ორწელიწადნახევრიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველო ირანისთვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს აუქმებს. საქართველო აქედან ეკონომიკურ სარგებელს ელოდება. პირველ რიგში, ეს ვაჭრობასა და ტურიზმში უნდა გამოჩნდეს.
საქართველოს მიერ ცალმხრივად შეჩერებული უვიზო მიმოსვლა ირანისთვის 15 თებერვლიდან განახლდება. უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეფერხდა. საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის განმარტებით, დაწესებულმა შეზღუდვამ ყველაზე მეტად სავაჭრო ბრუნვასა და ინვესტიციებზე მოახდინა გავლენა.
ახლა კი საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების გააქტიურებას ელოდებიან. პალატაში ასევე საქართველოში მსხვილი ირანული საინვესტიციო პროექტების დაწყებას ვარაუდობენ. ექსპერტები სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას ელოდებიან. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ირანისთვის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იყოს საინტერესო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ტურისტული კომპანია „პროთრეველის“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე კი ტურისტული ნაკადის გაზრდა მოელის და პარალელურად, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზეც საუბრობს. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან 70%–ით შემცირდა. უვიზო რეჟიმის შემდეგ საჭირო იქნება დამატებითი სამუშაოს ჩატარება იმისათვის, რომ ირანის მოქალაქეებმა საქართველოზე მიიღონ ინფორმაცია. საჭიროა გარკვეული ტიპის კამპანიების ჩატარებაც, რადგან ვიზიტორები გადაჩვეული არიან საქართველოს მიმართულებას. მეტად მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, რადგან ძალიან მალე, ამ წლის ზაფხულშივე გამოჩნდეს შედეგი.
ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები დალაგება, მარტოოდენ ტურიზმსა და ვაჭრობას არ წაადგება. შესაძლოა, საქართველოსა და ირანს შორის ენერგეტიკული ხიდიც გაიდოს, რომელიც პირველ ეტაპზე ირანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას გულისხმობს, ხოლო შემდეგ, ვინ იცის, ეგებ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელებასაც.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აბას თალები ფარი ამბობს, რომ ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობა როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში. თეირანი ამ ნაბიჯით სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში არ შედის და მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიებას. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშრუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი.
ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით - აზერბაიჯანის, ან სომხეთის გავლით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურა შესწავლის პროცესშია.
ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობების გაღრმავებას ადასტურებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი. ის ამბობს, რომ ამ მოტივით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში, ირანთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჯერ შარშან შედგა, სადაც მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
„იგეგმება მინისტრის ვიზიტი ირანში, რომ ქვეყანა ენერგეტიკულ ვაჭრობაში იყოს ჩართული. ამის ინტერესი აქვს ყველა ქვეყანას იმიტომ, რომ სომხეთს დღეს მიეწოდება ირანული გაზი. სანქციების გაუქმების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაინტერესდება დასავლეთიც ირანული რესურსის მობილიზაციით თავისი ბაზრისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დაინტერესებულნი ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. მეორე საკითხია იმ დეფიციტის შევსება, რომელიც შეიძლება დაგვიდგეს დღის წესრიგში. კონკურენტული ფასის პირობებში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუ ეს წინადადება კომერციულად მისაღები იქნება და ტექნიკური შესაძლებლობები მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული ვაჭრობის პერსპექტივებიც დავხატოთ“, - აცხადებს ვალიშვილი.
ორშაბათიდან ირანთან უვიზო რეჟიმი აღდგება. აქედან მიღებული პირველი ეკონომიკური შედეგი უკვე წლის ბოლოს დაითვლება.