“ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქვრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, – ეს განცხადება მარიამ ვალიშვილმა 11 თებერვალს, თბილისში, ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე გააკეთა.
მისივე თქმით, “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ რაც აფხაზეთს სჭირდება და ფიზიკურად შეუძლია წაიღოს ენგური ვარდნილიდან, მას ეს მიაქვს. ეს არის ფაქტი. ზამთარში სჭირდება 100%, ზაფხულში ამდენი არ სჭირდება და ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე. ენგურს ექსპორტი სავალდებულო წესით გააქვს, რომ საოპერაციო ხარჯები დაფაროს და ჩვენმა მოსახლეობამ არ გადაიხადოს ტარიფზე დამატებით აფხაზეთის მოხმარება. რაც უნდა ჩვენთვის მოგვეწოდებინა ენგურიდან და ვერ ვიღებთ, ვყიდულობთ რუსეთისგან და მას აქვს 20-ჯერ მეტი ფასი. პლუს ამას ყველა ის ინვესტიცია, რაც განვახორციელეთ. მესამე კომპონენტი არის თვითონ ელ.ენერგიის ფასი, რომელსაც 1 თეთრად მოიხმარს, მაგრამ არ იხდის”.
100 მილიონი აშშ დოლარი, ვალიშვილის თქმით, არის ის თანხა რაც დღეს ქართულ მხარეს უჯდება ენგურჰესი.
ენგურჰესის” გენერალურ დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.