ქართველი მწერალი, რომელსაც იგორ გიორგაძე და „ზვიადისტები“ დახვრეტას უპირებდნენ

ქართველი მწერალი, რომელსაც იგორ გიორგაძე და „ზვიადისტები“ დახვრეტას უპირებდნენ

როგორ გახდა ზურაბ ოდილავაძის რომანები მეინსტრიმი ანუ გზაკაიფიდანშემოქმედებამდე

...არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს დღევანდელი რესპოდენტი ზომაზე მეტად გულწრფელია - თავის წარსულს არ მალავს. პროტესტანტიცაა. ყოველ შემთხვევაში, კერპებსა და ჯოგიზმს ებრძვის. მისი, როგორც პიროვნებისა და მწერლის ხიბლიც, ჩემი აზრით, სწორედ ესაა... პროფესიით ექიმია, წერა კი არცთუ დიდი ხნის წინ, 2006 წელს დაიწყო და... თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ერთგვარ მეინსტრიმადაც იქცა... ,,იმპერიის ორუსლობა'' - ასე ჰქვია პირველ წიგნს, რომელიც 2013 წელს გამოიცა. 2014-ში კი ,,ნიუბაბილონელი მეთოჯინეები'' გამოვიდა, რომელიც ქართულ ეკლესიაზე მოგვითხრობს, რომანი ,,ორპირი-თბილისი-სტოკჰოლმი'' კი - მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე. პარალელურად, პუბლიცისტური წერილების ორი კრებული გამოსცა. ახლახან კი მწერლის კიდევ ერთი რომანი - ,,წერილები საყვარელ გოგოს ფსიქიატრიულიდან'' - გამოვიდა, რომლის ფაბულაც ასეთია: ფსიქიატრიული საქართველოა, გიჟები კი ჩვენ, ყველანი ვართ. რომანი 9 წერილისგან შედგება. მამაკაცი იმ გოგოს, რომელსაც მისი ესმის, უთანაგრძნობს და რომელსაც შეიძლება, მისი ,,ოცნების გოგოვუწოდოთ, წერილებს წერს. სწორედ წერილებითაა აღწერილი მთავარი გმირის ცხოვრებისეული გზა წარსულიდან აწმყომდე. მისი სახელიც დროის მიხედვით ტრანსფორმირდება: ადრე დავითი (დათო) ერქვა, დღეს მიშელი ჰქვია. რატომ მიშელი? - ვეკითხები რესპოდენტს. მპასუხობს: ,,მიშელ ფუკო მე-20 საუკუნის გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსია, რომელიც ცნობილი ფსიქიატრიის, ციხისა და ხელისუფლების სისტემებზე თავისი კრიტიკული ნაშრომებით გახდა. ის საქართველოში გადმოვასახლე. მოკლედ, თუ ყოველივეს განვაზოგადებთ, რომანში აღწერილია გზა თავისუფლებისკენ...'' 
მაშ, ასე: ,,ვერსია'' 61 წლის მწერალ ზურაბ ოდილავაძეს წარმოგიდგენთ, რომლის ბიოგრაფიაც, როგორც თვითონ ამბობს, ასი ადამიანის ცხოვრებას ეყოფა...
- ბატონო ზურა, როგორც ვიცით, ყველაფერზე ღიად ლაპარაკობთ. ჰოდა, მოდით, დღესაც გულწრფელები ვიყოთ... ვინაიდან ჯერ კანონის სახე არ აქვს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ვერ დაგვაჯარიმებენ, ამიტომ გკითხავთ: ჩემსავით ფიქრობთ, რომ დღეს მორწმუნეობა, უფრო სწორად, ეკლესიაში სიარული ერთგვარი ინდულგენციაა ანუ, თუ ცუდს ჩაიდენ და მერე ილოცებ, მიგეტევება? 
- ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ - ეს ჯოგიზმი და კოლექტივიზმია, რაც წინსვლის საშუალებას სწორედ არ გვაძლევს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხი, ასე ვთქვათ, სულიერი საკვების გარეშე დარჩა და ყველანი სულიერ ნავსაყუდელს ვეძებდით. 
- დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ,,სულიერი საკვები'' მარქსიზმ-ლენინიზმი იყო? 
- დიახ, კომუნისტური იდეოლოგია... 
- იმედია, არ ჩამქოლავენ, თუ ვიტყვი, რომ კომუნიზმი რაღაცნაირად ათ მცნებას ეფუძნებოდა... 
- რა თქმა უნდა და იმ ფორმალურ რწმენაშიც ადვილად ამიტომ შევედით. მოკლედ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად, ყველა ეკლესიას მიაწყდა. მაშინ ეს მოდური კი არა, უფრო ინსტინქტური იყო - ადამიანებს უნდოდათ, მოეყოლათ, რა უჭირდათ, გასაჭირის მეტი კი რა იყო. ამასობაში, ეკლესიაში საეჭვო რეპუტაციისა და განათლების უამრავი ხალხი მივიდა და იქ, როგორც ხდება ხოლმე, სამსახური, შემოსავლის წყარო იშოვა. ამ ხალხმა რკინა-ბეტონის უამრავი აკლდამა ააშენა და კომუნისტური, გნებავთ, რუსული იდეოლოგიის რელიგიით ჩანაცვლებას შეუდგა. შედეგად ის მივიღეთ, რომ სარწმუნოებამ არათუ ჩაანაცვლა, არამედ თავად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად! 
- ყველაფერ ამას როდის მიხვდით, როცა მონასტერში წახვედით, მაშინ ასე ხომ არ ფიქრობდით? 
- არა, რა თქმა უნდა... სამი წელი სასიკვდილო დიაგნოზით ვიწექი და მეგონა, ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, რაღაც წესიერების კუნძული ვიპოვე. 
- ეს ,,სასიკვდილო დიაგნოზი'' სიმსივნე იყო? 
- არა, ყველაფერი ,,სპიდისა'' და კიბოს გარდა... ვახტანგ ბოჭორიშვილი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ექიმი გახლდათ და არ შეცდებოდა... ვახტანგმა დედაჩემს უთხრა, ერთ კვირაში თუ არა, ერთ თვეში მოკვდება და საავადმყოფოში რაღას ვაწვალოთ, შინ წაიყვანე და იქ მოკვდესო... 
- პროფესიონალი ექიმით ხართ, ნუთუ ვერ ხვდებოდით, რომ სიკვდილის პირას იყავით? 
- ვიცით, რომ სიგარეტი ცუდია, მაგრამ მაინც ვეწევით... ისე, სიგარეტი ყველაზე სუსტი ნარკოტიკია... 
- თქვენ კი ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებელი იყავით, არა? 
- რა თქმა უნდა... 
- როცა ,,წამალი'' პირველად გასინჯეთ, განა არ იცოდით, რომ ეს იყო გზა სიკვდილისკენ? 
- პირველად ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევ... მე-9-10 კლასში ხარ, ქუჩაში გადიხარ და სხვა თუ არაფერი, გოგოსთან თავის გამოჩენა გინდა. ცდილობ, უფროსებს, ვინც ავტორიტეტებად მიგაჩნია, მიბაძო. ჭავჭავაძეზე, ჩაის სახლთან ვცხოვრობდი. მეწაღის ,,ბუტკასთან'' ჩვენი უბნის ,,მთავარი ბიჭები'' იდგნენ ხოლმე, ჯინსებში გამოწყობილნი და რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, ასეთი როდის გავხდები-მეთქი... 
- ესე იგი, ნარკოტიკი პირველად მე-10 კლასში გასინჯეთ? 
- არა, პირველ კურსზე... თან, გეტყვით, ამას რა დაერთო: 60- იანი წლებია, რკინის ფარდა და მისი ავლით რაღაც ინფორმაცია მაინც შემოედინება... იგივე ჯინსები, გრძელი თმა, როკმუსიკა თუ ,,ხიპები'' უფრო პროგრესულად ითვლება და რომანტიკულ ელფერს იძენს. რაღაც პროტესტიცაა, გესმით? თან ეს საშინელი უარყოფითი გამოცდილება ჯერ დაგროვილი არ იყო... 
- გაგანია კომუნისტების დროს, როცა სექსიც კი არ ,,არსებობდა'', ნარკოტიკს სად და როგორ შოულობდით? 
- თავიდან ადვილია, მერე, როცა სუნთქვასავით აუცილებელი ხდება, შოვნა პროფესიად იქცევა და... მთელ საბჭოთა კავშირს მოდებულები ვიყავით... 
- პირველი ,,კაიფი'' გახსოვთ? 
- მახსოვს... ეს ისტორიები ტიპურია და ერთმანეთს ჰგავს... ბეროუზის ,,ჯანქი'' რომ წავიკითხე, გავოცდი: დეტალები ემთხვევა, ერთადერთი, ისიც ფორმალური განსხვავება, რაც აღმოვაჩინე, ისაა, რომ აშშ-ში ,,ბარიგობა'' შეიძლება, აქ არა... მოკლედ, ეზოში უფროს ბიჭს, შედარებით ავტორიტეტს აძლევ მინიმალურ თანხას და ერთ-ორ საათში ,,წამალს'' გაძლევს. 
- ეზოს უფროს ბიჭს პირველად რა თანხა გადაუხადეთ? 
- 5 მანეთი... რომ გასინჯავ, სიმართლე გითხრათ, ორი შესაძლებლობა არსებობს: ერთი, მაგრად გაგიმართლოს - ცუდად გახდე და მაშინვე გაჩერდე. მეორე, რაღაც შეიგრძნო და მიხვდე, რომ დიდი ხნით ძალიან ცუდ მოსახვევში შეუხვიე. 
- თქვენ არ გაგიმართლათ, არა? 
- არა, არ გამიმართლა... 
- ამ დროს, ვთქვათ, შეყვარებული თუ გყავდათ? 
- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მესამე კლასში მიყვარდა... 
- სხვათა შორის, კომუნისტების დროს არსებობდა მოსაზრება, რომ ნარკოტიკისკენ მიდრეკილება თითქოს უფრო .. ელიტური ოჯახისშვილებს ჰქონდათ... 
- ბევრი განათლებული და ნაკითხი ხალხი შეეწირა. ვერ დავიჩემებ, შეიძლება, ისინი უფრო ჩანდნენ, რადგან მაშინ საზოგადოება მეტად დაყოფილი იყო. მაგალითად, ათმა წელმა ისე გაიარა, ვერა-ვაკეს იქით არც გავსულვარ. თუ პოსტფაქტუმ დავუკვირდები, ეს ხალხი, ალბათ, უფრო ადვილად მოწყვლადია, რადგან ცხოვრების რეზისტენტულობა ნაკლები აქვს და ნარკოტიკი მეტ შვებას აძლევს... 
- ბატონო ზურა, წამალდამოკიდებულების პარალელურად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდით - ექიმად მუშაობდით. ამას როგორ ახერხებდით? 
- სამედიცინო, პრაქტიკულად, ხუთებზე დავამთავრე... 
- უცნაურია: თან ,,კაიფობდით'' და თან ფრიადოსანი იყავით... 
- მაშინ ძალა ჯერ კიდევ იყო... გამოცდები რომ მოდიოდა, ბიჭები ერთად ვსხდებოდით და თავგამოდებით ვმეცადინეობდით. ამ 5-6 წელმა მხოლოდ სწავლაში გაიარა... 
- მშობლები ვერაფერს გატყობდნენ? 
- გამოცდილება არ იყო, თან მარტო ვცხოვრობდი - მამაჩემი სამხედრო ექიმი იყო და სტალინ-ხრუშჩოვის დროს ქართული დივიზია დაშალეს და კამჩატკაზე გაუშვეს, სადაც ჩემმა მშობლებმა ექვსი წელი გაატარეს. რომ დაბრუნდნენ, თბილისში ადგილი არ დახვდათ და რაიონში წავიდნენ, თან მაშინ ეს ერთგვარი მეინსტრიმი იყო - რაიონში ფულიც იშოვებოდა, სახელიც იყო და პრაქტიკაც. ასე დარჩნენ დედაჩემი და მამაჩემი სამტრედიაში... სხვათა შორის, ლაპარაკი რუსულად დავიწყე, საქართველოში რომ დავბრუნდით, ქართული, პრაქტიკულად, არ ვიცოდი... დედაჩემის და თბილისში ცხოვრობდა და სამტრედიიდან მასთან გამომიშვეს... 
- ,,წამლისკენ'' მშობლების გარეშე ცხოვრებამაც ხომ არ გიბიძგათ? 
- არა. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია, ყველაზე ნაკლებად ეს მხარე დავადანაშაულო, უფრო ის განსხვავებულობა გიტაცებს, რომელსაც შეიძლება, პროტესტანტობა დავარქვათ. ქვეცნობიერად, ორი გზა არსებობდა. ერთი ის იყო, სადაც ერთი შეხედვით, თავისუფალი ხალხი არსებობდა, რომელიც კონიუნქტურასა და კანონს არ ექვემდებარებოდა. ამ ადამიანების მილიციასაც ეშინოდა, ყველაზე კარგად ეცვათ, ყველაზე კარგი გოგოები მათთან იყვნენ და ა.შ. მეორე გზა კი კომკავშირელები იყვნენ, დაშტამპულები, 12 საათზე ღონისძიება მაქვსო. მოკლედ, რაიკომის მდივნებისა და ჰალსტუხიანი ხალხის საპირწონე ვითომ რომანტიკული იდეოლოგია იყო, პლუს, დასავლური იდეოლოგიც აქეთ იყო, თავისი ფართე შარვლითა და გრძელი თმით. 
- გრძელ თმას ატარებდით? 
- დიახ და ოჯახში მთავარი წინააღმდეგობაც ამაზე არსებობდა, რომ მაგალითად, შარვლის ტოტი 28-სანტიმეტრიანი უნდა ყოფილიყო თუ 25. თმის მოჭრაზეც ომები მაქვს გადატანილი... 
- ცხადია, კომკავშირელი არ იქნებოდით... 
- კომკავშირელი ავტომატურად ხდებოდი, თუმცა ერთხელ, სტუდენტობისას, კომკავშირიდან გამრიცხეს, რაც ავტომატურად სამედიცინოდან გარიცხვასაც უდრიდა. ეს ამბავი შინ დავმალე, მაგრამ ვახტანგს გააგებინეს და გადამარჩინა, თორემ ახლა სად ვიქნებოდი, ღმერთმა იცის... ტოტალიტარული იდეოლოგია სამსახურშიც გამჯდარი იყო, თუ ვინმე გამოჩნდებოდა და იტყოდა, ასე არ უნდა იყოსო, ის თეთრი ყვავი, პროტესტანტი და ფარული დევნის ობიექტი ხდებოდა. 
- დღესაც ასეა... 
- ეს მექანიზმი დღეს ცოტა ,,გალაითებულია''... მაშინ ანესთეზია-რეანიმაცია ძალიან მოწინავე იყო, სახელითა და კვალიფიკაციით რესპუბლიკაში ერთი-ორი ექიმი თუ გამიტოლდებოდა... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ იმ ფონზე, რაც გიამბეთ, ეს ცოტა გასაკვირია... მოკლედ, მოსკოვში წავედი... 
- ამ დროს .. რომანტიზაცია უკვე დამთავრებული გქონდათ, მაგრამ ,,წამალს'' თავს ვეღარ ანებებდით? 
- დიახ... მთელი ცხოვრება დანებება-დაწყების ბრძოლაში გადის და თუ რატომ ვერ ანებებ, ამაზე შეგვიძლია, ცალკე ვილაპარაკოთ... 
- მითხარით, რატომ ვერ ანებებდით? ისე, მსმენია, წამალდამოკიდებულებს სექსი არ აინტერესებთო. ასეა? 
- ეს უკვე ძალიან გვიან ხდება - ძირითადი ინსტინქტი ნელდება, რადგან საამისოდ დრო, უბრალოდ, აღარ რჩება... 
- ...ნარკოტიკი რელიგიაა? 
- არა... ახლახან სოციალურ ქსელში დავა მიდიოდა - არჩევანია თუ დაავადებაო. დასაწყისში არჩევანია, მერე კი... შეიძლება, საჭმლის არმიღება ან არსუნთქვა არჩევანი იყოს? მესმის, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ ამ დონის რამე ხდება... 
- წახვედით მოსკოვში, მერე რა მოხდა? 
- იქ საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით თირკმლის, გულის გადანერგვის ოპერაციები კეთდებოდა, ასევე, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის დაყენება და ასე შემდეგ. მოსკოვში 8 წელი ვმუშაობდი... 
- ეს უკვე 80-იანი წლებია? 
- დიახ... 
- ესე იგი, ნარკომანი დოქტორი იყავით! 
- დიახ, დიახ და... ეს უკვე, პრაქტიკულად, ყველამ იცოდა! 
- საზოგადოებისგან პატივისცემას მაინც გრძნობდით? 
- ერთი გზა იყო, რომ ჩემს პროფესიაში სხვებზე ასი თავით მაღლა ვყოფილიყავი და ამით ,,ვქაჩავდი'', მაგრამ დგება მომენტი, როცა ,,წამალი'' და ,,გაქაჩვა'' ერთდროულად არ შეიძლება, პირველი სძლევს და მთავარს ანუ პროფესიას თმობ და იმ მხარეს გადადიხარ... 
- მეუღლემ და შვილებმა ზურგი გაქციეს? 
- დიახ... მარტო დავრჩი. 
- დედა ხომ თქვენს გვერდით იყო? 
- დედამ ტიპური ქართული გზა აირჩია - თავისი ცხოვრება
გვერდზე გადადო და ჩემი ცხოვრებით - დაჭერებითა და არდაჭერებით ცხოვრობდა... 
- აღარ მუშაობდით? ხშირად გიჭერდნენ? 
- რა თქმა უნდა... ხდებოდა, მაგრამ ,,ჩაწყობა'', ფული და ასე შემდეგ... 
- საავადმყოფოში ,,წამლის'' პრობლემა არ გექნებოდათ... 
- რაღაც პერიოდი - არა, მაგრამ ნარკოტიკი უმკაცრეს აღრიცხვაზეა და იმ დოზით, რაც ნარკომანს სჭირდება, საავადმყოფოში რა ნარკოტიკი უნდა იშოვო?! 
- ბატონო ზურა, გარეგნობას ყურადღებას აქცევდით? 
- რაღაც ეტაპამდე აქცევ, მერე, ამასაც თმობ... 
- ეს მომენტი თქვენს ცხოვრებაში როდის დადგა? 
- დისერტაცია რომ დავიცავი და საქართველოში ჩამოვედი... ამასობაში ალკოჰოლის შეპარვაც იწყება და აი, აქ ხდება ე.წ. ,,უპარაშუტო ვარდნა''... 
- ამ დროს თქვენს თავში რა ხდებოდა? 
- საშინელი სინანული - იმას, რისთვისაც ცხოვრობდი, შორდები. არადა, გეგონა, ნარკოტიკი გეხმარებოდა... ნარკოტიკი საშინელი სტიმულატორია - შეგიძლია, კვირები 24-საათიან რეჟიმში იმუშაო და დიდ რაღაცებს მიაღწიო, მაგრამ ბოლოს, დეგრადაციამდე მიდიხარ... 
- დეგრადაციას ფიზიკური ავადმყოფობა მოჰყვება? 
- ჯერ ,,გაალკაშება'' და ,,გაბომჟებაა''... ფსკერამდე დავეშვი... 
- სახლი ამიტომ აღარ გაქვთ? 
- სულ მქონდა განცდა, რომ ცოლსა და შვილებთან დამნაშავე ვიყავი, ამიტომ რაც სჭირდებოდათ, ვცდილობდი, ჩემსა თუ დედაჩემის ხარჯზე, ეს რაღაცით გამომესყიდა - ჩვენი ოჯახის მატერიალური რესურსები სულ მათკენ იყო მიმართული... ამასობაში, სამოქალაქო ომი დაიწყო. მეუბნებოდნენ, სამტრედიაში სახლი ხომ გაქვს, იქ სინათლეაო და... წავედი, მაგრამ ომმა იქაც ჩამომაკითხა და შუაგულ ომში აღმოვჩნდი. 
- რას გულისხმობთ? 
- სამ-ოთხ დღეში ერთხელ სამტრედია ხან ,,მხედრიონის'' ხელში იყო, ხან ,,ზვიადისტების'' და თუ არც ერთ მხარეს არ ხარ, ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის მაგარი ამოვარდნაა. ე.წ. სამთავრობო ჯარიც მეჩხუბებოდა. ,,ზვიადისტებიც'', როგორც კი ლაპარაკს გაიგონებდნენ, ა, ბიჭო, შენ თბილისელი ხარო და... დახვრეტასაც გადავურჩი. 
- დახვრეტას ,,მხედრიონელები'' გიპირებდნენ თუ ,,ზვიადისტები''? 
- (იცინის) რაღაც მთვრალური სიგიჟე ჩავიდინე, დამაკავეს... სამტრედიის ციხიდან ზვიადს წერილი მივწერე. 
- ამ დროს გამსახურდია პრეზიდენტია? 
- აღარ, გროზნოდან სამეგრელოშია ჩამოსული... სამტრედიასთან ბრძოლები მიდის... მოკლედ, ,,ზვიადისტები'' შემოვიდნენ და ვითომ ზვიადთან დაახლოებული პირი ვიყავი, მეგობარს გავყევი. 
- არადა, ზვიადს არ იცნობდით, არა? 
- ეზოდან ვიცნობდი - აკაკი გაწერელიასთან კონსტანტინეც მოდიოდა ხოლმე. მოკლედ, ომია, მეგობარმა მთხოვა, მილიციაში ჩემი მანქანაა და გამომაყვანინეო. წავყევი. არ შემიშვეს, ნასვამი ვიყავი, ვიღაცამ ავტომატი მომიშვირა და... კონფლიქტი მოხდა, რაღაც საშინელება ჩავიდინე და დამაპატიმრეს. 
- ამ დროს წამალდამოკიდებული აღარ იყავით? 
- ყველაფერდამოკიდებული ვიყავი... 
მოკლედ, კამერაში ვზივარ... ერთხელ, დილაა. გარედან ხმას მესმის. ერთი სამტრედიელი მილიციელი იყო, ,,ნუ პაგადის'' ეძახდნენ, რადგან სახიფათო დავალებებზე უშვებდნენ - ომის დროს გაიხარა, ავტომატი მისცეს. ამ ,,ნუ პაგადის'' ვიღაც ტიპი მოჰყვება, ტყავის ,,კურტკა'' აცვია, თავი ნაპოლეონი ჰგონია... მერე გავიგე, ლოთი ქობალია ყოფილა... სიგარეტს ეწეოდა. კლეტკასთან მივვარდი და დავუძახე, აუ, ძმა, სიგარეტი მომაწევინე-მეთქი. მეუბნება, თბილისელი იქნები შენ, ტო, გიყვარს ხო, ,,მალბოროო''. უკან დახევა არ გამოდიოდა და, კი, მიყვარს-მეთქი. რო არ მოგცე, რას იზამო. აი-მეთქი და, როგორც არის, ხომ იცით, ლაპარაკს შევყევით, ქობალიამ ,,მაუზერი'' ამოიღო და ჰაერში ისროლა, შემაშინასავით. მოკლედ, ზვიადს წერილი მივწერე, ექიმი ვარ, გამოგადგები-მეთქი, გიჟური რაღაცები დავწერე, ფილოსოფიური გადახვევებით და წერილი ,,ნუ პაგადის'' მივეცი. 
- ეს ბარათი ზვიადთან მოხვდა? 
- გეტყვით, ვისთანაც მოხვდა - ზუსტად ერთ დღეში ხელისუფლება შეიცვალა და ,,ნუ პაგადიმ'' წერილი ახალ ხელისუფლებას გადასცა. ამის მერე, ორი კვირა გენერალ იგორ გიორგაძესთან ვიყავი, რომელიც ზვიადს მისდევდა. 
- ანუ ერთი კვირა ,,ზვიადისტების'' ტყვეობაში იყავით, ორი კვირა კი - გიორგაძის? 
- იცით, როგორ იყო? - სამთავრობო ჯარებმა გამომიშვეს, სახლში გმირივით ვიწექი, ვიღაცები მოდიოდნენ, რაღაცებს მეკითხებოდნენ და მეც ვყვებოდი. ერთ მშვენიერ დღეს, 6 ,,ავტომატჩიკი'' შემოვარდა და წამიყვანა. 
- მაშასადამე, ახლა უკვე ისე დაგიჭირეს, როგორც ,,ზვიადისტი'', არა? 
- დიახ. ამ უტვინო გიორგაძეს უფიქრია, შანსი არაა, ეს დაშიფრული წერილიაო... მახსოვს, მეუბნებოდა, ზუგდიდში საემიგრაციოდ ემზადებოდი და ზვიადის აგენტი ხარო. ისე ცუდად ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი. ვატყობდი, ამ აბსურდს ვეღარ ვუძლებდი - თურმე, ჩემს სახლში ჩხრეკა ჩაუტარებიათ. იდიოტები იყვნენ, აბა, სხვა რა ვთქვა? - ზემო სართულზე არაფერი გვქონდა, გიორგაძე როლში ისე იყო შესული, ამას ,,კამუფლაჟად'' თვლიდა, თან წერილში რაღაც ინტიმური დეტალები ეწერა, გახსოვთ, ეზოში რომ შევხვდით და ასე შემდეგ-მეთქი. მოკლედ, მთხოვდა, შენ ყველაზე დაახლოებული ხარ და მითხარი, ზვიადი სადააო. ერთხელაც, დილის ხუთი საათი იქნებოდა, ვუთხარი, დასალევი მომიტანე და ყველაფერს გეტყვი-მეთქი. გიორგაძეს გაუხარდა და ასე მოვილაპარაკეთ, ერთ საათში დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთო... 
ფართე მაგიდასთან ვსხედვართ. წინ ერთი ლიტრი სამედიცინო სპირტი უდგას და ცოტა ისე მიყურებს, თან მახსენებს, რომ ექიმი ვარ და საშინლად მეფერება. სპირტი ჭიქაში ჩამოასხა და მაწვდის, მაგრამ მივხვდი, ეს ერთი და ბოლო ჭიქა იქნებოდა - მეტი არ მერგებოდა. უცებ, ბოთლს ვწვდი და მთლიანად ამოვიპირქვავე. მიხვდა, რომ ,,ჭამა''... როგორც კი სპირტმა იმოქმედა, რა საემიგრაციოდ ვემზადები-მეთქი და ერთი ამბავი ავტეხე. 
- შეაგინეთ? 
- დიახ, ამხელა კაცი რამ გამოგა...ვა, კაგებე-ს გენერალი ხარ, ზუგდიდში საემიგრაციოდ რა მინდა, შენ ხომ არ უბერავ-მეთქი... ისევ მცემეს... 
- ასე და ამგვარად, ამ შარში ნარკოტიკის გამო აღმოჩნდით, არა? 
- ასე, ყველაფრის დასაწყისი ისაა, რომ დავიბადე... 
- ...ბედისწერის გჯერათ, ზურა ბატონო? 
- როცა ადამიანი ასაკშია... 
- 61 წლის ხართ და ვერ ვიტყვით, რომ ასაკში ხართ... 
- ყოველ შემთხვევაში, იმდენი მაქვს ნანახი, რომ ას ცხოვრებას ეყოფა... ადამიანი სულ ფიქრობს, აი, ხვალ ამას გავაკეთებო, მაგრამ ასი ვარიანტიდან ცხოვრება ასმეერთეს კი არა, 269-ეს გთავაზობს, რომელსაც ვერაფრით გათვლი. აქედან დასკვნა: გათვლას აზრი არ აქვს და ყოველდღიურობით უნდა იცხოვრო, თან პოსტფაქტუმ ხვდები, რომ ის, რაც მოხდა, შენთვის ყველაზე საჭირო, კარგი და აუცილებელი იყო. 
- რას ხვდებით, რა იყო თქვენთვის აუცილებელი? 
- ამ გაჭირვებით რომ მევლო, რათა მერე ავმდგარიყავი! 
- სიკვდილის შიში, უფრო სწორად, სიკვდილის მოლოდინი როგორ გადალახეთ? 
- თუ დიდი გადმოსახედიდან მივუდგებით, თავისუფლება ამ შიშის დათრგუნვაა! 
- სიკვდილი თავისუფლებაა? 
- თავისუფლება სიკვდილთან მაქსიმალური მიახლოვებაა, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. როცა მომაკვდავი წევხარ და ყველა აღიარებს, რომ უნდა მოკვდე, ზუსტად ხვდები, რომ ის მაგარი ქალი, რომლისთვისაც გეგონა, ყველაფერს დაანგრევდი ან ტანსაცმელი, არაფერს ნიშნავს... ფსიქოლოგიურადაც იქით მხარეს გადავსახლდი. არ ვიცი, ამის გამო იყო თუ არა, მაგრამ სიზმრებიც აბსოლუტურად განსხვავებული მქონდა. 
- გვირაბი გესიზმრებოდათ? 
- არა, მაგრამ ყველა სიზმარს რაღაცას ვუკავშირებდი... ამას გინდ სიზმარი დაარქვით, გინდ ხილვა: ერთი გარდაცვლილი ბიჭი დამესიზმრა, რომელიც არაფრით უნდა დამსიზმრებოდა: უკან მივდევდი და მითხრა, არაო. დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, ლოგინში წოლის სამწლიანი პერიოდი დამთავრდა და... ცხოვრება გრძელდება. ლოგინიდან, როგორც იქნა, წამოვლასლასდი, მამაჩემის სამხედრო ქურთუკი მოვიხურე... თოვდა... მეზობლის ბავშვმა სამტრედიის ეკლესიაში წამიყვანა... 
- ესე იგი, მთავარია, ადამიანს რაღაცის რწმენა ჰქონდეს, არა? 
- თავიდან ეკლესიაში ყველა დიდი გასაჭირის გამო მიდის... 
- მაგრამ, ეკლესიაში, როგორც ვხვდები, სხვა რამ დაგხვდათ... 
- ასეც უნდა ყოფილიყო... როგორიც ერი, ისეთი ბერიო - ეს ყველაზე მაღალი ჭეშმარიტებაა ანუ ყველანი ერთნაირები ვართ... 
- ბატონო ზურაბ, არაეთიკური კითხვა უნდა დაგისვათ: დღეს ჯანმრთელი ხართ? 
- ნორმალურად ვფუნქციონირებ - 2000 წლიდან ლუდიც არ დამილევია. ერთადერთი, რითიც ჩემს თავს ვვნებ, სიგარეტია... 
- დღეს რამის გჯერათ და გწამთ? 
- ეკლესიამ ძალიან ბევრი მომცა... უხილავზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ყველა ასოციალური ადამიანის პრობლემა სოციალიზაციაა. ეკლესია კი ამის საშუალებას იძლევა: უცებ მნიშვნელოვანი ხდები. 
- მნიშვნელოვანი სოციუმისთვის თუ საკუთარი თავისთვის? 
- ორივესთვის. ადამიანის წარმატების ორი მთავარი გზა არსებობს: იყო მნიშვნელოვანი და სექსუალური ლტოლვა ანუ ყურადღება საწინააღმდეგო სქესისგან. სტიმული გეძლევა... მედავითნე გავხდი და ერთ წელიწადში, მრევლში თითითსაჩვენებელი ვიყავი. სახარებისეული სავლეს პავლედ გადაქცევის ამბავიც დიდ როლს ასრულებს - როცა მკვეთრად უარყოფითიდან მკვეთრად დადებითში გადადიხარ, მრევლის თვალშიც იზრდები. ერთ-ერთი სტიგმა, მაგალითად, პოლიციაა და იქ, ეკლესიაში, შენს გვერდით პოლიციის უფროსი ან გამომძიებელი დგას და რაღაცას აქეთ გეკითხება და... თანდათან საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდები. 
- წერაც იმიტომ ხომ არ დაიწყეთ, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა დაგემტკიცებინათ? 
- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე ბევრჯერ მიფიქრია... მინდოდა, ეს ამბავი მომეყოლა... 
ჩემს ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის კი არაა, თუ როგორ ,,ვკაიფობდი'', არამედ სწორედ ის, როგორ მოვახერხე და 30-წლიანი სტაჟის შემდეგ ყველაფერს, ერთხელ და სამუდამოდ, თავი დავანებე. 
ჰო, რატომ არ ვიწყებ თავიდან? - ამის ერთი შანსიც არ არსებობს, გამორიცხულია! ვეცდები ავხსნა. მთავარი მოტივაცია ასეთია: იცით, ამ ახალ სახეს, ამგვარი ცხოვრების წესს ისე შევეჩვიე, რომ ჩემი გახდა. წარმოიდგინეთ, ყველასთვის – გატანჯული დედებისთვის, მეუღლეებისთვის, დებისთვის, დამფრთხალი შვილებისთვის მე, პრაქტიკულად, ერთადერთი იმედი, მაგალითი ვარ. ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ასე ვუყურებ. სჯერათ, რომ მათი შვილი, ქმარი, ძმა და მამა გამოვა ნარკოტიკის ტყვეობიდან. გინდ სიამაყე უწოდეთ, გინდ სხვა რამ, ეს როლი მომწონს და ამდენ ადამიანს იმედს ვერ დავუკარგავ... მოკლედ, ერთი შანსიც არაა, რომ ეს ჩავიდინო! 
და კიდევ: ნარკოტიკი და არაყი ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსის დასაძლევად სჭირდება. მე, რამდენადაც შესაძლებელია, ვახერხებ, დავიკმაყოფილო სურვილი - ,,ვიყო მნიშვნელოვანი'' და ,,სექსუალური ლტოლვა''. მეტ-ნაკლებად ორივე გამომივიდა. ასე რომ, არც მაქვს მიზეზი, მივიღო ნარკოტიკი. რატომ უნდა დავიწყო თავიდან და დავკარგო ის, რაც ასეთი შრომით და ტანჯვით მოვიპოვე? 5-8 წელი რეანიმაციაში მოგზაურობა, ღვიძლი, სიცხეები, სუნთქვის უკმარისობა, დღეში ერთი მოხარშული კარტოფილი და წოლა, წოლა... სამი წელი გაუნძრევლად! იცით, როცა ამ ჩანაწერებს ვკითხულობ ან წარსულზე ვსაუბრობ, არც კი მჯერა, რომ ყოველივე მე გადამხდა და ერთმა, ჩვეულებრივმა ადამიანმა ამას გავუძელი და გადავიტანე... არა, ის ვიღაც სხვა იყო, სხვა... 
- ზოგი ამბობს, რომ თქვენი ყველა ნაწარმოები ერთმანეთს ჰგავს და ცოტა დამღლელია... 
- ვაღიარებ: ასეც არის, თუმცა ეგ ეტაპი დავამთავრე და ახალი რომანი სრულიად სხვაა. უბრალოდ, ადამიანებს სიმართლე ღლის. არ უნდათ, დაიჯერონ, რომ ის ყოველდღიურობა იყო და არა მარტო - ჩემი. აღმოჩნდა, რომ ნარკომანია და ალკოჰოლიზმი დღესაც, პრაქტიკულად, ბევრი ოჯახის ყოველდღიურობაა... 
- ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, ნარკომანია და თუნდაც ალკოჰოლიზმი ტოტალიტარულ ქვეყნებს უფრო მეტად ემუქრება? 
- თითქმის ყველა კითხვის პასუხზე მისადგომი გზა თეორიულად მაინც ვიცი. ამ კითხვაზე კი უფრო საკუთარი თავის გამამართლებელი პასუხი მაქვს, თუმცა ალბათ, სიღრმისეული მიზეზებიცაა, რაც ძალიან ბუნდოვნად წარმომიდგენია... 
- ...დასავლეთი გრყვნის? 
- არა, რას ლაპარაკობთ! საბჭოეთი მთელი გულით მძულს და იმის არდანახვა, რომ დღევანდელი რუსეთი საბჭოეთის არა მხოლოდ სამართალმემკვიდრე, არამედ იდეური, სულიერი და მენტალური გამგრძელებელია, არ შეიძლება და ეს სიმართლეა! ჩვენში საბჭოეთი ბევრს ენატრება და ამას ,,შპროტითა'' თუ მოსკოვში 37 მანეთად ფრენით ამართლებენ, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სინდისისა და იმ მილიონობით განადგურებული სიცოცხლის გახსენებაა საჭირო, რის საფუძველზეც საბჭოეთი აღმოცენდა. 
- ...,,ოცნება'' რატომ არ მოგწონთ? 
- თავიდანვე განათლებული და არაგანათლებული ადამიანების სეგრეგაცია მქონდა, მით უმეტეს, შეგნებულად გაუნათლებლებზე - გლეხს არაფერს ვერჩი, მაგრამ იდეურად ბნელი რომაა, ეს უკვე იდეოლოგიაა! ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, სამეგობრომ და პოლიტიკურმა სიმპათიამაც განაპირობა... 
...მე და ზურაბ ოდილავაძემ გაკვრით ნიცშეზეც ვისაუბრეთ. ავტორიტეტებს მე რომ ვებრძვი, ბრძოლა ისეთი უნდა. საერთოდ, პროტესტანტიზმის მთავარი არსი სწორედ ავტორიტეტებთან ბრძოლაა, მაგრამ ძალიან თავხედი უნდა იყო, ნიცშე რომ გააკრიტიკოო, - აღნიშნა მწერალმა. მერე, სიტყვამ მოიტანა და, გამახსენდა, ზოგიერთ ქართველ შემოქმედს ნობელიანტობის სურვილი რომ აქვს. ეს სურვილი მეც მაქვსო, - არ დაუმალავს ჩემს თანამოსაუბრეს და საუბარი ავტომატურად ლიტერატურული კონკურსებით გავაგრძელეთ: 
- ერთი-ორი წელი იმ ფუსფუსში ვმონაწილეობდი, რასაც ,,საბები'', ,,წეროები'' და ილიას უნივერსიტეტის პრემიები ჰქვია. პრემია პოპულარიზაციის გზაა, მაგრამ დავინახე, რომ ეს გზა დახურულია ანუ პარნასი ხუთი ადამიანის მიერაა დაკავებული და მსაჯული სამი-ოთხი ,,მწერლის ბუტკაა'' (იგივე ,,მწერლის სახლი''). ,,ცისკარში'' ათგვერდიანი წერილიც გამოვაქვეყნე, რომელსაც ასე ჰქვია: ,,საბა'' - კერძოდ და ელიტარული სექტები - ზოგადად''. ამის მერე ვთქვი, რომ ამ უმსგავსოების ,,გაპრავებაში'' მონაწილეობას აღარ მივიღებ... 
- ბატონო ზურაბ, შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ თქვენი მკითხველთა წრეც ერთგვარი სექტაა... 
- ამაზე მეც მიფიქრია... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლებასთან შეკრული არ ვარ და თუ ეს სექტა არის, იძულებითია ანუ არც მედია, არც ხელისუფლება არ მაპიარებს და რა დონეზეც ვარ გაპიარებული, ჩემი დამსახურებაა. სააკაშვილის დროს ჩემი წიგნები არც გამოუციათ - კი არავინ უკრძალავდა, მაგრამ თავისთავად, ისე მოხდა, რომ 2006 წელს დაწერილი ,,ბაბილონელი მეთოჯინეები'' და ,,იმპერიის ორსულობა'' ამ მთავრობის დროს გამოიცა. 
- მოძრაობა ,,ივერიასთან'' ხართ დაახლოებული. თქვენს გაპიარებას ,,ივერია'' რატომ არ ცდილობს? 
- ადამიანურ დონეზე ცდილობს... ტელევიზიები მის ხელში არაა და როგორ უნდა გამაპიაროს? მაგალითად, ნიკა რურუას შეუძლია, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე თქვას, რომ მის ლიტერატურულ გემოვნებას აკმაყოფილებს... 
ჩემთვისაც კითხვაა: მეც ისე ხომ არ ვიქცევი, ვისაც ვაკრიტიკებ? არც პრემია მაქვს, არც - სამსახური, არავინ გამომცემს. მაგალითად, ერთი წელი, ჩემი წიგნები მაღაზიაში არ შეიტანეს. რატომ? - ამაზე პასუხი მკითხველმა გასცეს. გარდა ამისა, გირეკავს გამომცემელი, გეუბნება, მოდი, შენი წიგნი გამოვცეთო და მერე საერთოდ ქრება. ასეთი მაგალითი ბევრია... 
- ბატონო ზურა, ბოლო კითხვა თქვენ უნდა დამისვათ... 
- ეს იმდენად მოულოდნელია, რომ ძალიან გამიჭირდება, თან იმდენი ხანია, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი, რომ არ ვიცი, რა გკითხოთ... კითხვა არა, მაგრამ ძმურად გეტყვით, ყველაზე მეტად სექტის მომენტი მეწყინა და, ალბათ, იმიტომ, რომ ნაწილობრივ მართალია!..