„ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა სულაც არ ნიშნავს უპატრონო მიწას“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი სულხან ღლონტი, რომლის აზრითაც, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მიწას ჩამოართმევს საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს.
სულხან ღლონტის თქმით, მართალია, ხელისუფლებამ თავი იმართლა, თითქოს განზრახვა არ ჰქონია, რომ გაეყიდა სხვისი მიწები და წაერთმია მიწები საკუთარი მოქალაქეებისთვის, მაგრამ, თუკი ეს კანონი ძალაში შევა, ამას ხელისუფლება გადაყვება, რადგან საკუთარი ამომრჩევლების უმრავლესობას საკუთრება უკვე ჩამორთმეული ექნება.
„თუკი ამ კანონს მიიღებენ, ერთ დღეში ხელისუფლება საქართველოს მიწების 80%-ს მიისაკუთრებს. მოგეხსენებათ, მიწის რეფორმა საქართველოში ორჯერ ჩავარდა, რაც მოქალაქეების ბრალი სულაც არ ყოფილა. უბრალოდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა, ვერ მოახერხეს მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ახლა საკვირველი ის არის, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს პასუხს ამ ყველაფერზე. ფაქტობრივად, სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნება, იმის გამო, რომ ვერც ერთხელ ვერ მოვაბი რეფორმას თავი, ყველა იმ მოქალაქის მიწა, რომლის დოკუმენტიც ხარვეზიანია, ჩემს ხელში უნდა აღმოჩნდეს. ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება კიდევ უტოვებს საშუალებას მოქალაქეებს, ედავონ და, თუ საბუთები გააჩნიათ, დაიბრუნონ საკუთარი მიწის ნაკვეთი. მოქალაქეების უფლებისა და საკუთრების ასეთი მასშტაბით შელახვა და მავნებლობა არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ეს არის ან გაუზრებელი პოლიტიკა, ან გამიზნული მავნებლობა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნახევარ საქართველოს საბუთები წესრიგში არ აქვს. წესრიგში მხოლოდ 30%-ს აქვს საბუთები. მე ვფიქრობ, ამ აბსურდულ კანონს ვერ მიიღებენ“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „მემარცხენე ალიანსმა“ ხელისუფლებას ერთი კვირის წინ მოსთხოვა, საკუთარ თავზე აეღო და ბიუჯეტის ხაზით დაეფინანსებინა კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწების დარეგისტრირება. საუბარია იმ მიწებზე, რომლებიც 90-იან წლებში შევარდნაძის განსაკარგულებით ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს დაურიგდათ და, რომლებსაც დღემდე მათი სიძვირის გამო ვერ არეგისტრირებენ. კერძოდ, ერთი ჰექტრის დარეგისტრირება, საშუალო გათვლებით, მინიმუმ, 300 ლარს უდრის.
„ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ბატონმა მინისტრმა-ქუმსიშვილმა გააკეთა განცხადება გარკვეული ხარვეზების თაობაზე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება იმხელა თანხა, რომ ბიუჯეტმა მისი დაფინანსება, თუნდაც, გაწერილი, რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოახერხოს. უნდა ვიანგარიშოთ, რომ ეს იქნება სადღაც 800 ათასი ჰექტრის ოდენობით მიწა. ამ დროს გლეხი უამრავ ხარჯს აწყდება, საჯარო რეესტრში გადასახადი 51 ლარს შეადგენს, ამას ემატება აზომვითი გადასახადიც, გლეხი უნდა წავიდეს, ამზომი წაიყვანოს, რაც მარტო ერთი ჰექტრისთვის 300 ლარი ჯდება. თუ ეს დამღუპველი კანონი მიიღეს, გამოდის, ერთი წლის განმავლობაში მიწის მეპატრონე, თუკი ვერ დაუსაბუთებს სახელმწიფოს, რომ ეს მისი მიწა იყო, მაშინ მიწა ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდეგ სახელმწიფო გაიტანს ამას აუქციონზე. თუ გლეხმა 1994 წელს შევარდნაძის დროს მიღებული მიწა გაჭირვების გამო დღემდე ვერ დაარეგისტრირა, მაშინ ეს კანონი რომ შევა მოქმედებაში, მის დარეგისტრირებას ამის მერე შეძლებს?
თუკი ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, მოუხნავი, დაუთესავი მიწები არ უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოაქვს უცხოეთიდან - ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რაც ნონსენსია. პირიქით, საქართველოს უნდა გაჰქონდეს პროდუქცია და ჩვენ ადგილობრივი პროდუქციით უნდა ვიკვებებოდეთ“, - აღნიშნა პაატა ჯიბლაძემ.
ამასთან, იგი გამოეხმაურა ნაციონალების მხრიდან წამოწყებულ აჟიოტაჟს ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, თუ ნაციონალებს სიკეთის გაკეთება უნდოდათ, მაშინ ხელისუფლებაში ყოფნისას დაეკანონებინათ გლეხებისთვის მიწები. ამიტომ ნაციონალებს ამაზე ხმა არ აქვთ ამოსაღები.