზე. ამჯერად მჭირდება ჩემი კოლეგების 76 ხმა. კანონპროექტებს მომდევნო კვირაში დავარეგისტრირებთ პარლამენტში“, - აღნიშნულია ელისო ჩაფიძის ღია წერილში.

მეშახტეების გაფიცვის ინიციატორი არ ყოფილა პროფკავშირი, ამიტომ ის მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ არის, თუმცა როგორც თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, ისინი მხარს უჭერენ ტყიბულის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნებს, რადგან, მისი შეფასებით, გაფიცვა კომპანიის ხელმძღვანელობის დაუდევრობის ბრალია. პრობლემა ის არის, რომ პროფკავშირი მაღაროს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებში ვერ ერთვება. მოვლენების განვითარების შესახებ დოლაბერიძის პროგნოზი არც ისე ოპტიმისტურია:

„კომპანია ამბობს, ხელფასებს ვერ გავზრდიო და ასეა სიტუაცია გაჭედილი ჩიხში. დღეს, სიმართლე გითხრათ, ვერც ვხედავ გამოსავალს, რამ შეიძლება ეს ვითარება დაარეგულიროს!“