დიდი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

დიდი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

მთავრობამ დიდი საგადასახადო ცვლილება მოამზადა და ზაფხულამდე მის ამოქმედებასაც გეგმავს. ჯერჯერობით ყველა თანხმდება, რომ ახალმა ინიციატივამ ეკონომიკას მკვეთრი ბიძგი უნდა მისცეს, მაგრამ პარქტიკაში როგორ შედეგს მოიტანს ცვლილებები ეს უკვე წლის ბოლოს გამოჩნდება.

საგადასახადო რეფორმა, პირველ რიგში, მოგების გადასახადის რეორგანიზაციას გულისხმობს - კომპანიები გადასახადს მოგების განაწილების შემთხვევაში გადაიხდიან.

„თუკი კომპანიაში მოგება არ განაწილდება, მაშინ ის მოგების გადასახადს არ გადაიხდის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინოს მისი სრული რეინვესტირება, ანუ არ გამოიყენოს ის დივიდენდების გასაცემად, ანდა არ გამოიყენა სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

დაბეგვრის არსებული რეჟიმი არ შეიცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელისთვის. ესენი არიან, მეწარმე ფიზიკური პირები, სადაზღვეო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, აგრეთვე სსიპ-ბი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება. ამასთანავე, მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე და აღარ იქნება ერთწლიანი. ცვლილება ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.

„შესაბამისად, ივლისიდან 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისთვის დეკლარირების დროდ განისაზღვრება 1-ელ ნოემბრამდე პერიოდი“, - აღნიშნა ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, საგადასახადო რეფორმების ფონზე ბიუჯეტის შემოსავლები 400 მილიონი ლარით დაიკლებს, რასაც მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით აანაზღაურებს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ კანონში ცვლილების შემდეგ, საგადასახადო შემოწმების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურს ექნება და ამ პროცესს საგამოძიებო სამსახური, რომელიც ასე აშინებს მეწარმეებს, გამოეთიშება. როგორც ხადურმა აღნიშნა, მთავრობას პარლამენტისთვის რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს ბიზნესის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი ინიციატივაა ისიც, რომ საგადასახადო დავის პერიოდში ბიზნესმენის საბანკო ანგარიშები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდება.

ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებებს რევოლუციურად აფასებს და მიიჩნევს, რომ რეფორმები მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადასახადო და ბიზნესგარემოს მიმზიდველობას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ დანერგვა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა ის უმნიშვნელოვანესი თემებია, რომლებზეც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოყოლებული მუშაობდა და ამ თემას პოპულარიზაციას უწევდა. ამასთან, ასოციაცია ინიცირებული რეფორმების შესაბამისი საკანანონმდებლო აქტების პროექტების განხილვაში და დახვეწაშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგადასახადო გარემოს რადიკალური გაუმჯობესებისაკენ მიმართული ეს რეფორმები საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით იღებს სტარტს, რაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ არაერთი აუცილებელი, საგადასახადო თუ ეკონომიკური რეფორმის განხორციელების იმედს იძლევა. დღეს ინიცირებული რეფორმები მყარი საფუძველი იქნება ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მომავალი განვითარებისა და შეუქცევადი ზრდისათვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლის დანიელ გახარიას განცხადებით, მთავრობის ინიციატივა ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბიზნესისითვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება.

„ეს ინიციატივა აბსოლუტურად სწორია და ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, ეს იქნება მასტიმულირებელი ბიზნესისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდეს ბიზნესი. აღნიშნული ინიციატივა ინვესტორებისთვისაც წამახალისებელი იქნება. ჩვენ ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.

ვიცით, რომ პირველ წლებში, შესაძლოა, იყოს გარკვეული სიძნელეები შემოსავლების ნაწილში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ ამას ხვალინდელი დღის პერსპექტივისთვის. კომპანიებს გარკვეულწილად შესწავლილი გვაქვს ესტონური მოდელი და დადებითად ვუყურებთ ამ ყველაფერს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტი დიდი დივიდენდების მომტანი იქნება“, - განაცხადა დანიელ გახარიამ.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტს მიხეილ ჭელიძეს მიჩანია, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან კარგი ეფექტის მომტანი იქნება. აღნიშნული ცვლილება ინვესტირებასაც ხელს შეუწყობს.

„ისეთი მზარდი ეკონომიკისთვის, როგორიც ჩვენ გვაქვს, მსგავსი ინიციატივა მისწრეებაა, რადგან ინვესტირებას ხელს შეუწყობს. კომპანიებმა რომ ბიზნესში ჩატოვონ ფული და ეს ბიზნესის განვითარებას მოხმარდეს, ამისთვის ბიძგი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მოგება სახლში არ წაიღე, ის არ დაიბეგრება, რაც ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის ძალიან კარგი ეფექტის მომტანი იქნება“, - განაცხადა ჭელიძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს მოდელი საქართველოშიც კარგად იმუშავებს.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებს, მიხეილ ჭელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას დღგ-ს თანხას აღარ გადაიხდის. ეს ცვლილებაც გამოიწვევს იმას, რომ ბიზნესში ფული დარჩება.