ანგლო-საქსური სამყაროს ინტერესის გამოსაწვევად (მიუხედავად გავრცელებული აზრისა) მხოლოდ დემოკრატია საკმარისი არ არის. მათ უფრო მეტად მატერიალური, ხელშესახები რამ სჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანასთან ნამდვილად ღირს „საქმის დაჭერა“.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ამერიკისთვის ბოლო დრომდე საერთოდ არ არსებობდა. იგი რუსეთის პროვინციად აღიქმებოდა. ამგვარი აღქმა არ შეცვლილა 1994-95 წლამდე. მაგრამ როგორც კი კავკასიასთან (მათ შორის, საქართველოსთან) მიმართებაში გაიჟღერა ჯადოსნურმა სიტყვამ „ნავთობი“, ამერიკელები მიხვდნენ, რომ შეიძლება აქაც მიაგნონ „პოსტინდუსტრიული საზოგადოების სისხლს“ და მათი ინტერესი უმალ გაიზარდა.
იმას რა სჯობია, თუკი „ნავთობს“ „დემოკრატიაც“ დაემატება და ესა თუ ის ქვეყანა „მსოფლიო სტანდარტებში ჩაჯდება“. დემოკრატიული სახელმწიფო ხომ გაცილებით ადვილი სამართავია კაპიტოლიუმის ბორცვიდან, ვიდრე ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული.
თუმცა, საეჭვოა, აზერბაიჯანის „ავტორიტარულობამ“ ამ ქვეყანასთან ამერიკის ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ხელი შეუშალოს. ისევე, როგორც ჩინეთის „დიქტატორულობას“ თავის დროზე ხელი არ შეუშლია ამერიკელი ბიზნესმენებისათვის, ამ ქვეყანაში ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება მოეხდინათ.
სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების ვიზიტი საქართველოში. მათი დაინტერესება, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია კასპიის უმდიდრესი საბადოებით, რომლებიც XXI საუკუნეში ისეთივე როლს შეასრულებენ, როგორიც XX საუკუნეში სპარსეთის ყურემ შეასრულა. ამიტომ დაიძრა საქართველოსაკენ ამერიკელ კანონმდებელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი „რაზმი“. თანაც საინტერესოა, რომ კონგრესმენები და სენატორები (პარტიული კუთვნილების მიხედვით) ერთმანეთისაგან იზოლირებულად მოქმედებენ - ჩამოდიან ცალ-ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად, ერთმანეთს არც ხვდებიან, ატარებენ ლამის „გასაიდუმლოებულ“ მოლაპარაკებებს და ა.შ.
ბუნებრივია, ეს საქართველოსთან არ არის დაკავშირებული. მათ საკუთარი „ანგარიშები“ აქვთ და არასდროს ივიწყებენ ამის შესახებ თუნდაც „ქვეყნის დასალიერში მოგზაურობისას“. მაგრამ მათი საქართველოსადმი ინტერესი მაინც „საერთოა“ და არ არის განპირობებული შიდაპოლიტიკური ბრძოლით.
ნავთობი „დემოკრატებს“ არანაკლებ აინტერესებთ, ვიდრე „რესპუბლიკელებს“ და მზად არიან, „შავი ოქროსთვის“ მნიშვნელოვანი თანხებიც გაიღონ. საყურადღებოა თვით დელეგაციათა შემადგენლობაც: საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ როგორც სენატის, ასევე კონგრესის „ასიგნებათა კომიტეტის“ ხელმძღვანელები - მიჩ მაკკონელი და სონი კალაჰანი. ამ ორი ადამიანის ნება-სურვილზე, შეხედულებაზე და ზოგჯერ გუნება-განწყობაზეცაა დამოკიდებული მთელ მსოფლიოში ასეულობით მილიარდი დოლარის დახმარების განაწილება.
საქართველოში მათი ჩამოსვლა კი უეჭველად ნიშნავს, რომ ამერიკელი კანონმდებლები მზად არიან ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდების საკითხი განიხილონ. ამ თვალსაზრისით კონგრესი შეუდარებლად მეტის შემძლეა, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც კანონმდებელთა თანხმობის გარეშე ერთ დოლარსაც ვერ დახარჯავს.
ამერიკელთათვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნებოდა იმის გაგება, რომ გარდა „სატრანზიტო ფუნქციისა“, საქართველო სახელმწიფოებრივი წყობითაც საინტერესოა მათთვის და ამ მხრივ ძალზე „ჩამოჰგავს“ ამერიკას. პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საქართველო ერთადერთია, რომელმაც ხელისუფლებათა გამიჯვნა-განაწილების „ამერიკული მოდელი“ აირჩია.
ყველა ამ ფაქტორის ერთიანობამ კი, ისტორიულად სულ მალე, რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება იმ ვითარებამდეც მიგვიყვანოს, როდესაც საქართველოსკენ, ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ნაცვლად, ამერიკული ავიამზიდები დაიძვრებიან. და თუ ისინი შავი ზღვით შემოვლენ კავკასიის რეგიონში, - აქ რუსეთის აღსასრულიც დადგება.