K2 -ის წესი ისევ იცვლება, რას მოუტანს ის მშენებლებს?

K2 -ის წესი ისევ იცვლება, რას მოუტანს ის მშენებლებს?

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. საქმე ეხება, სამშენებლო სექტორში არსებული ქაოსის თანდათანობით მოწესრიგებას. ამიტომ, პირველ რიგში, ე.წ. K2 -ის კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით თბილისში დროებითი შეზღუდვა დაწესდება.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განაცხადებით, ამ ეტაპზე საყურადღებოა განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილი ცვლილებები. წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება K2  კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება, კერძოდ, ქალაქის ქაოსური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, დაწესდება დროებითი შეზღუდვა კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით და K2  კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კოეფიციენტის მატებაზე გამკაცრდება გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც შეამცირებს K2  კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოსური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება. ეს კი ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას.

პარალელურად დედაქალაქის მერი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რომელიც გზების შეკეთებას უკავშირდება.

„ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქის გზებზე ორმოების შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ქუჩის შეკეთება და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება დამატებით 25 ობიექტზე“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება K2 -ს და მის მოსაკრებელს, ეს ის კოეფიციენტია, რომელიც კონკრეტულ კვადრატულ მეტრზე, ანუ კონკრეტულ მიწის ფართზე ასაშენებელი ობიექტის სიდიდეს განსაზღვრავს. თუ, მაგალითად, მშენებელი 1000 კვ/მ-ს ფლობს და იმ ტერიტორიაზე K2 -ის კოეფიციენტი 4-ია, ეს ნიშნავს, რომ ასაშენებელი ობიექტის საერთო ფართი 4-ჯერ მეტი, ანუ 4000 კვ/მ უნდა იყოს.

2008 წლის აგვისტოს ომიდ შემდეგ, როდესაც სამშენებლო სექტორს გაუჭირდა, თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ, შეჩერებულ მშენებლობებზე სართულების დამატების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სართულების დამატება ფასიანი იყო და მშენებელი ამ კოეფიციენტს ყიდულობდა. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე K2 -ის კოეფიციენტი 4 იყო, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, K2 -ს 6-მდე გაუზრდიდნენ, შედეგად, სამშენებლო კომპანია თავის ობიექტს რამდენიმე სართულს დაუმატებდა. სამშენებლო კომპანიების ნაწილმა თბილისის მერიის მაშინდელი გადაწყვეტილება გამოიყენა და საკუთარ ობიექტებს სართულები დააშენა, მაგრამ მოსაკრებლის გადახდა გაუჭირდა და დავალიანების სახით დაუგროვდა.

რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, დამატებითი ღირებულების გადასახადისა (დღგ) და K2 მოსაკრებლისგან გათავისუფლდა. ახლა კი მერიამ K2 -ის კოეფიციენტზე თბილისში დროებითი შეზღუდვა დააწესა.