კადიროვი იმუქრება...

კადიროვი იმუქრება...

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.

ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, სამხრეთ ოსეთზე შარშანდელი საქართველოს თავდასხმა კავკასიისგან რუსეთის ჩამოშორების დასავლეთის გეგმის ნაწილი იყოო და რუსეთის ხელისუფლებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდა. "საქართველო, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა - რუსეთის მოურჩენელი სენია. ყოველთვის რატომ უნდა დავზარალდეთ, თუკი მისი ამოძირკვა შეგვიძლია? ჩვენ უდიდესი ქვეყანა ვართ, გვყავს ჯარი, გვაქვს ტექნოლოგიები. რუსეთის ხელისუფლებამ სტატეგია უნდა შეიმუშაოს - შეტევაზე გადავიდეს", - განაცხადა მან.

იმავე ინტერვიუში რამზან კადიროვმა დასავლეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული იატაკქვეშეთის დაფინანსებაში დაადანაშაულა. "ოფიციალურად ვაცხადებ: საბჭოთა კავშირის დამშლელებს რუსეთის ფედერაციის დარღვევაც უნდათ, ისინი "ბოევიკებს" არიან ამოფარებულნი, - განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, - თუ დასავლეთი კავკასიაზე კონტროლს მიიღებს, მთელი რუსეთის კონტროლს შეძლებს, რადგან კავკასია ჩვენი ხერხემალია". კადიროვმა დასავლეთსა და აშშ-ს რუსეთისადმი უფრო მეგობრული პოლიტიკის გატარება მოსთხოვა და თუ არა, - დასძინა მან, - ჩვენ გვყავს გლობალური მნიშვნელობის უძლიერესი პოლიტიკოსი ვლადიმირ პუტინი, საერთაშორისო სარბიელზე მას ბადალი არ ჰყავს".

სხვათა შორის, 21 დეკემბერს, სკანდალური ინტერვიუს გამოსვლის შემდეგ, რფ-ის პრემიერმა რამზან კადიროვი თეთრ სახლში მიიღო, მაგრამ ისაუბრეს თუ არა ამ ინტერვიუზე, არავინ იცის.

ჩეჩენი ლიდერის ინტერვიუს ფართო რეზონანსი მოჰყვა. ის ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ტელეგრაფმა" გადაბეჭდა, შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა და აღშფოთების ქარიშხალიც დატრიალდა. განსაკუთრებით აბობოქრდნენ ქართველი პოლიტიკოსები. თბილისში დაასკვნეს, რომ კადიროვი მოსკოვის აზრს ახმოვანებს. "რამზან კადიროვი ჩეჩნეთში პუტინის დანიშნული თუთიყუშია, იმას ლაპარაკობს, რასაც პუტინი უბრძანებს", - თქვა საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოების კონგრესის ყოფილმა თავმჯდომარემ ხიზრი ალდამოვმა. უფრო თავშეკავებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან თქვა, - რამზან კადიროვი საბჭოთა კავშირის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის მომხრეაო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მწვავე განცხადება გააკეთა. "რუსეთის მაღალჩინოსნის აშკარად აგრესიული, მილიტარისტული განცხადებები ხელს არ შეუწყობს რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობას", - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

რამზან კადიროვის გარემოცვამ საერთაშორისო სკანდალის განელება მოინდომა. "კადიროვს არასოდეს უთქვამს, რომ ვიღაც უნდა მოისპოს, ვიღაცას უნდა ვეომოთ, - განაცხადა მისმა პრესმდივანმა, - კადიროვი რასაც ამბობს, მხოლოდ თავისი სახელით ამბობს და არა რუსეთისა."

რამზან კადიროვის ზოგიერთი გამონათქვამი აშკარად ემთხვევა ფედერალური ცენტრის პოზიციას. მაგალითად, როდესაც რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, სთხოვეს კადიროვის ინტერვიუს კომენტირება, განაცხადა, - ინტერვიუ არ წამიკითხავსო, მაგრამ აღინიშნა, რომ რუსეთი უკრაინისგან საშიშროებას ვერ ხედავს, სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენსო და იქვე დასძინა, რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებსო.