წამლების გაიაფების პირველი ეტაპი დაიწყო

წამლების გაიაფების პირველი ეტაპი დაიწყო

უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა.

უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება. ეს ქსელებია: „ავერსი“, „იმპექს-ფარმა“, „პეესპე“, „სახალხო აფთიაქი“, „ფარმადეპო“, „ფარმსახლი“ და „ჯიპისი“.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

„აღნიშნულ პროექტში საპარტნიორო ფონდის ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30%-ით დაბალი ფასით, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც. აღნიშნული მიზნით საპარტნიორო ფონდმა მთვარობის თანხმობით „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიზნობრივი სესხი გამოუყო. ასევე, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შედის ქარხნის მშენებლობის კაპიტალში საპარტნიორო ფონდი. პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება.

ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხს, მას ჯანდაცვს სამინისტრო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერტიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერცერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

„მაშკევიჩი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმვს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები. აღნიშნული აქტივები ხელს შეუწყობს ოლიგოპოლიური ბაზრის დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანია ბაზარზე ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშეების შემოსვლას და ფარმაცევტული ბაზრის გაჯერებას, რაც აისახება წამლის ფასებზე და გააიაფებს ჯანდაცვის მომსახურებას. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება წამლის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ სფეროში დამატებით დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ“, - განაცხადა დავით საგანელიძე.

ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას მიესალმებიან. აცხადებენ, რომ კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა დარგის განვითარებასა და წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს.

მათი თქმით, თუკი ფარმაცევტული კომპანიების დახლებზე, არსებულ მედიკამენტებს საფასო პოლიტიკით „ჰუმანითი ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი პრეპარატები დიდ კონკურენციას გაუწევს, ფასების კორექტირება სხვა მომწოდებლებსაც მოუწევთ.

„ავერსის“ გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ წამლის ხარისხს განსაზღვრავს არა ქვეყანა, არამედ კონკრეტული მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა:

„თუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა მედიკამენტები, ეს უკვე ნიშნავს, რომ არის ხარისხიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის და ექიმების დამოკიდებულება არის ხშირ შემთხვევაში, როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მიზეზებისაგან შემდგარი. ამიტომ ამას მომავალი გვიჩვენებს, რამდენად დადებითად შეხვდება საქართველოს მოსახლეობა და ექიმები ინდური წარმოების მედიკამენტებს“, - აღნიშნა კურტანიძემ.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენას სახალხო აფთიაქის გენერალური დირექტორი, არჩილ მორჩილაძეც გამოეხმაურა. მან დადებითად შეაფასა საპარტნიორო ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით: ,,ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია. წამლების გაიაფების რეალური შედეგი დაახლოებით 3-6 თვეში გამოჩნდება. მივესალმები საპარტნიორო ფონდის ინიციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის შესახებ. ლაბორატორიის შექმნა არის იმის გარანტი, რომ მომავალში საქართველოს ბაზარზე რეალიზებული მედიკამენტები უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება“, - განაცხადა მორჩილაძემ.

„პეესპეს“ გენერალური დირექტორი, გოჩა გოგილაშვილი დადებითად აფასებს ბაზარზე ახალი კომპანიის შემსოვლას: „ჩვენთვის „ჰუმანითი ჯორჯია“ არის ერთ–ერთი მომწოდებელი, თუმცა სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით, კომპანია ძალიან დიდი პორტფოლიოთი შემოდის, რომელიც ძალიან ბევრი დასახელების მედიკამენტს მოიცავს. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაახლოებით 100–ზე მეტ მწარმოებელთან, ამიტომ რეალურად ჩვენი ვალდებულებაა ტერიტორიულად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროში და მოთხოვნადი არის მოსახლეობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ვართ პარტნიორები“, - აღნიშნა გოგილაშვილმა.

„ფარმადეპოს“ საცალო ქსელის დირექტორი კი დარწმუნებულია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები გაყიდვების კუთხით დიდ წარმატებას მოიპოვებს. ნუცა მონავარდისაშვილის განცხადებით, „ჰუმანითის“ მედიკამენტები დიდი პორტფელით არის წარმოდეგნილი, რაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ფარმა სახლის“ გენერალური დირექტორი დავით ქობულიას განცხადებით კი, მათი კომპანია საცალო ქსელია. შესაბამისად ჰუმანითი ჯორჯიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქობულია დარწმუნებულია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ თანამშრომლობა ფარმაცევტულ ბაზარს წარმატებას მოუტანს.

მედიკამენტების ხარისხის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე აქცენტს თავად „ჰუმანითი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ანდრეი კუზმაც აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, წამლებს დამატებით სერიული შემოწმებაც უტარდება:

„მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება ჯიემპი ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში“, - აცხადებს კუზმა.

„ჰუმანითი ჯორჯია“ ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის არის მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს.