რა აკავშირებს სააკაშვილს ციხისძირის ხეებთან

რა აკავშირებს სააკაშვილს ციხისძირის ხეებთან

გაზეთ "ახალი თაობის" ინფორმაციით, ციხისძირიდან ხეების გადარგვაში სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები იკვეთება.

გამოცემის ინფორმაციით, ხეების შემძენი კომპანიის, შპს "ზიმოს", რომელმაც 3 ხის საფასურად სახელმწიფოს 6.200 ლარი გადაუხადა, მისი ხელმძღვანელის ზურაბ კიკნაძის განცხადებით, სამუშაოების წარმოებისთვის ყველანაირი საბუთი აქვს, ერთის გარდა, რომელიც მიწის კერძო მესაკუთრისგან უნდა მიეღო.

"არ მაქვს მხოლოდ რკინიგზის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე ტვირთის გატარების კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რადგან ტერიტორიის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ამ პირს ეკუთვნის", - აღნიშნავს ზურაბ კიკნაძე.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა ციხისძირის ხეების გადარგვის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სწორედ ამ დოკუმენტის მეპატრონის ინტერესები იყოს.

"საინტერესოა, ვისია ეს ტერიტორია და, ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, როგორ ვერ მოხერხდა ერთი მიწის მესაკუთრის პოვნა, რომლის გავლითაც უბრალოდ გადასარგავი ხის ერთჯერადი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. ჩნდება კითხვა - ნუთუ მხოლოდ ამ დოკუმენტის არქონა იყო საპროტესტო აქციების მიზეზი? და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, დიახ, საქმე სწორედ ამ დოკუმენტში, უფრო სწორად, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტის უკან მდგომი მაქინაციური სქემის გაშიფვრაშია", - წერს გამოცემა.

როგორც "ახალი თაობის" სტატიიდან ხდება ცნობილი, "შპს „ზიმოს“ მიერ შესყიდული ხეების ტრანსპორტირების ერთადერთი შესაძლო მარშრუტი კერძო საკუთრებაზე 90.000 კვ/მ ნაკვეთზე გადის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს გაცემული განკარგულების საფუძველზე, გაურკვეველ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია REDMAD FEDERATION INC -ს 1 ლარად გადაეცა.

"დოკუმენტებში არ ჩანს არც ამ კომპანიის წარმომადგენელი, არც ხელმომწერი მხარე და საერთოდ არცერთი საკონტაქტო პირი, ვისთანაც შესაძლოა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა დამყარდეს. სავარაუდოდ, სწორედ 1 ლარად გაცემული 9 ჰექტარი მიწის მაქინაცია ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შიშით ატეხეს სკანდალი ხეების გადატანაზე, რადგან გადატანის შემთხვევაში აუცილებლად გაიშიფრებოდა სახელმწიფო ქონების მიტაცების ეს სკანდალური ფაქტი.

ციხისძირის ტერიტორიაზე, ზღვის მიმდებარე ზოლში კვადრატული მიწის ფასი სავარაუდოდ რამდენიმე ათეული დოლარია, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ამ განკარგულებით სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა. და ეს ყველაფერი გაფორმდა ყოველგვარი საინვესტიციო პირობების გარეშე, პირდაპირი ჩუქების წესით და თანაც ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, ეს ათეულობით მილიონი ლარის ქონება და სკანდალური დოკუმენტების გამოკვლევის შიში ამოძრავებდა გივი თარგამაძეს და ნაციონალურ მოძრაობას, როცა 3 ხის გამო ხმაურს ტეხდნენ და არც ციხისძირში ჩასვლა დაეზარათ. ვინ იცის, იქნებ ეს რომელიმე მათგანისთვის მათი გუნდის ლიდერის მხრიდან გაკეთებული პირადი საჩუქარიც იყო, ან უბრალოდ ლიდერის პირად ქონებას უფრთხილდებოდნენ. ფაქტი ერთია, ნაციონალურ მოძრაობას არასდროს ადარდებდა ეკოლოგიის და ხეების ბედი და ამ 3 ხის გამო მათი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის, დანაშაულებრივი ქმედება გაიშიფრა. რაც შეეხება იმ რამდენიმე გარემოს დაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და კვლავ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა", - წერს გამოცემა.