რომელი ქართველი შეეცადა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას

რომელი ქართველი შეეცადა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას

ქართულ ისტორიოგრაფიაში მაღრიბის ოსმალურ საფაშოებში ქართული წარმოშობის მოხელეთა მოღვაწეობა სიახლეა. ის, რომ ქართველი ტყვეები სტამბულისა, თუ ოსმალეთის იმპერიის სხვა მონათა ბაზრებზე საკმაოდ სარფიანად და დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ, ჩვენთვის სიახლე არაა. თუმცა, შემდგომში მათი ბედი, უმეტესწილად, ბუნდოვანი იყო მკვლევრებისთვის. სამეცნიერო, მემუარების, დიპლომატიური თუ საარქივო მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ ქართველ ტყვეებს შორეულ ალჟირშიც ყიდულობდნენ. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მამლუქთა არსებობა ალჟირის მეზობელ ტუნისსა და ტრიპოლის საფაშოებშიც დასტურდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონებს, მათ შორის კავკასიიდან მოტაცებულ მოზარდებს, სტამბულელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა გამგებლები ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. რამდენად მასშტაბური იყო იქ კავკასიელ მონათა, მათ შორის ქართველთა, შეყვანა, ჯერ კიდევ შესასწავლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მამლუქთა ის სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეიქმნა ეგვიპტესა და ერაყში, ალჟირში არ შეინიშნება. ისტორიკოსი, პროფესორი კონსტანტინე ფერაძე გვიამბობს:

 – 1517 წლიდან, თანამედროვე ალჟირის ტერიტორია ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა. მას მართავდა სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეი, მომავალში დეიდ წოდებული. სწორედ ალჟირის შორეულ საფაშოში მოღვაწეობდა რამდენიმე ქართველი, რომლებმაც თავიანთი ნიჭი და ენერგია ალჟირისა და ზოგადად, ოსმალეთის იმპერიის კეთილდღეობას მოახმარს.

გვიამბეთ ამ ადამიანებზე.

– ოსმალეთის განთქმული ადმირალი, ალჟირელი კაპუდარ ფაშა ჰასანი 1714 წელს დაბადებულა საქართველოში და ფშავიდან ყოფილა. ის სიბერეშიც კი, თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას.

ცნობილია, როგორ მოხვდა ის ალჟირში?

– ფიქრობენ, რომ ჰასანი თავიდანვე ალჟირში გაყიდეს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ის სტამბულის თექირდაღის უბანში მცხოვრებმა ვაჭარმა შეიძინა, მონობიდან გაათავისუფლა და იანიჩართა რიგებში ჩაწერა. ამის შემდეგ მისი საბრძოლო კარიერა თავბრუდამხვევად გრძელდება. სხვათა შორის, თურქული საზღვაო აკადემიის შექმნაც მის სახელს უკავშირდება. ჰასანი, რომელიც ყველგან თავის ლომთან ერთად დადიოდა, 1790 წელს სტამბულში გარდაიცვალა. მისი სახელი ხშირად ასოცირდება  ალჟირის საფაშოსთან. რუსეთთან ომის დროს, მან მაღრიბის საზღვაო  ქვეყნებიდან, არაერთი სპეციალისტი, მათ შორის ქართველი გამოიწვია.  უახლესი გამოკვლევებით ირკვევა, რომ ჰასანმა გარშემო შემოიკრიბა საკმაოდ ბევრი ქართული წარმოშობის მამლუქი, რომელთაც ოსმალეთის ადმირალის შემწეობით, იმპერიის უმაღლესი თანამდებობები ეკავათ. სავარაუდოდ, მის სახელს უკავშირდება ალჟირში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ძმების – ალი ფაშა ალ-ტარაბულუსისა და საიდ ალი ალ-კაპუდანის ოსმალეთის იმპერიაში დაწინაურების ისტორია.

ქართული წარმოშობის ოსმალო მოხელეებმა ალჟირში დაწყებული აღმასვლა ოსმალეთის იმპერიის სხვა ნაწილებშიც გააგრძელეს. ზოგიერთმა მათგანმა თავად ალჟირის უმაღლეს თანამდებობას – დეის, ან ფაშა-დეის წოდებას მიაღწია. ესენია ჰასან დეი და ალი ხოჯა, რომელთა ბიოგრაფია საქართველოში ამ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა პირველად.

რას გვიამბობთ ჰასან დეიზე?

– ბაბა ჰასან დეის ალჟირის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას აქებენ, როგორც ევროპელები და ამერიკელები, ისე არაბები.

საიდან დასტურდება, რომ ის ქართველია?

– ამერიკელი ჰენრი ბარნბი თავის წიგნში „ალჟირის ტყვეები”, რამდენიმე თავს უთმობს  ჰასანის მოღვაწეობას და მასზე საუბარს იწყებს იმით, რომ „სიდი ჰასანი იყო ქართველი”. ეს ბრიტანელი დიპლომატის, საიმონ ლუკასის ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ჰენრი დუნდასთან გაგზავნილი წერილიდანაც ირკვევა. თურქული წყაროების თანახმად, მისი სახელია ჰასან ბინ იუსუფ აჰისკალი, რაც სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ჰასანი ახალციხელი გამაჰმადიანებული მესხი იყო. 1730-იანი წლებისთვის, ახალციხის საფაშოს დიდგვაროვანთა უმეტესობა მაჰმადიანი გახლდათ, გლეხების დიდი ნაწილი კი, კვლავ ინარჩუნებდა ქრისტიანობას. თუ ჰასანი მუსლიმანი იყო, მაშინ ის ალჟირში მამლუქის, ან მონის სახით ვერ მოხვდებოდა. არადა, ბრიტანულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა ჩამოვიდა და ჯარისკაცად, ან იანიჩარად, ალბათ, ნებაყოფლობით ჩაეწერა. ყოფილა სხარტი გონების პატრონი, განათლებული და მამაცი პიროვნება. მალე შეუსწავლია საზღვაო საქმე. მომავალში ჯერ საზღვაო მინისტრის, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1791 წელს იანიჩრების მოთხოვნით, ის ალჟირის დეის თანამდებობაზე აირჩიეს. მას შემდგომში ჰქონდა დიპლომატიური მიმოწერა ევროპისა და ამერიკის ისეთ გავლენიან პოლიტიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ლუი მეთექვსმეტე და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი. 

ზემოხსენებული ქართველიალიცმის გარემოცვას წარმოადგენდა?

– როგორ გითხრათ, ჰასან დეისა და ალი საიდს ერთმანეთთან საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. სავარაუდოდ, ორივე ალჟირის მმართველის კანდიდატად  მოიაზრებოდა. დეის თანამდებობაზე არჩევიდან  მცირე ხანში, ჰასანმა ალი სტამბულში გაგზავნა. ეს, ერთგვარად მისი ჩამოშორების ტოლფასი იყო, თუმცა ჰასანს თავისუფლად შეეძლო, ალი მოეკლა ნებისმიერ, თუნდაც სულ უბრალო მიზეზის გამო.

ალის წარმოშობაზე თუა რაიმე ცნობილი?

– 1818 წელს, ალჟირის დივანი წერილს აგზავნის ოსმალეთის სულთან მაჰმად მეორესთან, რომელიც დაახლოებით ასეთი შინაარსისაა: „ერთმა მეგრელმა უზურპატორმა, რომელმაც მოკლა ომარ ფაშა, 6 თვის განმავლობაში უკანონოდ მიისაკუთრა ალჟირის მმართველობა. ქვეყნის მოსახლეობა დესპოტური, უკანონო და არაეფექტური ხელისუფლების ქვეშ მოაქცია, რის შედეგადაც, განადგურდა იანიჩართა შენაერთი და დაუძლურდა მოსახლეობა. მადლობა ალაჰს, ალი ფაშა ეპიდემიამ შეიწირა და დივანმა ჰუსეინს გადასცა მმართველობა, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით, გამოირჩევა გონებით, ალაჰის რწმენითა და სულთნის ერთგულებით”.

ეს ერთი მეგრელი იყო ალი ფაშა, რომლის უეცარმა სიკვდილმა ასე გაახარა ალჟირის მმართველთა საბჭო – დივანი. გთავაზობთ გრავიურას, რომელზეც დეი ალი ხოჯა, იგივე ალი ფაშა, ადამიანთა მოკვეთილი თავებითაა გარშემორტყმული. მე საშუალება მქონდა მენახა მრავალი მაღრიბელი მბრძანებლის პორტრეტი, მაგრამ მსგავსი სისასტიკე არც ერთ მათგანზე არ აღუბეჭდავთ.

განა ამ მეგრელ კაცს 6 თვის განმავლობაში ისეთი რა უნდა გაეკეთებინა, რომ მამაცი და თავზეხელაღებული მეკობრეებით განთქმულ ალჟირში სრული პანიკა გამოეწვია და დაშინებულ ქვეშევრდომებს მისი უეცარი სიკვდილი უფლის წყალობად ჩაეთვალათ?

– ამერიკის კონსულის, შალერის ვარაუდით, ალი ხოჯა ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსებას აპირებდა. ალის ეს განზრახვა ფრანგული წყაროებიდანაც დასტურდება.  შეიძლება ითქვას, რომ ალი შეეცადა, საქართველოდან მოტაცებული მამლუქების – ეგვიპტეში მოღვაწე ალი ბეი ალ-ქაბირისა და ერაყში მოღვაწე დაუდ ფაშას მსგავსად, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნა. სამივე შემთხვევაში, მოლოდინი არ გამართლდა: ეგვიპტელი ალი ბეი, მისივე მომხრეებმა გაწირეს; ერაყში მოღვაწე დაუდ ფაშას ძლიერი არმია შავი ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა და იგივე დაემართა თავად ალი ხოჯასაც. ევროპელები წერენ, რომ ალის სიკვდილით ალჟირში დასრულდა ტერორის ხანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალი ხოჯას მიზნები, მის მიერ გამოყენებული უმკაცრესი მეთოდების მიუხედავად, ალჟირის სახელმწიფოს განმტკიცებისა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ იყო მიმართული. რაც შეეხება მის სისასტიკეს და დაუნდობლობას, ამით იმ დროს ვერავის გააკვირვებდი, ასეთი იყო ეპოქა და ასეთი იყო იმდროინდელი მმართველობის წესი.