ფრიდრიხ ენგელსი წერდა: „ყოველ მძლავრ რევოლუციურ მოძრაობაში საკითხი „თავისუფალი სიყვარულის“ შესახებ წინა პლანზე გამოდის. ზოგიერთთათვის ეს რევოლუციური პროგრესია, ძველი, ტრადიციული ცოლქმრული კავშირებისგან გათავისუფლება, ზოგისთვის – სიამოვნებით მისაღები სწავლება, რომელიც მოხერხებულად ფარავს ყველა სახის თავისუფალ და მსუბუქ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის“. თითქმის იგივე გაიმეორა მისმა მოსწავლემ, ლენინმა, უფრო მეტიც: „ეპოქაში, როცა ძლევამოსილი იმპერიები ემხობა, ბატონობის ძველი ურთიერთობები ირღვევა და სასიკვდილოდაა განწირული მთელი საზოგადოებრივი სამყარო, ცალკეული ადამიანების შეგრძნებები იცვლება, თავს იჩენს მრავალფეროვნებისა და განცხრომის, ტკბობის სურვილი, რაც შეუკავებელ ძალად იქცევა. სქესობრივი ურთიერთობებისა და ქორწინების სფეროში ახლოვდება რევოლუცია, რომელიც პროლეტარული რევოლუციის თანასწორია“.
სწორედ ასე განვითარდა მოვლენები საბჭოთა რუსეთში – ოქტომბრის რევოლუციას სექსუალური რევოლუცია მოჰყვა. ქორწინებისა და ოჯახის, ყოფისა და მორალის ტრადიციული წესები დავიწყებას მიეცა. გაზეთები წერდნენ, რომ „თავისუფალი სიყვარული ადამიანების მიერ არ უნდა იქნეს გაგებული როგორც გარყვნილება“. მრავალი დოკუმენტია შენარჩუნებული ახალგაზრდა კომუნისტების გარყვნილების შესახებ. იწერებოდა სტატიები, წიგნები. ერთ-ერთი ასეთი იყო „გზა მივცეთ ფრთოსან ეროსს“, რომელიც სამოქალაქო ომის გამოჩენილმა რევოლუციონერმა ქალმა, ალექსანდრა კოლონტაიმ დაწერა. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. რევოლუციის შემდეგ, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, რუსეთში გაჩნდა საზოგადოება – „ძირს სირცხვილი!”, რომელსაც სწორედ ეს ტერორისტი და რევოლუციონერი ქალი ხელმძღვანელობდა. ამ საზოგადოების მიზანი იყო, ხალხი გადაჩვეოდა სირცხვილის, როგორც „ბურჟუაზიული საზოგადოების გადმონაშთის” ცნებასა და გრძნობას. ადამიანებს სთავაზობდნენ, შიშვლებს ევლოთ ქუჩაში; თუნდაც უახლოესი ნათესავებიდან აერჩიათ ეროტიკული პარტნიორები; მოეწყოთ ადგილები კოლექტიური „შეხვედრებისათვის“. თავად კოლონტაი თავის ასაკს არ ერიდებოდა და ახდენდა შემოთავაზებული პროგრამის დემონსტრირებას. ის იყო ადრეული ბოლშევიკური საზოგადოების ერთ-ერთი თვალშისაცემი ფიგურა და ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობაში ერთადერთი ავტორიტეტული ქალი. კოლონტაის სახელს წინააღმდეგობებით აღსავსე ცნობები უკავშირდება. რევოლუციის დასრულებისთანავე, ალექსანდრა კოლონტაი, რომელიც წარსულში ცნობილი იყო, როგორც მენშევიკების პარტიის აქტივისტი და სოციალისტური ფემინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბოლშევიკების რიგებში გადავიდა და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატს ჩაუდგა სათავეში. ამ თანამდებობიდან იგი აქტიურად ახორციელებს ბოლშევიკური პარტიის პოლიტიკას მუშათა კლასის ქალებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ კოლონტაი მხარს უჭერდა პარტიის ძირითად მიმართულებას ქალთა გათავისუფლებისა მათი საზოგადოებრივ წარმოებაში ჩართვის გზით და ხედავდა ქალთა დიდ როლს კულტურულ რევოლუციაში, ის მამაკაცი ბოლშევიკი ლიდერებისგან განსხვავებით, მიიჩნევდა, რომ ქალთა ჩაგრული მდგომარეობის საკითხი გადაწყდებოდა არა მხოლოდ წერა-კითხვის შესწავლით, არამედ, იმ შემთხვევაში, თუ ქალები სხვაგვარად დაიწყებდნენ ფიქრს საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებზე. ასეთი ახალი მიდგომებისა და პოლიტიკოსების გამო, ადამიანებმა იგრძნეს გათავისუფლება ძველი ნორმებისა და შეზღუდვებისგან, მაგრამ, არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს თავისუფლება. მოდაში შემოვიდა „წითელი ქორწილები“ – ყოველგვარი ჯვრისწერისა და რეგისტრაციის გარეშე. ზოგ რაიონში სიტუაცია ანეკდოტური იყო, თუმცა, მაშინ ამას სერიოზულად აღიქვამდნენ. ომსკის მახლობლად, ქალაქ კალაჩინსკში, კომკავშირლებმა ჩამოაყალიბეს „ქალების განაწილების ცენტრალური კომისია,“ რომელსაც საოცარი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო. მაგალითად: „განკარგულება: „წინადადება მიეცეს დუნია შალომიგინას, ვასია დუროშლეპოვთან ერთად გაისეირნოს. დუროშლეპოვი ვალდებულია, კომკავშირული კრებების შემდეგ, ქალი მიიყვანოს სახლში“. იყო ასეთებიც: „კრინკინა მატრიონა 1924 წლის 18 იანვარს გაჰყვეს ამხანაგ ბეზგოლოვს რაიონულ ცენტრში, ერთობლივი ბანაობისთვის“ და ასე შემდეგ...
მუშურ-გლეხური ახალგაზრდობის უმრავლესობას დროის უნაყოფო ხარჯვად მიაჩნდა სასიყვარულო თამაშები და ურთიერთობების გაბმა და წესად მხოლოდ პირდაპირ სექსს ამკვიდრებდნენ, რასაც სასარგებლო შრომისთვის მეტი დროისა და ენერგიის დაზოგვა შეეძლო. 1922 წლის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ სტუდენტები (მამაკაცები – 88 პროცენტი, ქალები – 55 პროცენტი) ქორწინების გარეკავშირების მომხრე იყვნენ, ეწყობოდა ახალგაზრდული შეხვედრები, შეკრებები, რა დროსაც, თავისუფალი სექსის მომხრეები „მგზნებარე“ სიტყვით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ სოციალიზმის დამკვიდრების შემდეგ სქესობრივი გატაცებების დაკმაყოფილება ისევე მარტივი იქნებოდა, როგორც ჭიქიდან წყლის დალევა. ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომელთა აზრი მაშინ საზოგადოებაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენდა, სოსო ჯუღაშვილიც იყო. ის კატეგორიულად არ ეთანხმებოდა სასიყვარულო ურთიერთობების გათანაბრებას სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან. დისკუსიების დროს ის არაერთხელ დასთანხმებია მოსაზრებას, რომ სექსი წყურვილია და დაკმაყოფილებას მოითხოვს, თუმცა, ყოველთვის ხაზს უსვამდა განსხვავებას სუფთა ჭიქიდან და ჭუჭყიანი გუბიდან წყლის დალევას; ისევე, როგორც ჯანსაღ ურთიერთობებსა და პროსტიტუციას შორის. „სექსუალურმა რევოლუციამ“ განსაკუთრებულად მძიმე შედეგები იქონია პერიფერიებზე – სოფლელი გოგონები ჯერ ორსულობისას მუცელს სხვადასხვა ხერხებით მალავდნენ, შემდეგ კი მინდორში ან ტყეში მშობიარობდნენ და, მშობლებისა და ჭორების აგორების შიშით, ცოცხალ ახალშობილს ზოგი თოვლში მარხავდა, ზოგი მიწაში, ზოგი კი მდინარეში ან ტბაში ახრჩობდა. 1926 წლისთვის, ნოვოსიბირსკში, რამდენიმე თვის განმავლობაში, უპატრონო ბავშვთა სახლში 122 ახალშობილი მიიყვანეს. მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაც. სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რადგან ქორწინების ინსტიტუტის დასუსტებამ, ქალთა სოციალურმა ემანსიპაციამ და ტრადიციული ოჯახური ცხოვრების წესის რღვევამ, პროსტიტუციის, ვენერიული დაავადებებისა და აბორტების რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
სტალინი პირადად დაინტერესდა სტატისტიკით და აღმოჩნდა, რომ მაჩვენებლები საგანგაშო იყო: მხოლოდ 12 ცენტრალურ რაიონში 149 გარყვნილების ბუნაგი და 621 მეძავი დაფიქსირდა, 42 პროცენტი სოფლელი გოგონები იყვნენ. პროვინციებში კატასტროფული მდგომარეობა იყო, რაც პირდაპირ ახდენდა გავლენას შობადობის დონეზე. სტალინს უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა, აბორტების ლეგალიზაცია, რადგან, აკრძალვის შემთხვევაში, როგორი კეთილშობილი მიზნებითაც არ უნდა ყოფილიყო ის ნაკარნახევი, 60-100-ჯერ მეტი იყო სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე მშობიარობისას. სტალინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პროსტიტუცია არსებობის პარაზიტული სახეა; რომ მას ორგანიზებული ფორმები აქვს, რომელიც უნდა განადგურდეს. პროსტიტუციის წინააღმდეგ სტალინური ბრძოლის გეგმა თავიდან სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ პოლიტბიუროს ზოგიერთ წევრსაც კი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბელადის ეს რეფორმაც წარმატებით დასრულდა. ერთი შეხედვით მარტივი ყოფითი ნეგატიური მოვლენა, სერიოზულ სახელმწიფო პრობლემად იქცა – პროსტიტუცია პირდაპირ უკავშირდებოდა კრიმინალს და, ზოგადად – კორუფციას. 1928 წელს შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელმაც „დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა პროსტიტუციას“. ადგილებზე მდგომარეობას მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოები აკონტროლებდნენ. რაიონებში ყალიბდებოდა სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და შრომის ბირჟის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. ცალკე აღრიცხვაზე აჰყავდათ ის მეძავები, რომელთაც დანაშაულებრივი კავშირები ჰქონდათ ან ნასამართლევი იყვნენ. ზოგადად, ასეთი ყოფაქცევის ქალების სამ კატეგორიად დაყოფა მოხდა: 1) ახალბედები, ანუ, ვინც შემთხვევით ან გაჭირვების გამო დაიწყეს ეს საქმე. 2) ისინი, ვინც მუდმივად და დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი ამით. 3) ქალები, რომლებისთვის ეს პროფესია გამდიდრებისა და კომფორტის საშუალებას წარმოადგენდა. კატეგორიების შესაბამისად, ხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება, თუმცა, სტალინი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას – ჰუმანურობაა, რომლის დაცვის გარეშე „ნებისმიერი სწორი წამოწყება მარცხისთვისაა განწირული“. ამ მიმართულებით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები:
• პროსტიტუციასთან ბრძოლის მიზნით, სპეციალურად შექმნილმა საბჭოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შრომით ბირჟებზე, უპირველეს ყოვლისა, დაეკმაყოფილებინათ მარტოხელა ქალები.
• ავადმყოფი მეძავი ქალებისთვის გაიხსნა სპეციალური პროფილაქტორიუმები.
• შეგნებული მეძავები ჩადგნენ სახელმწიფოს სამსახურში და მიეცათ საშუალება, ინფორმაცია მიეწოდებინათ შესაბამისი ორგანოებისთვის დამნაშავეთა სამყაროს შესახებ, რისთვისაც კანონიერ გასამრჯელოს იღებდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სუსტი სქესის წარმომადგენლების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა იყო. საფუძველი დაედო მოსკოვში ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ტრადიციას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, მსოფლიოს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების ავტორიტეტული წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მეცნიერულ დონეზე განიხილავდნენ პრობლემურ საკითხებს; ამ ღონისძიებებმა სერიოზული დადებითი შედეგები მოიტანა: ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდა ოჯახის დიასახლისების უჯრედები, სადაც ქალები საყოფაცხოვრებო თუ სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ, შეიქმნა მსოფლიოში პირველი დასასვენებელი ბანაკები გოგონებისთვის, რაც მომავალი თაობის ჯანსაღ და ზნეობრივ აღზრდას უწყობდა ხელს. ასე რომ, სწორი ადმინისტრაციული მეთოდებითა და მიღებული ჰუმანური ფორმებით, სტალინმა საბჭოთა რუსეთში პროსტიტუციის პრობლემა მნიშვნელოვნად მოაგვარა.