მართალია, ჩვენს სამშობლოში ახლა უკვე 7 მილიონ ტურისტს ველოდებით (ბუნებრივია, მას შემდეგ, ან, იქნებ, მანამდეც, რაც ჩვენი ოთხი წლის ბიუჯეტის ჯამი 40 მილიარდს მიაღწევს), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სახელდობრ, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ფეხსალაგთა დიდი დეფიციტია.
მაგალითად, ქობულეთის 9-კილომეტრიან პლაჟზე, ვიდრე მე და თქვენ ერთმანეთს ვებაასებით, არც ერთი მოქმედი საზოგადოებრივი საპირფარეშო არ არის (შენების პროცესშია), თუმცა ადგილობრივი გამგეობა გვაიმედებს, რომ ორ საპირფარეშოს ამ დღეებშივე „ჩაგვახუტებენ“, ზედაც, ოთხს კი ივლისის მიწურულისკენ დაგვიმატებენ. ასე რომ, ტუალეტების სიხშირე, საშუალოდ, 1,3-კილომეტრში ერთი იქნება.
ტურისტთა ნაწლავებისა და შარდსადინრებისთვის არანაკლებ ექსტრემალური ვითარებაა ბათუმში. კერძოდ, ბათუმის 7-კილომეტრიან ბულვარში მხოლოდ 6 საპირფარეშოა (თუმცა, შედეგი მაინც გაუმჯობესებულია: ყოველ 1,1-კილომეტრში თითოა). ერთი ისაა, რომ მათი უმრავლესობა ფასიანია (50 თეთრი გაამზადეთ!) და, მაინცდამაინც, ვერც რიგიანი სურნელი დგას.
როგორც აღმოჩნდა, მთის მოყვარული ტურისტები საერთოდაც ბუნების ამარა ჰყავთ. მეტიც, ბუნებრივი მოთხოვნილებების ამგვარი დაკმაყოფილება, თურმე, ერთგვარ ეგზოტიკასაც კი სძენს საქართველოში ჩამოსულების დასვენებას.
ჯერჯერობით ქართული ლანდშაფტი უძლებს ტურისტების ნაკადს, მაგრამ, საკითხავი აი, ის არის: შვიდი მილიონი თუ მოგვაწყდება, მას (თავად მიხვდებით, რას) როგორ დაიტევს ეს ჩვენი დედაბუნება?!