„საკანონმდებლო რეგულაციები ბავშვებს პირდაპირ ეუბნება - თქვენ ხართ მეათეხარისხოვანი მოქალაქეები“

„საკანონმდებლო რეგულაციები ბავშვებს პირდაპირ ეუბნება - თქვენ ხართ მეათეხარისხოვანი მოქალაქეები“

რამდენად ირღვევა  მოზარდების უფლებები საქართველოში და რატომ არ მიმართავენ ისინი სასამართლოს? ამ საკითხის გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ქსელმა გამოაქვეყნა ანგარიში მოზარდთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ.

საუბარია 14 წლამდე მიღწეული მოზარდების მიერ სასამართლოს ეფექტურ გამოყენებაზე საკუთარი უფლებების დასაცავად. საქართველოს ამ რეიტინგში 197 ქვეყნიდან 59-ე ადგილი ერგო.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მოზარდს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თუ ვინ უნდა დაიცვას მისი უფლება - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ მისთვის სასურველმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია აქტუალური, თუკი მოზარდი სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უჩივის მისი უფლებების დარღვევისთვის.

For.ge ანა აბაშიძეს ესაუბრა.

საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენ მოზარდს მიუმართავს სასამართლოსათვის საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით. რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვები სასამართლოში მიმართვისას?

- სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენს ქვეყანაში ამ უფლებით უნდა სარგებლობდეს ყველა ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ა.შ. თუმცა, თუ გადავხედავთ ჩვენს კანონმდებლობას, კანონმდებელი ორი აშკარად შესამჩნევი ნიშნით აკეთებს დისკრიმინაციას. პირველი, როცა ქმედუუნაროდ აღიარებულ ადამიანებს (ფსიქიკური, მენტალური ან კოგნიტური შეფერხებები) არ აძლევდა უფლებას, მიემართათ სასამართლოსთვის და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს უსწორობა გამოასწორა, ხოლო მეორე, კლასიკური მაგალითი, რომელიც დღემდე ხარვეზად რჩება ჩვენს კანონმდებლობაში, ეს არის ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია. ანუ, არც ერთ შემთხვევაში, 14 წლამდე პირს უფლება არ აქვს, მიმართოს სასამართლოს. ამისგან განსხვავებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ბავშვების მხრიდან გაგზავნილ განაცხადს ჩვეულებრივად იღებს. მართლმსაჯულების ეს ერთ-ერთი უმაღლესი ინსტანცია ძალზე ყურადღებით ეპყრობა ბავშვების განაცხადს.

ბავშვს სასამართლოსთვის მიმართვის იურიდიული ცოდნა არ გააჩნია. ამის გამო, ალბათ, საქმეში უნდა ჩაერთონ მეურვეები და მზრუნველები?

- დიახ, ბავშვებთან მიმართებით საქმეში უნდა ჩაერთოს მეურვეობის მქონე ორგანო, სოციალური მუშაკის ან იურისტის წარმომადგენლობით. არ არის აუცილებელი, იურიდიული ცოდნა ჰქონდეს ყველა განმცხადებელს. ამ მხრივ არც ბავშვები არიან გამონაკლისნი. ადამიანები, რომლებსაც იურიდიული ცოდნა არ აქვთ, ქირაობენ ადვოკატს, ან იურიდიული პროფესიის სხვა ადამიანს.

კიდევ უფრო მძიმე ვერსიას გეტყვით, რომელიც ჩიხურ სიტუაციაში აყენებს არასრულწლოვანს ჩვენს ქვეყანაში. წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება და მას პრეტენზია აქვს კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ ამ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელია. რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, როცა იგი ედავება მას, ვინც წესით უნდა დაიცვას მისი უფლებები სასამართლოში? ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ მძიმეა ბავშვისთვის ჩვენი სასამართლო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ვერ დაიქირავებს ვერც კერძო ადვოკატს, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და რჩება ისევ „კანონდამრღვევი მოპასუხის პირისპირ“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ბავშვს თავად „დაიცავს“. ანუ ეს კანონდამრღვევი თავად იქნება ორივე მხარე-მოსარჩელეც და მოპასუხეც. ეს არის ინტერესთა კონფლიქტის მაგალითი, რომელსაც სახელმწიფო დღეს ვერ უმკლავდება, რადგან სასამართლო გარანტიები საკანონმდებლო ჩანაწერის სახით არ არსებობს.

პრობლემაა ისიც, რომ ბავშვს არ აქვს უფლება, თავისი არასრულწლოვნების პერიოდში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე იდავოს სრულწლოვანების ასაკში. ეს მაშინ, როცა მას საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, უნდა ჰქონდეს დავის საშუალება, ამის უფლებას ჩვენი კანონმდებლობა ბავშვს არ აძლევს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რომ, თუ ბავშვი 10 წლისაა, მხოლოდ მაშინ მოუსმენს საქართველოს მოსამართლე მის მოსაზრებას, რაც აპრიორი ეწინააღმდეგება ბავშვის, როგორც სრულფასოვანი მოქალაქის, უფლებებს.

სასამართლო ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუკი ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმის მიყენების გამო ბავშვი უჩივის მშობელს ან მეურვეს, ამ შემთხვევაში, ვინ უნდა გადაიხადოს სასამართლოს ხარჯი?

- თუ ბავშვებს ეხებათ საქმე, სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებულნი არიან მხარეები და ეს არ არის პრობლემა, ანუ ბავშვი განმცხადებელი არ ქმნის დამატებითი რესურსების გამოძებნის აუცილებლობას. აქ მთავარია, ბავშვი რამდენად არის ინფორმირებული საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომ მიმართოს სასამართლოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად აქვს ბავშვს სამართლებრივი შანსი, აირჩიოს ადვოკატი, რაც კონსტიტუციური უფლებაა.

რამდენად არსებობს სერიოზული მოტივაცია იმისთვის, რომ საქართველოში ბავშვმა მიმართოს სასამართლოს? ამის ნათელი მაგალითია ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ფინეთი, სადაც ბავშვები სასამართლოს ხშირად მიმართავენ, თუმცა ჩამორჩენილ სომალის, ერიტრეას, ეკვატორულ გვინეას ასეთი პრეცედენტი არ აქვს.

- ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებს, მათ შორის, ასეთია საქართველოც. ბუნებრივია, მინიმუმ, ორმაგდება უფლებათა დარღვევის ფაქტები არასრულწლოვნებთან, ანუ მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით. ძალზე მაღალია ჩვენში გამოწვევები ბავშვებთან მიმართებით, მაგრამ ამ გამოწვევებს ხელოვნურ ბარიერს უქმნის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს პირდაპირ ეუბნება, თქვენ ხართ მეათეხარისხოვანი მოქალაქეები.

ცალკეულ შემთხვევაში, კომიკურ სახეს ხომ არ მიიღებს ბავშვის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვა? ხომ არ მისცემს ეს ბავშვს ზედმეტ უფლებას, აღზრდის დროს მშობლის ან მეურვისგან გამოვლენილი ნებისმიერი სიმკაცრის გამო მიმართოს სასამართლოს?

- ვინ აკონტოლებს, რომ სწორედ არადამაჯერებელი მოტივის გამო სასამართლოს არ მიმართავენ სრულწლოვნები? ცხადია, ამას არავინ აკონტროლებს. გარდა ამისა, სასამართლოს აქვს ყველანაირი მექანიზმი, გაცხრილოს ასეთი ფაქტები და არ მიიღოს დაუსაბუთებელი ან საფუძველს მოკლებული სარჩელი. სხვათა შორის, ამაზე გვეწინააღმდეგებოდნენ და მთავრობა ამბობდა, ახლა ატყდება სარჩელების წერა და სასამართლო გადაიტვირთებაო. ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, რადგან ამის კონტროლის საშუალება სასამართლოს აქვს.

ბავშვთა უფლებები საქართველოში ხშირად ირღვევა?

- ჩვენი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წლებია, მუშაობს ბავშვთა საკითხებზე. მანამდე მე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ თემებზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მაღალი რისკია ბავშვებთან მიმართებით, ვიდრე - სრულწლოვნებთან. ეს ეხება ძალადობის თემებს, ჯანდაცვის სისტემაში ბავშვთა უფლების დარღვევას, ბავშვთა სახლებში დარღვევებს, მათ შორის, სექსუალურ, ემოციურ ძალადობას. გარდა ამისა, განათლების სისტემაში ბავშვთა განათლების ხარისხი ძალზე დაბალია.

სასამართლოში მიმართვის შემდეგ კომპენსირებადი იქნება ბავშვისთვის მიყენებული ზიანი?

- დღეს პრობლემა ისაა, რომ ბავშვს არ აძლევენ უფლებას, მიმართოს სასამართლოს. ანუ სარჩელის აღმძვრელი სუბიექტი არ არის ბავშვი, ხოლო დანარჩენი - მიმართვის შემთხვევაში, რისი უფლება აქვს ბავშვს და რა შეიძლება დაკმაყოფილდეს, აბსოლუტურად ერთნაირია, ისევე, როგორც სრულწლოვნებთან მიმართებით.